დეკემბერში და განსაკუთრებით ახალი წლის შემდეგ თვეებში ეს ყველასთვის თვალსაჩინო იქნება
გვანცა წულაია
04.12.2023

ლარის კურსი  წლის ბოლომდე სტაბილური იქნება, ახალი წლიდან კი ნელი ტემპით გამყარდება. ასეთია ეკონომისტთა ნაწილის პროგნოზი, რაც ერთი მხრივ არჩევნების მოახლოებას და ეროვნული ბანკის ბოლო გადაწყვეტილებას უკავშირდება. ამასთან ერთად, ქვეყანაში არანაირი ნიშანი არ იკვეთება იმისა, რომ გაცვლით კურსს რაიმე საფრთხე დაემუქროს და სიტუაცია საპირისპიროდ შეტრიალდეს.

გასული წლიდან მოყოლებული, წელსაც, ლარი საგრძნობლად მყარდებოდა, თუმცა ვითარებას რადიკალურად შეცვლა საქართველოს ეროვნულ ბანკში განვითარებულმა მოვლენებმა. თუკი 2023 წლის დასაწყისში კურსი 2.71-იან ნიშნულზე იყო, სებ-ის სკანდალამდე 2.61-იან ნიშნულამდე გამყარდა, მაგრამ ამ პროცესებმა ლარი მკეთრად გააუფასურა და ფაქტიურად წლის დასაწყისში არსებულ მაჩვენებელსაც გადააჭარბა.

დღეისათვის, „ბლუმბერგის“ სავაჭრო პლატფორმაზე ლარი 2.69 დოლარი ღირს. ეკონომისტები ამბობენ, რომ წლის ბოლომდე ლარი სტაბილური იქნება, მომავალი წლიდან კი ეტაპობრივი გამყარება დაიწყებს. ამის ხელშემწყობი ფაქტორი შესაძლოა, საქართველოს ეროვნული ბანკში ბოლოდროინდელი გადაწყვეტილება გახდეს.

ახალი ცვლილებები რამდენიმე დღის წინ დამტკიცდა, რომელიც კომერციული ბანკებისთვისაა განსაზღვრული. სებ-ის გადაწყვეტილებით კონტრციკლური ბუფერის დაგროვება ეტაპობრივად მოხდება, ხოლო უცხოუე ვალუტაში მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმის ზედა ზღვარი 25%-დან 20%-მდე შემცირდება. ამ ცვლილებას ეკონომისტები მიესალმებიან და როგორც ამბობენ, გარდა იმისა, რომ გადაწყვეტილება საბანკო სისტემაზე წნეხს მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს, ეროვნულ ვალუტას სტაბილიზაციასა და გამაყრებაში დაეხმარება.

როგორც საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტმა, ფინანსისტმა ნიკა შენგელიამ განაცხადა, მიმდინარე ეტაპზე გაუფასურების ფაქტორი არ არსებობს.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ლარის კურსი ამ წელს დაასრულებს 2.70-2.73-იანი ნიშნულს შორის შუალედში. ახლა გაუფასურების ფაქტორი არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ შემოსული ტრანზაქციები შემცირდა, მაინც საკმაოდ რაოდენობის უცხოური ვალუტა ირიცხება ქვეყანაში და აქედან გამომდინარე, დიდი ალბათობით, ეს კურსი დაგვრჩება. 

რაც შეეხება მომავალ წელს, სავარაუდოდ, ასეთი კურსი შენარჩუნდება თებერვლის ბოლომდე. არჩევნების წელი გველის  და ეს ფაქტორი სერიოზულია. ამიტომ მომავალ წელს ლარს თუკი რაიმე დაემუქრება, მთავრობა ყველა შემთხვევაში მოახერხებს სტაბილიზაციას, რათა არჩევნებთან დაკავშირებით რაიმე ზედმეტი მღელვარება არ მოხდეს.

რაც შეეხება სებ-ის ბოლო ორ გადაწყვეტილებას, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ბანკებს მეტი თანხა დარჩებათ, რომელიც სესხებისთვის შეიძლება იქნას გამოყენებული, ამიტომ აქაც ცუდი არაფერი არ არის და სავარაუდოდ, კურზე მაინც და მაინც ზეგავლენას ვერ მოახდენს. ლარზე მოქმედი ფაქტორი არის სავალუტო შემოდინება, რომელიც ჩვენ გვაქვს ტრანზაქციების სახით“, - განუცხადა „ბიზნეს-რეზონანსს“ ნიკა შენგელიამ.

