ოთარ შამუგია: „ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ საერთაშორისო სტანდარტების, ევროპული მართვის სისტემების დანერგვის საკითხებზე“
ქეთო გოგოხია
18.10.2023

საქართველო, საპატიო სტუმრის სტატუსით, ევროპაში მეცხოველეობის დარგის ერთ-ერთ ყველაზე დიდ და პრესტიჟულ გამოფენას – Sommet De L’elevage 2023 -ს სტუმრობდა. მასშტაბური ღონისძიება 6 ოქტომბერს გაიმართა და მასში მონაწილეობას იღებდა, როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგნელები, ასევე სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც ღიად აცხადებენ, რომ მათთვის კიდევ ერთი ფანჯარა გაიჭრა ქვეყნის ფარგლებს გარეთ მეტი განვითარებისა და ცოდნის გაზიარებისთვის, რის შედეგსაც დარგი მალე იგრძნობს.

საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ კლერმონ-ფერანში მასშტაბური გამოფენა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ გახსნა.  საქართველო ღონისძიებაზე საპატიო სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული. როგორც ოთარ შამუგიამ კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა,    უმსხვილესი გამოფენა შესაძლებლობას აძლევს ქართველ მწარმოებლებს, გაეცნონ წარმოების საუკეთესო პრაქტიკას, ტექნოლოგიებს, ინოვაციებს, პროდუქტიულობის ზრდის შესაძლებლობებს.

„ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება მნიშვნელოვანი იქნება და სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ ფერმერებს, არამედ მთლიანად ინდუსტრიას, მეცხოველეობის წარმოების ჯაჭვის თითოეულ მონაწილეს, რაც პირდაპირ აისახება ეკონომიკაზე“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მედიასთან საუბრისას კი მინისტრმა ერთხელ კიდევ შეაფასა გლობალურ გამოფენაზე მონაწილეობის მნიშვნელობა და ისაუბრა იმ დივიდენდებზე, რასაც მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობით იღებს აგრარული სექტორი, კერძოდ, მეცხოველეობის მიმართულება, რომელსაც განვითარების უდიდესი პოტენციალი გააჩნია. 

,,საფრანგეთში მეცხოველეობის განვითარების ამ მასშტაბურ გამოფენაზე პირველად მივიღეთ მონაწილეობა, სადაც საპატიო სტუმრის სტატუსით ვიყავით. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის და გამოცდილი ფერმერების, ასოციაციების წარმომადგენლებისა და ყველა იმ ადამიანის აქტივობა, რომლებიც იქ იყვნენ წარმოდგენილნი. შესაძლებლობა მოგვეცა, მიგვეღო  სრული ინფორმაცია თანამედროვე  ტექნოლოგიებსა და  ცოდნაზე, რაც მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ჩვენი ფერმერები უფრო მეტად განვითარდნენ და შემდეგში  უფრო კონკურენტუნარიანები გახდნენ. ჩვენი ფერმერები, ასევე ასოციაციის წარმომადგენლები გაიზიარებენ ევროპულ გამოცდილებას და სამშობლოში მათ დანერგვას და მომავალ განვითარებას შეუწყობენ ხელს", - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

 გამოფენის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ქართულ სტენდზე ფრანგ კოლეგას, საფრანგეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრს მარკ ფენოს უმასპინძლა. გამართულ ღონისძიებებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში გოჩა ჯავახიშვილიც ესწრებოდა.

გარდა ამისა, ოთარ შამუგია საფრანგეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრ მარკ ფენოს შეხვდა. ორი ქვეყნის მინისტრებმა საქართველოსა და საფრანგეთს შორის თანამშრომლობის მიმართულებები და შედეგები განიხილეს.  ოთარ შამუგიამ ფრანგ კოლეგას მადლობა გადაუხადა მოწვევისთვის და აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან პარტნიორობის გაძლიერება დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„მოგეხსენებათ, საქართველოსთვის ისტორიული მომენტი დგას - ქვეყანას მიენიჭა ევროპული პერსპექტივა და მოცემულ ეტაპზე გვაქვს მოლოდინი, რომ მივიღებთ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. საქართველოს მიერ გადაიდგა სათანადო ნაბიჯები იმ პუნქტების შესასრულებლად, რაც უმნიშვნელოვანესია კანდიდატის სტატუსისთვის”, -  განაცხადა მინისტრმა.

თავის მხრივ   მარკ ფენომ განაცხადა, რომ საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და მიესალმება ბოლო წლებში განხორციელებულ პროგრესს.

„ყველა აქტივობა, პროგრამა და ღონისძიება, რომელსაც ვგეგმავთ და ვახორციელებთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ერთი მხრივ, მიმართულია აგრარულ დარგში არსებული პოტენციალის მაქსიმალურად და ეფექტიანად ათვისებისკენ, საერთაშორისო ბაზრებზე მოთხოვნადი, კონკურენტუნარიანი ქართული პროდუქციის წარმოების და რეალიზაციის ხელშეწყობისკენ, ხოლო მეორე მხრივ, ჩვენი მიზანია, წარმოების განვითარების და ზრდის პარალელურად, მაქსიმალურად დაცული იყოს ჩვენი გარემო, წყლის, მიწის, ტყის რესურსი ზეწოლისა და დაზიანებისგან. შესაბამისად, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ საერთაშორისო სტანდარტების, ევროპული მართვის სისტემების დანერგვის საკითხებზე.

