"ახლა ყველა შემთხვევაში, გამართლებულია საპროცენტო განაკვეთის დაწევა"
გვანცა წულაია
05.12.2023

საქართველოში ინფლაცია დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდება და უკვე ნულთან ახლოსაა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რეფინანსირების განაკვეთის შემცირება უფრო რეალურია, რასაც მიუთითებენ, როგორც ეროვნულ ბანკში, ისე ეკონომიკის სამინისტროში და მათ პოზიციას ფინანსისტებიც იზიარებენ.

ინფაციამ შემცირება ჯერ კიდევ 2022 წლის ოქტომბერში დაიწყო. მაშინ, მაჩვენებელი 11.5%-დან 10.6%-ზე ჩამოვიდა. დეკემბერში კი ორნიშნა მაჩვენებელს ჩამოსცდა და 9.8%-ზე დავიდა. რაც შეეხება მიმდინარე, 2023 წელს, იანვარის თვეში ინფლაცია - 9.4%-მდე შემცირდა, თებერვალში - 8.1% შეადგინა, მარტში - 5.3%, აპრილში - 2.7%, მაისში - 1.5%, ივნისში - 0.6%, ივლისში - 0.3%. მცირედი ზრდა დაფიქსირდა აგვისტოში, მაშინ მაჩვენებელმა - 0.7% შეადგინა, სექტემბერშიც - 0.7%-იანი ინფლაცია აღინუსხა, ოქტომბერში - 0.8%, ნოემბერში კი - 0.1%.

ინფლაციის არსებული დინამიკიდან გამომდინარე, უკვე ძალიან მაღალია ალბათობა იმისა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს, რომლის სხდომაც 20 დეკემბერსაა ჩანიშნული, მინიმუმ 25 საბაზისო პუნქტით 9.75%-მდე შეამცირებს. წინა სხდომაზე სებ-მა მონეტარული პოლიტიკა არ შეარბილა და განაკვეთი უცვლელად, 10%-ზე დატოვა.

სწორედ ამ საკითხზე ისაუბრა სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ. როგორც მან აღნიშნა, ინფლაციის დაბალი მაჩვენებელი საშუალებას იძლევა, რომ მონეტარული პოლიტიკა კვლავ შემსუბუქდეს.

"ბოლო თვეების სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ინფლაციის მოთოკვისკენ გადადგმული ნაბიჯები იყო სწორი და ეფექტური. ვგულისხმობ, როგორც ეროვნული ბანკის მიერ გამკაცრებულ მონეტარულ პოლიტიკას, ასევე მთავრობის ანტიინფლაციურ პოლიტიკას, მათ შორის საბიუჯეტო კონსოლიდაციას და კონკურენციის წახალისებისკენ მიმართულ ღონისძიებებს.

ბოლო რამდენიმე თვეა, მართლაც დაბალი ინფლაცია გვაქვს, ბევრად უფრო დაბალი, ვიდრე 3%-იანი მიზნობრივი მაჩვენებელია. ეს გვაძლევს კარგ შესაძლებლობას, რომ ფხიზლად და ზომიერი ნაბიჯებით გავაგრძელოთ მონეტარული პოლიტიკის შერბილება. ეს ნაბიჯი ქვეყანაში ფინანსური მდგომარეობის შემსუბუქების საშუალებას იძლევა, რათა იმ ადამიანებს, ვისაც ლარში აქვთ სესხი აღებული, სესხის პროცენტი შევუმციროთ”, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მონეტარული პოლიტიკის შერბილების შესაძლებლობა რომ არსებობს, ამაზე ისაუბრა ეკონომიკის მინისტრმაც. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ინლაციის შემცირება იძლევა იმის საშუალებას, რომ თამამი გადაწყვეტილებები იქნას მიღებული.

„ეს გვაძლევს საშუალებას, რომ უფრო თამამი მაკროეკონომიკური გადაწყვეტილებები მივიღოთ და ეკონომიკურ ზრდას მეტად შევუწყოთ ხელი. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელსაც ითვალისწინებენ მაკროეკონომიკური გადაწყვეტილებების კუთხით, არის ინფლაციური კომპონენტის გათვალისწინება. შესაბამისად, ეს სივრცეს აძლევს მთავრობას, ეროვნულ ბანკს, რომ მონეტარული პოლიტიკა გარკვეულწილად შემსუბუქდეს.

