გვანცა წულაია
06.11.2023

საქართველოს ბიუჯეტი სულ უფრო მეტად სოციალური ხდება. 2024 წელს ბევრი მიმართულებით დაფინანსდება ხარჯები და მოსახლეობა მეტ სარგებელს მიიღებს. გადამუშავებული ვერსია ბევრად უკეთესად გამოიყურება და ეკონომისტები არც იმას გამორიცხავენ, რომ ბიუჯეტი კიდევ გაიზარდოს.

2024 წლის ბიუჯეტი გადამუშავებული ვარიანტი  700 მილიონი გაიზრდება.  მომავალი წლის მთლიანი ნაერთი ბიუჯეტი კი 28 მილიარდ 500 მილიონი ლარი იქნება. ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის პროგნოზი 85 მილიარდ 370 მილიონი ლარია. ეკონომიკური ზრდა 5%-ზეა გათვლილი, რისი მიღწევის შესაძლებლობაც საკმაოდ რეალურია და შესაძლოა, უკეთესი შედეგიც კი დადგეს.

მომავალ წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტი 2 მილირად 500 მილიონი ლარი იქნება, ირკვევა, რომ 2024 წელს სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებლთა ხელფასი, საშუალოდ, 500 ლარით გაიზრდება.

2024 წელს, ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 7 მილიარდ 800 მილიონი ლარი იქნება. გაიზრდება ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება და მომდევნო წელს, პენსიონერები მთელი წლის განმავლობაში უფასოდ მიიღებენ ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს. ასევე, დაიწყება ონკოლოგიური პაციენტების ადრეული კვლევების დაფინანსება.

„გაიზარდა ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება და მომდევნო წელს პენსიონრებს, რომლებიც დამოკიდებულნი არიან ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე, მთელი წლის განმავლობაში უფასოდ ექნებათ მედიკამენტები. ასეთია დაახლოებით 400 000 პენსიონერი. რა თქმა უნდა, ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი შეღავათია. ჩვენ მიერ გატარებული საკმაოდ ეფექტიანი ღონისძიებების შედეგად, 2024 წელს მოქალაქეებს ჯიბიდან გადახდები ჯამურად 300-დან 400 მილიონ ლარამდე დაეზოგებათ.

რაც შეეხება ახალ ინიციატივას, რომელიც ზურაბ აზარაშვილს აქვს დაგეგმილი, დაიწყება ონკოლოგიური პაციენტების ადრეული კვლევების დაფინანსებაც, რაც საკმაოდ დიდ დანახარჯებთან არის დაკავშირებული", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.

2024 წელს გაიზრდება ყოფილი პოლიციელებისა და ჯარისკაცების პენსიები - ბიუჯეტში გათვალისწინებულია კანონით განსაზღვრული 560-ლარიანი მაქსიმალური ზღვრის გადაანგარიშება 1000 ლარამდე. ასევე, საშუალოდ, 2%-ით გაიზრდება ნამსახურების თითოეულ წელზე გათვლილი თანხის მოცულობა.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, ასევე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრების კომპენსაცია გაიზარდა 1 000 ლარიდან 1 200 ლარამდე. ასევე გაიზრდება 9 აპრილის მონაწილეთა და პოლიტრეპრესირებულთა ოჯახის წევრების ყოველთვიური საყოფაცხოვრებო სუბსიდია.

2024-2025 წლებში განხორციელდება ახალი პროგრამა, რომლის ფარგლებში, ეტაპობრივად, საცხოვრებლით დაკმაყოფილდება 1000-მდე უსახლკარო მრავალშვილიანი ოჯახი. პროგრამის განსახორციელებლად, ჯამურად გამოიყოფა 50 მილიონი ლარი.

