"სიმშვიდით და სტაბილური განვითარებით ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა“
გვანცა წულაია
07.12.2023

შარშანდელი რეკორდული წლის შემდეგ, ინვესტიციების მაჩვენებელი წელსაც მზარდია. საქართველოსადმი დაინტერესება დროის გასვლასთან ერთად მატულობს და ქვეყანაში ბიზნესის კეთების სურვილს სულ უფრო მეტი უცხოელი გამოთქვამს. საინტერესოა გარემოებები, რის გამოც საქართველოში ინვესტიციების ჩადების სურვილი იზრდება.

საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წლის II კვარტალში 505.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის II კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებზე 29.9 პროცენტით მეტია.

„საქსტატის“ ინფორმაციით, 2023 წლის II კვარტალში სააქციო კაპიტალი, წინა წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებთან შედარებით 23.3 პროცენტით შემცირდა და 72.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 14.4 პროცენტია. რეინვესტიციამ 422.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო მისი წილი 83.5 პროცენტით განისაზღვრა.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, გასული წლის პოზიტიური დინამიკა 2023 წელსაც გრძელდება და პირველი ორი კვარტალის საერთო მონაცემებით, უცხოური ინვესტიციების მოცულობამ უკვე 1 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა.

ეკონომისტებიც ადასტურებენ, რომ რიგი მიმართულებებით საქართველო ინვესტორებისთვის მიმზიდველი ქვეყანაა. „ახალი ეკონომიკური სკოლის“ პრეზიდენტი პაატა შეშელიძეს მიაჩნია, რომ ტექნიკური თვალსაზრისით საქართველო საკმაოდ ღიაა.

"საქართველოს საინვესტიციო გარემო საინტერესოა იმ გაგებით, რომ საგადასახადო, რეგისტრაციისა და სხვა მსგავსი ტექნიკური მიმართულებების თვალსაზრისით, საკმაოდ ღიაა. ბევრი ადამიანი აფუძნებს აქ კომპანიას და საქართველოდან მუშაობს. აქ საგადასახადო კუთხით სიმარტივეა, მაგრამ ასეთი კომპანიების უმრავლესობა ონლაინ მუშაობს და დაკვეთებს იღებს”, - განუცხადა "რეზონანსს” პაატა შეშელიძემ და დასძინა, რომ მასშტაბურ პროექტებთან მიმართულებით სირთულეები მაინც არსებობს.

"როგორც კი ჩვენ მივადგებით უფრო ფართო მასშაბიან პროექტებს, რაც გულისხმობს ფიზიკურ ქონებას, მიწას და მსგავს გარემოებებს, ვნახავთ, რომ საქმე რთულდება, რადგან ყველაფერი უკავშირდება ადმინისტრაციულ ორგანოებთან თანამშრომლობას. გარკვეულწილად ეს ნიშნავს, რომ წარმოიქმნება ისეთი ტიპის სირთულები, სადაც უნდა გქონდეს ურთიერთობა პოლიტიკურ ხელმღვანელობასთან, გამგეობასთან, მუნიციპალიტეტთან და შესაძლოა, უფრო ზემოთაც, სამინისტროსთანაც. შესაბამისად, ასეთი ინვესტიციები არც ისე მარტვია, რადგან პრაქტიკულად გიწევს ხელისუფლებასთან ურთიერთობა, რაც ყველას არ სურს. ეს მასშტაბური და დამოუკიდებელი ინვესტიცების საშუალებას არ იძლევა საქართველოში.

ინვესტიციების უმრავლესობა სინამდვილეში არის ისეთ პროექტებში, რომელსაც სახელმწიფო კურირებს - ინფრასტრუქტურა და მსგავსი მიმართულებები. ამიტომ მოცემულობას ორ ნაწილად გავყოფ: დამოუკიდებელი ინვესტიციები, სადაც არ მონაწილებას სახელმწიფო და ინვესტიციები, სადაც მონაწილეობს სახელმწიფო.

ინვესტიციას ვერ დავარქმევ იმას, როდესაც ტენდერი ცხადდება, ვიღაც იგებს და ჩამოდის. ტენდერში მთავრობის ფული იხარჯება, ხშირ შემთხვევაში მთავრობის, შეკვეთაა, სესხია აღებული. ინვესტიცია არის ის, როდესაც ვიღაც თავისით გადაწყვეტს ფულის ჩადებას. ასე რომ, შეფასებას ცოტა ფრთხილად მოვეკიდებოდი”, - განუცხადა პაატა შეშელიძემ "რეზონანსს”.

საქართველოს რეკორდული მაჩვენებელი ჰქონდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით 2022 წელს, მაშინ მოცულობამ 2.098 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. როგორც ეკონომისტმა ავთო სილაგაძემ განაცხადა, ევროკავშირის კანდიდატის წევრობა ევროპის მიმართულებას გააძლიერებს.