დადებითი მოლოდინი აქვს სხვა ეკონომისტებსაც. მიმდინარე ეტაპზე არანაირი ნიშანი არ იკვეთება იმისა, რომ ლარის სტაბილურობას საფრთხე დაემუქროს. არსერბულ ვითარებას საკმაოდ პოზიტიურად უყურებს ანალიტიკოსი გიორგი ცუცქირიძე და პირდაპირ ამბობს, რომ „ლარის რაიმე გაუფასურების ნიშნები არ ჩანს ჰორიზონტზე“.

„გაცვლითი კურსი, ერთი მხრივ, არის ფუნდამენტურ ეკონომიკური ფაქტორების გამოძახილი. მაგალითად, როგორიცას საგადასახდელო ბალანსის დინამიკა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, წმინდა ექსპორტის მაჩვენებელი და ქვეყანაში არსებული ვალუტის ბალანსი. აქ იგულისხმება მთავრობის საგარეო ვალი და ასევე, კომერციული სტრიქტურების ვალი. გარკვეული პერიოდის შემდეგ, დგება ვალის მომსახურების, ანუ დაფარვის პრობლემა. ბუნებრივია ეს ყველაფერი წარმოშობს კონკრეტულ მომენტში გარკვეულ მერყეობას. როდესაც ეს ბალანსი არის დადებითი, ანუ მეტი ვალუტა რჩება ქვეყანაში, მაშინ ლარი მყარდება და როდესაც მოცემულობა პირიქითაა, ანუ უფრო მეტი ვალუტა გადის, თუნდაც იმპორტის დასაფინანსებლად, ეს კურსზე ნეგატიურად მოქმედებს.

ამ ყველაფერს ერთვის გლობალური გარემოება, თუნდაც საერთაშორისო ბაზრებზე დოლარის რყევა. გასულ წელს ჩვენთან ყველა ფაქტორი იყო პოზიტიური, მაგრამ კურსის რყევა მაინც გვქონდა და ამის მიზეზი იყო საერთაშორისო მოცემულობა, ანუ გლობალური მასშტაბით განვითარებული პროცესები, სადაც, პირველ რიგში, ვგულისხმობ დოლარის დინამიკას, გაცვილითი კურსის რისკის ფაქტორს.

დღეს, ორივე მიმართულება, შიდა და გარეო ფაქტორები, ლარისთვის ძალიან პოზიტიურია. სავალუტო კრიზისის ნიშნებს გლობალურ ბაზრებზეც არ არის და შიდა ფაქტორებიც მიმართულია ლარის გამყარებისაკენ. ხდება, რომ ლარი პერიოდულად უფასურდება, მაგრამ შემდეგ მყარდება და ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან კურსი მყარი და სტაბილურია.

ლარს არ აქვს არაპროგნოზირებადი ქცევის ნიშნები. ვითარებას საკმაოდ პოზიტიურად ვუყურებ და ლარის რაიმე გაუფასურების ნიშნები არ ჩანს ჰორიზონტზე“, - განუცხადა „ბიზნეს-რეზონანსს“ცუცქირიძემ.

ეკონომისტებთან ერთად, საერთაშორისო და თუ ადგიილორბივი ორგანიზაციების პროგნოზიც საკმაოდ დადებითია. მათი მოლოდინით, კურსი სტაბილურობას შეინარჩუნებს. როგორც „გალტ ენდ თაგარტში“ ამბობენ, მიმდინარე წლის ბოლომდე და მომავალ წელს ლარი დოლარის მიმართ საშუალოდ 2.7-ის ფარგლებშია მოსალოდნელი.

„ჩვენი პროგნოზით, მიმდინარე წლის ბოლომდე და მომავალ წელს ლარი დოლარის მიმართ საშუალოდ 2.7-ის ფარგლებშია მოსალოდნელი. რაც შეეხება ლარი/ევროს წყვილს, 2024 წელს საშუალოდ 3.0-ის ფარგლებში ვპროგნოზირებთ. ამასთან, საქართველოს ეროვნული ბანკის წმინდა სავალუტო შესყიდვამ 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში 1.3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა", - აღნიშნეს „გალტ ენდ თაგარტში“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×