„ეს იქნება, მაქსიმუმ, ორწლიანი პროგრამა. ამ პროგრამას ჩვენ გაისად დავიწყებთ და, ჯამურად, დაახლოებით 50 მილიონი ლარი დაიხარჯება. 25 მილიონი ლარი დაიხარჯება 2024 წელს და შემდეგი მეორე 25 მილიონი ლარი 2025 წელს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

2024 წელს, ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტი 800 მილიონი ლარი იქნება. საიდანაც 50 მილიონი ლარი მიიმართება ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის, ხოლო 70 მილიონ ლარამდე აეროპორტების ინფრასტრუქტურისთვის (ქუთაისი, თელავი, ვაზიანი).

მომავალ წელს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი 3 მილიარდ 400 მილიონი ლარი იქნება. მიმდინარეობს და გაგრძელდება გზების, ხიდებისა და მაგისტრალების მშენებლობა, მუნიციპალიტეტებისა და კურორტების ურბანული განახლება. 2024 წელს 10 ტურისტულ ქალაქში დაიწყება მასშტაბური სამუშაოები, დასრულდება რიკოთის მაგისტრალი.

2024 წელს თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით, დამატებით გამოიყოფა 60 მილიონი ლარი. მათ შორის, თავდაცვის სამინისტროს გამოეყოფა დამატებით 10 მლნ ლარი, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს 50 მლნ ლარი, საიდანაც 20 მლნ ლარი მიიმართება სახანძრო-სამაშველო მანქანებისა და ტექნიკის შესაძენად.

სპორტის მიმართულებით დამატებით გამოიყოფა 20 მილიონი ლარი, საიდანაც 15 მილიონი ლარი მოხმარდება სპორტულ ფედერაციებს, ხოლო 5 მილიონი ლარი მიიმართება დამსახურებული სპორტსმენების, მწვრთნელების და საექიმო პერსონალის ყოველთვიური სტიპენდიების ზრდისთვის.

საჯარო მოხელეებს გაეზრდებათ ხელფასი 2024 წელსაც, ბიუჯეტში 10%-იანი ზრდა არის გათვალისწინებული.

მომდევლო წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსია პარლამენტს დეკემბერში წარედგინება. როგორც ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, 2024 წლის ბიუჯეტი შედგენილია მაქსიმალურად იმ ფორმატში, რომ მოხდეს თითოეულ ადამიანამდე მისვლა იმ სიკეთისა, რასაც ქმნის დამატებით საქართველოს ეკონომიკა.

„თანხები, რომელიც მობილიზებულ იქნა საქართველოს ბიუჯეტში, იმის შედეგია, რომ ქვეყანას აქვს მნიშვნელოვანი წინსვლა ეკონომიკური აქტივობის ზრდის მიმართულებით. ჩვენ თუ ბოლო 3-4 წლების შედეგებს შევაფასებთ, საგადასახადო შემოსავლები საქართველოში, ფაქტობრივად, გაორმაგებულია. დაახლოებით 11,5 მლრდ ლარიდან 22 მლრდ ლარზეა ასული. გადასახადების წყარო არის ის ეკონომოკური აქტივობა, რაც ქვეყანაში ბოლო სამი წლის განმავლობაში იყო", - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

ეკონომისტები მომავალი წლის ბიუჯეტს დადებიტად აფასებენ და არც იმას გამორიცხავენ, რომ სხვადასხვა მიმართულებით უფრო მეტი ხარჯი გამოიყოს. როგორც ეკონომისტი და სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე ფიქრობს, ბიუჯეტს ზრდის თვალსაზრისით საკმაოდ პოზიტიური ტენდენცია ჩამოყალიბდა.

„საერთოდ, ბიუჯეტი სწორედ მოსახლეობის ინტერესებისთვის დგება. სახელმწიფოა ხალხისათვის და არა ხალხი სახელმწიფოსთვის. როგორც წესი, ბიუჯეტს შედარებით მოკრძალებული პარამეტრები აქვს და მისი ცვლილება და ფაქტობრივი მონაცემები გადაჭარბებით სრულდება ხოლმე. ეს ეხება როგორც ფაქტობრივ შესწორებას, ისე იმ წარმოდგენილ პროექტს, რომელიც მთავრობის მიერ პარლამენტი შედის და შემდეგ ხდება მისი განხილვა. პროცესი ჯერ კიდევ მიდის და ვფიქრობ, ეს მონაცემები კიდევ უფრო გაიზრდება.