დაველოდოთ მოვლენებს. ჩვენ გვექნება საშუალება, რომ თამამი გადაწყვეტილებები მივიღოთ, მეტად შევუწყოთ ხელი კერძო სექტორის აქტივობას, დაკრედიტებას დაფინანსებას და შესაბამისად, ეკონომიკურ ზრდას“, - განაცხადა დავითაშვილმა.

ექსპერტებიც პირდაპირ ამობენ, რომ კლებადი ინფლაციის პირობებში, მიმდინარე წელი რეფინანსიების განაკვეთის შემცირებით უნდა დასრულდეს. საბანკო სფეროს სპეციალისტი მიხეილ თოქმაზიშვილი ვარაუდობს, რომ რეფინანსირების განაკვეთი დაახლოებით 0.5 პუნქტით შემცირდება.

"საქმე ისაა, რომ ფასებმა კლება თანდათანობით დაიწყო. ინფლაცია შემცირდა და დღეს ისეთი საშიში აღარ არის, როგორ 1-2 წლის წინ იყო. აქედან გამომდინარე, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შესაძლოა, მონეტარული პოლიტიკის შერბილების გადაწყვეტილება მიიღოს და რეფინანსირების განაკვეთი დაბლა დასწიოს, რადგან უფრო მეტი ფინანსები მისცეს კომერციულ ბანკებს და შესაძლებლობა გაჩნდეს დაფინანსდეს უფრო მეტი მეწარმე და ბიზნესი. 

თამამს ვერ ვიტყვი, ფრთხილი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო, რომელიც მიმართული იქნება უფრო ლიბერალური ფინანსური პოლიტიკისაკენ. გაანგარიშების საკითხია, რამდენი პროცენტით შეამცირებენ რეფინანსირების განაკვეთს, ალბათ, 0.5%-ზე შეიძლება საუბარი”, - განუცხადა "რეზონანსს” თოქმაზიშვილმა.

მონეტარული პოლიტიკის შერბილებას პროგნოზირებს სფეროს კიდევ ერთი სპეციალისტი. როგორც ვახტანგ ხომიზურაშვილმა განაცხადა, მიმდინარე ეტაპზე ყველაზე სწორი საპროცენტო განაკვეთის შემცირებაა, მინიმუმ 0.5%-ით.

"რეფინანსირების განაკვეთის დაწევა სესხების სტიმულირებას ნიშნავს, მათ შორის ბიზნესის განვითრების მიმართულებით, ამიტომ ეს უფრო მიზაშეწონილია, ვიდრე ძვირი ფულის პოლიტიკა, რომელსაც აქამდე ატარებდა ეროვნული ბანკი.

თანაც დღესდღეობით არ არის ისეთი მოცემულობა, რომ რეფინანსირების განაკვეთის შემცირებამ ლარის გაუფასურება გამოიწვიოს, არა მგონია ასე მოხდეს. ყოველ შემთხვევაში სწორი იქნებოდა ამ გადაწყვეტილების მიღება. მართალი გითხრათ, ეს პირდაპირ დაკავშირებული არ არის ბიზნესის დაკრედიტების სტიმულირებასთან, რადგან რეალურად, ბანკები იღებენ რეფინანსირების სესხებს, რომლის ძირითადი ნაწილიც მიემართება დოლარში კონვერტაციისკენ. ამიტომ ამან შესაძლოა, რაღაც ზემოქმედება მოახდინოს კურსზე, მაგრამ იმასთან შედარებით რა დღეშიც ბიზნესი იმყოფება, ძვირი სესხების და პოლიტიკის პირობებში, რასაკვირველია, ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით, მიზანშეწონილია საპროცენტო განაკვეთის დაწევა.

რას გადაწყვეტს ეროვნულის ბანკის საბჭო, ძალიან რთულია ამის თქმა, მაგრამ, ყველა შემთხვევაში, გამართლებულია საპროცენტო განაკვეთის დაწევა. ვფიქრობ, რეფინანსირების განაკვეთის შემცირება მინიმუმ 0.5%-იანი პროცენტული პუნქტით იქნება უფრო სწორი”, - უთხრა "რეზონანსს” ხომიზურაშვილმა.

საქართველოში სამომხმარებლო საქონლის ღირებულების დინამიკაზე  საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ფასების ცვლილებები მოქმედებს, რადგან ჩვენს სამომხმარებლო კალათაში დაახლოებით 70% იმპორტირებული საქონელია. სურსათის ფასების ბოლოდროინდელი შენელებაც საერთაშორისო ბაზრებზე არსებული ტენდენციის შედეგია, რასაც ასევე ხელი შეუწყო ეროვნული ვალუტის გამყარებამაც.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×