მადლობას ვუხდი ყველა საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციას, მათ შორის, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი დასახული მიზნის მისაღწევად", - აღნიშნა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

 საქართველოსა და საფრანგეთს შორის მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობა არსებობს, როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე გარემოს დაცვის მიმართულებით. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საფრანგეთის მხრიდან სოფლის მეურნეობის მიმართულებით გაგრძელდება ისეთი მიმართულებების მხარდაჭერა, როგორებიცაა მეცხოველეობის სექტორი, მცირე ფერმების ხელშეწყობა, მიწის მართვა, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა. 

გამოფენის ფარგლებში, საქართველოს შესახებ კონფერენცია გაიმართა, რომელსაც, ქართველ მწარმოებლებთან ერთად, დარგის ფრანგი წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მესაქონლეობის დარგის სხვადასხვა ასოციაციის წევრებმა  გამოფენაზე ქართული წარმოების შესახებ ინფორმაცია წარმოადგინეს.

რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელის ნინო სამხარაძის შეფასებით, ქართველი მწარმოებლებისთვის მნიშვნელოვანია მასშტაბურ გლობალურ გამოფენაზე მონაწილეობა, რაც დარგის მდგრად განვითარებას და ახალი კავშირების გამყარებას შეუწყობს ხელს.

,,უნიკალური შესაძლებლობა მოგვეცა, უმაღლესი დონის ევროპული გამოფენის მონაწილეები გავმხდარიყავით. ფრანგები, პრესტიჟიდან გამომდინარე, მას მეცხოველეობის ფორუმს უწოდებენ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ  საქართველო  საპატიო სტუმრის სტატუსით იყო წარმოდგენილი. მთლიანობაში,  გვეძლევა საშუალება, განვვითარდეთ სხვადასხვა კუთხით, კონკრეტულად კი, მეცხოველოეობის დარგის მოდერნიზაციის მიმართულებით, ვაწარმოოთ უფრო მეტი ხარისხიანი და ნატურალური პროდუქტი. მადლობა საქართველოს მთავრობას, კონკრეტულად სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რომ მოგვცა შესაძლებლობა ჩვენი დარგის პოპილარიზაცია შევძლოთ და ევროპული სტანდარტების დაცვით განვავითაროთ ფერმერული მეურნეობები საქართველოში", - აღნიშნა ნინო სამხარაძემ ,,რეზონანსთან".

 მომავალი პარტნიორობისთვის ახალი შესაძლებლობები რეალობად მიაჩნია საქართველოს მეცხოველეობის სანაშენე საქმის ასოციაციის ხელმძღვანელს გიორგი ხატიაშვილს, რომელიც ფიქრობს, რომ ფრანგ კოლეგებთან თანამშრომლობა სექტორს განვითარების მეტ საშუალებას მისცემს, რისი საწინდარიც სწორედ საფრანგეთში გამართული მეცხოველეობის დარგის გამოფენაა.

,,გამოფენაში მონაწილეობა სექტორისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, რომელიც მომავალში ჩვენი სფეროს მდგრად განვითარებასთან იქნება დაკავშირებული. სწორედ ეს იყო ჩვენი ინტერესიც, რომ კონტაქტები დაგვემყარებინა ევროპულ სანაშენე კომპანიებთან, რომლებიც მაღალტექნოლოგიურ მეურნეობებს წარმოადგენენ და გენეტიკურ მასალას აწვდიან გარე ბაზრებს. პოტენციური პარტნიორები შევიძინეთ, ვინც მზადაა, ითანამშრომლოს საქართველოსთან ამ მიმართულებით, მოგვაწოდონ  მაღალპროდუქტიული საქონელი შესაბამისი ფერმებისთვის. ტექნოლოგიური აღჭურვილობის გაუმჯობესება სწორედ მსგავსი პარტნიორობით მიიღწევა.

ამ მხრივ საფრანგეთის გამოფენაზე მონაწილეობამ დიდი შანსი მოგვცა, რასაც აუცილებლად გამოვიყენებთ. მადლობა ამ შესაძლებლობისთვის საქართველოს მთავრობას, კერძოდ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რომელმაც ეს საშუალება მოგვცა", - განუცხადა ,,რეზონანსს“ გიორგი ხატიაშვილმა.

ღონისძიების ფარგლებში,  მინისტრებმა ხელი მოაწერეს შეთანხმების დოკუმენტს, რომელიც განსაზღვრავს ორ ქვეყანას შორის კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობას ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა მელიორაცია, მიწის მართვა, სატყეო მმართველობა, მეცხოველეობა და სხვა.

პრესკონფერენციას 20-მდე მედიის წარმომადგენელი ესწრებოდა. მისი დასრულების შემდეგ, კლერმონ-ფერანის მერიაში ოფიციალური  მიღება  გაიმართა, რომელსაც ადგილობრივი ინსტიტუციების, კერძო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ოფიციალური სტუმრები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ.

ცნობისთვის, საფრანგეთის ცენტრალურ ნაწილში, ევროპაში ხორცპროდუქტების წარმოების ყველაზე დიდ რეგიონში გამართულ გამოფენას, მსოფლიოს 90 ქვეყნიდან, დაახლოებით, 105 000 ვიზიტორი სტუმრობდა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 2000 საუკეთესო ჯიშის მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×