მშპ 85 მლრდ ლარს გადააჭარბებს, მოსახლეობის ერთ სულზე შიდა პროდუქტი 8500 დოლარზე მეტი იქნება და ნავარაუდევია, რომ 2027 წლისთვის ჩვენი მთალიანი შიდა პროდუქტი გახდება დაახლოებით 108 მლრდ ლარი, ხოლო მოსახლეობის ერთ სულ შიდა პროდუქტი 10 800 დოლარის ფარგლებში იქნება. ეს არის მაკროეკნომიკური მაჩვენებლები და რაც შეეხება სხვა მიმართულებებს, საკმაო ზრდას აქვს ადგილი, სადაც იგულისხმება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასების, სულ ცოტა, 10%-იანი ზრდა, ეს მაშინ, როცა ინფლაციის ტემპი გაცილებით დაბალია. ეს ნიშნავს, რომ დასაქმებულთა ხელფასები რეალურ განზომილებაში გაიზრდება.

სამ ძირითად მიმართულებაზე (განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცულობა) ბიუჯეტის მთლიანი ხარჯების თითქმის 2/3 მოდის, რაც მიუთითებს ბიუჯეტის სოციალურ ორიენტაციაზე“, - განუცხადა სოსო არჩვაძემ „ბიზნეს-რეზონანსს“.

როგორც ირკვევა, 2024 წელს მთავრობა რიგი მიმართულებით დაფინანსებას ზრდის, რაც მოსახლეობის სხვადასხვა კატეგორიაზეა გათვლილი. მომავალი წლის ბიუჯეტი მოიცავს ყველა სეგმენტს. როგორც აკადემიკოსი ავთო სილაგაძე აცხადებს, მოსახლეობა გაზრდილი ბიუჯეტით სარგებელს მიიღებს.

„პირველ რიგში, სასიამოვნოა, რომ მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს 2024 წლის ბიუჯეტში. უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ დეფიტიცი შემცირდა, რომელიც წინა წლებში გვქონდა. ადრე ხარჯები რამდენადაც აჭარბებდა შემოსავალს, ახლა იმდენად აღარ ხდება გადაჭარბება და ეს იმას ნიშნავს, რომ დამატებითი შემოსავალი იქმნება, რაც იმ ღონისძიებების გატარების საშუალებას იძლევა, რომელიც პრემიერმა გამოაცხადა.

ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეები მოვისმინეთ. უაღრესად მნიშვნელოვანია განათლების სფეროში დაფინანსების ზრდა. მასწავლებელთათვის ხელფასის მატება ნამდვილად სამართლიანია. გარდა ამისა, გაიზრდება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტები, რაც ადგილობრივ საჭიროებებს მოხმარდება. არ შეწყდება გზების და ხიდების მშენებელობა, ამისათვის თანხები გამოიყოფა. მიუსაფარ მრავალშვილიან ოჯახებსაც სახლები გადაეცემათ. ბევრი სიახლე იქნება 2024 წელს, რისი გაკეთებაც ადრე არ შეგვეძლო ბიუჯეტის გათვალისწინებით.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ საგარეო ვალის წილი მშპ-სთან შედარებით შემცირდა თითქმის ყველაზე დაბალ დონეზე. სულ რამდენიმე წლის წინ გვქონდა პანდემია და მაშინ ვალმა 60%-ს გადააჭარბა, ახლა კი 40%-ზე დაბლა ჩამოვიდა.

შემოსავლებიც იზრდება, ეკონომიკაც უფრო მეტად აქტიურდება. აბსოლუტურად პერსპექტიულია მომავალ წელს 5%-იანი ეკონომიკური ზრდა. იმედია, ევროკავშირის წევრობის კანდიდატიც გავხდებით, რაც კიდევ უფრო მეტად მოგვიზიდავს ინვესტორებს და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას განაპირობებს“, - განუცხადა „ბიზნეს-რეზონასს“ ავთო სილაგაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×