„განსაკუთრებული პრობლემა არც მაშინ არსებობდა და არც დღეს არსებობს, ეს ჭიქაში ქარიშხალის მოწყობას ჰგავდა"
გვანცა წულაია
05.10.2023

საქართველოს ეროვნული ბანკის სკანდალი თვალსა და ხელს შუა დასრულდა. საბჭოს ახალი წევრები - ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი სებ-ში მუშაობას უკვე შეუდგნენ. ეკონომისტთა ერთი ნაწილის აზრით, ეს იმას ნიშნავს, რომ ფინანსური სექტორის სტაბილურობას, რომელიც საფრთხის ქვეშ იდგა, პრობლემები აღარ ემუქრება და არც ისაა გამორიცხული, რომ ლარი, რომელიც ცენტრალურ ბანკში მიმდინარე პროცესების კვალდაკვალ გაუფასურდა, გამყარების ახალ გზას დაადგეს.

საქართველოს ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები ამ ეტაპისთვის ჩამცხრალია. შესაბამისად, საფრთხე, რომელიც ფინანსურ ინსტიტუტს ემუქრებოდა, სრულიად გამქრალია და სებ-ი მუშაობას საბჭოს ახალი წევრებით გააგრძელებს.

პარლამენტმა სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილი კანდიდატურები (ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი) სასწრაფო წესით 21 სექტემბერს დაამტკიცა. იქამდე, სანამ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად პრეზიდენტის მიერ წარდგენილ ორ კანდიდატს პარლამენტი მხარს დაუჭერდა, თავად სალომე ზურაბიშვილმა ორივე კანდიდატურის უკან გაწვევა მოისურვა, თუმცა არ გამოუვიდა. მაშინ მმართველი გუნდის წარმომადგენლებისგან ითქვა, რომ კანდიდატურების გაწვევის მსგავსი პროცედურა არ არსებობს.

ახლა, როცა ეროვნული ბანკის მუშაობა კითხვის ნიშნის ქვეშ აღარ დგას, ეკონომისტები ამბობენ, რომ სებ-ში ადგილი ჰქონდა ხელოვნური აჟიოტაჟის შექმნას. ახალგაზრრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ხელძღვანელი გიორგი კაპანაძე შეფასებით, პრობლემა არც მაშინ არსებოდა და არც ახლაა.

„არაფერი განსაკუთრებული პრობლემა არ არსებობდა და დღესაც არ არსებობს. ეს ჭიქაში ქარიშხალის მოწყობას ჰგავდა. რადგან ვიცე-პრეზიდენტები გადადგნენ, პირდაპირ ამბობდნენ, რომ სებ-ის მუშაობას პრობლემა შეექმნებოდა. პრინციპში, გაცხადებული იყო ისედაც, რომ საბჭოში ახალი წვერები უნდა შესულიყვნენ. ისინი კი, ვინც გადადგნენ, ნოემბრამდე მაინც ვერ დატოვებენ პოსტს და ვალდებულები არიან მუშაობა გააგრძელონ. ამასობაში უკვე წარდგენილი იყო კანდიდატები, რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა და ახლა შეუდგნენ მუშაობას. აქედან გამომდინარე, ეს პროცესები იყო სებ-ში აჟიოტაჟის შექმნასთან დაკავშირებული", - განუცხადა „რეზონანსს" კაპანაძემ.

არასახარიბიოლო პროცესების პარალელურად, უფასურდებოდა ლარის კურსი. ამერიკული დოლარი იმ პერიოდში 2.68 ლარი ღირდა, სებ-ში ვითარების დაძაბვამდე კი 2.63-ლარიან ნიშნულზე იყო, ამიტომ ცენტრალურმა ბანკმა სამი სავალუტო ინტერვენცია განახორიციელა.

მიმდინარე ეტაპისთვის ლარის კურსი ისევ მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება. დღეისათვის, ერთი ამერიკული დოლარი 2.6750 ლარი ღირს, თუმცა აჟიოტაჟი საბოლოოდ ჩაცხრა, რა არის გამორიცხული, კურსმა გამყარება დაიწყოს.

ყოველ შემთხვევაში, გიორგი კაპანაძე აცახდებს, რომ გაუფასურების არანაირი საფუძველი აღარ არსებობს.

„რაც შეეხება კურსს, საქართველოში და ზოგადად პატარა და ჩვენსავით განვითარებად ეკონომიკის ქვეყნებში, როგორც წესი, პოლიტიკური პროცესები თუ აჟიოტაჟური მოვლენები, ხშირ შემთხვევაში, გავლენას ახდენს გაცვლით კურსზე. ეროვნული ბანკის მაშინდელმა გადაწყვეტილებებმა გარკვეული გავლენა მოახდინა ლარზე და ამით იყო განპირობებული კურსის გაუფასურება, თუმცა ამ შემთხვევაში ვიცე-პრეზიდენტების გადადგომა არ იყო არაფერ შუაში, არამედ თანამდევი ნეგატიური განცხადებები. ყოველ შემთხვევაში, ეს აურზაურმა აისახა კურსზე, თუმცა 4-5 დღის შემდეგ ვნახეთ, რომ ლარმა გაუფასურება შეწყვიტა და მინი კრიზისი მალევე ამოიფხვრა.

დღეს გაუფასურების ვერანაირ საფუძველს ვერ ვხედავ. 2 კვირის წინ განვითარებული მოვლენები ახლა ვერ მოახდენს გავლენას კურსზე ვერც გაუფასურების მხრივ ან თუნდაც გამაყრების კუთხით", - დასძინა გიორგი კაპანაძემ.

საბანკო სფეროს სპეციალისტთა ერთი ნაწილი აცხადებს, რომ სებ-ში პრობლემები ჯერაც არ დასრულებულა და შესაძლოა, ვითარება უარესობისკენ შეიცვალოს. ასეთი პროგნოზი აქვს მიხეილ თოქმაზიშვილის, რომელიც აცხადებს, რომ განვლილი პროცესები თავისებურ ასახვას ჰპოვებს სებ-ის და კომერციული ბანკების საქმიანობაზე.

„საქმე ისაა, რომ ეროვნულმა ბანკმა იმიჯი შეილახა, რაც მნიშვნელოვნად იმოქმედებს ინვესტორებზე, განსაკუთრებით სავალუტო ფონდის პოზიციაზე, რომ ქვეყანას დაეხმაროს სტაბილიზაციაში. შემდგომ პერიოდში ეს ყოველივე თავისებურ ასახვას ჰპოვებს სებ-ის და კომერციული ბანკების საქმიანობაზე.

პრობლემები გადაჭრილი არ არის, არამედ ახლა იწყება, რაშიც კონკრეტულად ვგულისხმობ კრედიტების მოზიდვას, პარნნიორულ ურთიერთობებს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ბანკებთან, სტაბილიზაციის ხელშეწყობას და ა.შ.", - აღნიშნა თოქმაზიშვილმა „რეზონანსთან" საუბრისას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×