"მოგეხსენებათ, ინვესტიციების კუთხით, გასული წელი იყო უმაღლესი დონის, როდესაც 2 მლრდს გადააჭარბა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ. ამ შედეგზე გასვლა ცოტა რთულია, თუმცა წლევანდელი პირველი ორი კვარტლის მაჩვენებლით თუ ვიმსჯელებთ, ძალიან მაღალი შედეგისაა. 1 მილიარდზე მეტი ინვესტიცია უკვე მოზიდულია. აქედან გამომდინარე, წელს თუ უკეთესი არა, ნაკლები მაჩვენებელი არ უნდა დაიდს.

ზოგადად, ინვესტიციებში რაიმე პრობლემა არ არსებობს, ქვეყანაში დაცულია ინვესტორთა უფლებები. აღსაღნიშნავია ერთი გარემოება, რომ ჩვენი ტრადიციული ინვესტორები, წინა პლანზე, იყვნენ სამეზობლოდან, მაგრამ ევროკავშირის ქვეყნები წამოიწია ლიდერებს შორის. ეს კარგი სიახლეა და ევროკავშირის კანდიდატის წევრობა ევროპის მიმართულებას აუცილებლად გააძლიერებს. ასევე, აუცილებლად გაძლიერდება ჩინეთი, რომელიც ჯერჯერობით წამყვან ქვყნებს შრორის არ ჩანს, მაგრამ პოტენციალი ძალიან დიდია, რადგან მათთან უკვე სტრატეგიული ურთიერთობა გვაქვს.

საქართველოსადმი დაინტერესება გაზრდილია, რადგან სადავო აღარ არის და გეოსტრატეგიული მდგომარეობის საკვანძო ქვეყანაა. ნავთობსადენები, გაზსადენები, ელექტროგადამცემი მოწყობილებები, ტრანზიტი - სახმელეთო, საზღვაო, სარკინიგზო ტრანსპორტი კარგად არის მოწყობილი, ამიტომ საქართველო იდეალური ადგილია ამ კუთხით. ევროპის და აზიის საკვანძო გზა ჩვენს ტერიტორიაზე გადის და ეს უკვე ინვესტიციების მოზიდვას ასტიმულირებს. რეფორმები, რომელიც აქ ტარდება და მიმდინარეობს, ხელისშემწყობია. სამშვიდობო პოლიტიკაც, რომელიც ამ რთულ დროს შეინარჩუნა საქართველოს მთავრობამ”, - განუცხადა "რეზონანსს” ავთო სილაგაძემ.

2023 წლის გასაწყისში, პირველ კვარტალში, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გამოკითხული წევრი კომპანიების 63% აცხადებს, რომ 2023 წელს მათ მიერ განხორციელებული ინვესტიციები 2022 წელთან შედარებით გაიზრდება, 28% უცვლელ დონეზე შენარჩუნებას ვარაუდობს, ხოლო კლებას გამოკითხულთა მხოლოდ 9% პროგნოზირებს.

საგულისხმოა, რომ 2023 წელს ინვესტიციების გაზრდას ან უცვლელ დონეზე შენარჩუნებას ჯამურად ბიზნესის 91% გეგმავს.

ინვესტორი და ბიზნესმენი მინდია საბანაძე ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობას დადებითად აფასებს, თუმცა იმასაც ამბობს, რომ საქართველო მცირე ბაზარია, სადაც განვითარების შესაძლებლობები შეზღუდულია.

„ჩვენი ბაზრები გაცილებით მაღალმოგებიანია, ვიდრე ევროპის. იქ სტაბილურობა მეტია და მოგებიანობა - ნაკლები; აქ მოგებიანობა უფრო მეტია და სტაბილურობა - ნაკლები. შესაბამისად, როდესაც უცხოელი ინვესტორი საინვესტიციო გარემოს აფასებს, იმ რისკებს ითვალისწინებს, რომელიც ჩვენს გარშემო მდებარეობას ახლავს.

ეს ყველაფერი ამ სიტუაციაში ცოტა სასწაულსაც ჰგავს, რადგან მაინც სტაბილურობა, სიმშვიდე, ეკონომიკური ზრდაა, ერთ სულ მოსახლეზე მშპ-იც იზრდება და საინვესტიციო გარემო, ვისაც ჩვენი მსგავსი ქვეყანა აინტერესებს, ძალიან კარგია. საქართველო, მიმზიდველი და სტაბილურია ინვესტორებისთვის - გინდ კანონმდებლობით, გინდ გადასახადების კუთხით; სიმშვიდით და სტაბილური განვითარებით ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა“, - განაცხადა "ბიზნეს მედისათან” მინდია საბანაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×