მსოფლიოში ნავთობი უკვე კარგა ხანია მკვეთრად იაფდება, მაგრამ ჩვენთან მხოლოდ საბითომო ბაზარზე შეიცვალა ფასი
გვანცა წულაია
08.11.2023

საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობი მკვეთრად იაფდება. ასეთია ბოლო რამდენიმე კვირის ტენდენცია. ერთი ბარელი "ბრენტის" ღირებულება უკვე 80 დოლარამდე დავიდა. ეს მაშინ, როდესაც ერთი თვის წინ ნედლი ნავთობის ფასმა ლამის 100 დოლარს მიაღწია. საქართველოში კი საწვავი არაფრით არ იაფდება. ცვლილება მხოლოდ საბითუმო ბაზარს ეტყობა, ხოლო ავტოგასამართ სადგურებში კვლავინდებურად მაღალი ფასი ნარჩუნდება.

საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ნავთობის ფასი, ერთ კვირაში, 4%-ით შემცირდა და ამჟამად 1 ბარელი "ბრენტის" ტიპის ნავთობის ღირებულება 80 დოლარს შეადგენს. ამერიკული "ლაითის" ფასი კი 76 დოლარის ფარგლებში მერყეობს. ერთლიან პერიოდში ნავთობის ბირჟაზე საშუალოდ 10%-იანი გაიაფებაა. ჯერ კიდევ წინა თვეში ბრენტის ტიპის ფასი 97 დოლარს აჭარბებდა, მაგრამ მას შემდეგ ბირჟაზე დაღმასვლის ტენდენციაა.

იაფდება რუსული ნავთობიც და მისი ღირებულება ერთ თვეში 9%-ითაა შემცირებული. მიმდინარე პერიოდში 1 ბარელი "ურალსის" ფასი, საშუალოდ, 69-70 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

მსოფლიოში დაწყებული დადებითი ტენდენცია საქართველოს საბითუმო ბაზარზე ნამდვილად აისახა, თუმცა საცალო სექტორში ფასის უმნიშვნელო კლებაა და ისიც მხოლოდ პატარა ავტოგასამართ სადგურებში. 4-5-თეთრიანი გაიაფება მძღოლებისთვის ვერაფერი შეღავათია.

კომპანია „სენტას“ დამფუძნებელი ზაალ იაკობიძე ამბობს, რომ საბითუმო ბაზარზე დიზელის და ბენზინის ფასი დაახლოებით 2.95 ლარიდან 3-ლარამდე მერყეობს.

„ფასის კლება ნელ-ნელა ხდება, რაც, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, საბითუმო ბაზარზე აისახება. ბოლო პერიოდში 15-20 თეთრით არის ღირებულება შემცირებული ძირითად ნავთობპროდუქტებზე. ეს გარემოება არა მხოლოდ საბითუმო ბაზარზე, არამედ ავტოსაგამართ სადგურებზეც უკვე შეინიშნება. გაიაფების ტენდენცია გრძელდება. საბითუმო ბაზარზე 1 ლიტრი დიზელისა და ბენზინის ფასი დაახლოებით 2.95 ლარიდან 3-ლარამდეა.

გაიაფების მიზეზი ძირითადად არის ის, რომ საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასი დაეცა. ღირებულება ქვევით მოდის, რაც ჩვენთანაც აისახა. ფასის კლება უფრო შესამჩნევიც იქნებოდა, ლარის კურსის რომ არ გაუფასურებულიყო. თუ მსოფლიოში გაიაფების ტენდენცია გაგრძელდება, რა თქმა უნდა, ცვლილება ჩვენთან კიდევ იქნება“, - განუცხადა „რეზონანსს“ ზაალ იაკობიძემ.

სრულიად განსხვავებული პოზიცია აქვთ ანალიტიკოსებს. მათ ადგილობრივ ბაზარზე ჯერჯერობით გაიაფების მოლოდინი არ აქვთ, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ რუსეთის ბაზარი ბოლომდე ჩანაცვლებული არ არის. მართალია, მიწოდების კუთხით საფრთხე აღარ იკვეთება, მაგრამ რუსეთის ალტერნატივა რომელი ქვეყანა გახდება, ეს ჯერ კიდევ უცნობია.

საერთაშიროსი კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტი ნიკა შენგელია აცხადებს, რომ საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის გაიაფება დროებითია და ღირებულება ისევ მოიმატებს.

„მსოფლიოში ნავთობის ფასებმა საკმაო ვარდნა განიცადა, რაც შეჩერებულია. საერთაშორისო ბირჟაზე, სავარაუდოდ, ნავთობის ღირებულება ისევ მოიმატებს“, - განუცხადა „რეზონანსს“ ნიკა შენგელია.

მისივე თქმით, ასეთ შემთხვევაში. ნავთობპროდუქტები გაძვირდება საქართველოშიც და ფასმა შესაძლოა, 10-15 თეთრით გაიზარდოს.

„რაც შეეხება საქართველოს, მოსალოდნელია, რომ ქვეყნის ბაზარზე დაიწყება ნავთობპროდუქტების ფასის ზრდა. ღირებულების ცვლილებას დიდად არ ველოდებით, კორექცია შეიძლება გაკეთდეს მაქსიმუმ 10-15 თეთრის ოდენობით. ასეთი პროგნოზი გვაქვს დეკემბრის 15 რიცხვამდე.

მიზეზი რის გამოც საწვავზე ფასის ზრდას ველოდებით, არის "პლატცის" გაძვირება. სწორედ ახლა შეინიშნება მისი მატება და შესაბამისად, ნავთობპროდუქტებზე გაიზრდება ფასები. გაძვირების ამბავი არ დასრულებულა ქვეყანაში და ისევ ველოდებით ღირებულების მატებას, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ იგივე ფასიც დარჩეს. ეს 10-15 თეთრიანი მატება, რომელიც ზევით ვახსენე, არის ყველაზე ცუდი მოლოდინი, რაც შეიძლება მოხდეს 15 დეკემბრამდე“, - განუცხადა „რეზონანსს“ ნიკა შენგელიამ.

ბოლო დროს ნავთობის გაიაფება რიგი ფაქტორებითაა განპირობებული, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი კი ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით ენერგორესურსებზე მოთხოვნის შემცირებაა. ენერგეტიკის ფედერალური ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ნავთობპროდუქტებზე მოთხოვნის შემცირება დღიურად 300 000 ბარელითაა მოსალოდნელი, ნაცვლად პროგნოზირებული 100 000-ბარელიანი კორექციისა.

გარდა ამისა, ნავთობის ღირებულებაზე ნეგატიური მოლოდინი შექმნა მსოფლიოს რიგით მეორე უმსხვილესმა ეკონომიკამ, ანუ ჩინეთმა, რომლის საწარმოო ინდექსის მოცულობა მკვეთრად დაეცა, რაც ეკონომიკური აქტივობის შემცირებაზე მიუთითებს.

მიუხედავად მოთხოვნის ფაქტორების გაუარესებისა, ექსპერტები შიშობენ, რომ საუდის არაბეთი და რუსეთის ფედერაცია ნავთობის მიწოდებას დამატებით კიდევ შეამცირებენ, რაც ბირჟაზე ენერგორესურსების მკვეთრ გაძვირებას გამოიწვევს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×