"საქართველოში გადასახადი უფრო ძვირია, ვიდრე სომხეთსა და აზერბაიჯანში. ეს არის ერთგვარი პარადოქსი"
ქეთო გოგოხია
11.12.2023

საქართველოში ინტერნეტის ტარიფები გაუმართლებლად ძვირია. პრობლემა განსაკუთრებით იგრძნობა დედაქალაქში, სადაც მომსახურებას მსხვილი კომპანიები ეწევიან. ამ მხრივ საპირისპირო მოცემულობაა რეგიონებში, სადაც დემპინგის ფაქტებზეც კი ჩნდება ეჭვი, თუმცა ოფიციალურად მისი არსებობა ჯერჯერობით ვერ დასტურდება. ფაქტია, რომ ზოგადი სიტუაცია არის მძიმე და ინტერნეტის გადასახადი ტვირთია მომხმარებლებისთვის, განსაკუთრებით იურიდიული პირებისთვის.

ტარიფების ზრდის ტენდენცია საქართველოში ჯერ კიდევ პანდემიურ პერიოდში დაიწყო და ტენდენცია არ შეცვლილა, ფასები კი იმდენად მკვეთრად გაიზარდა, რომ ერთი ჩვეულებრივი აბონენტისთვის თითქმის 40 ლარს მიაღწია. ეს მაშინ, როცა საქართველო სატრანზიტო ქვეყანაა და რეგიონში ინტერნეტის ტარიფის მიხედვით ყველაზე საშეღავათო პირობები უნდა არსებობდეს.

როგორც აღმოჩნდა, განსაკუთრებით ბიზნესისთვის არის მძიმე მდგომარეობა, რაზეც ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია Lineate-ის რეგიონული დირექტორის გიორგი ციკოლია განსაკუთრებით ამახვილებს ყურადღებას და ცალსახად აცხადებს, რომ საქართველოში საქმის კეთება არაა იაფი. ბიზნესისთვის საქართველოში ინტერნეტის ფასი ძალიან მაღალია.

,,საქართველოში საქმის კეთება არაა იაფი. ბევრი რამ გაძვირდა, მათ შორის მუშა ხელი. კარგია ის, რომ საქართველოს საკანონმდებლო პროცესი ბევრად უფრო კარგად არის დალაგებული, ვიდრე სხვა ქვეყნებში და ტექნოლოგიურ კომპანიებს აქვთ საშუალება, გრძელვადიანად დაგეგმონ საკუთარი საქმე. სხვა მხრივ ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში არსებული კომპანიებისთვის, განსაკუთრებით სტარტაპებისთვის, ვინც ცდილობს დიჯიტალიზაციას, ელექტრონული მომსახურების დანერგვას, საქართველოში ინტერნეტის ფასი არის კატასტროფულად მაღალი.

პატარა კომპანიებს გაუჭირდებათ ამ თანხის გადახდა და დარწმუნებული ვარ, ბევრი ეძებს სხვა გზას, რომ ასეთი მაღალი ხარჯი არ გასწიოს; თან ჩვენთან, ფიზიკურ პირებისთვის ინტერნეტის ფასი სხვაა და იურიდიული პირებისთვის - სხვა; ესეც გაუგებარია, რატომ? რა იცვლება, თუ იგივე სიჩქარის ინტერნეტი მიეწოდება ბიზნესს, როგორიც ფიზიკურ პირს?! თუ უფრო მაღალი სიჩქარის ინტერნეტის პაკეტი ავიღე, კი, ბატონო... მოკლედ, სხვაობა კატასტროფულად დიდია", - განაცხადა გიორგი ციკოლიამ.

აღნიშნულთან დაკავშირებით სექტორის წარმომადგენლებს და ეკონომისტებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის თავმჯდომარემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან" აღნიშნა, რომ საქართველოში არსებული ინტერნეტი ძვირი არ არის და ხარისხიც მისაღებია.

ფიზიკური პირების შემთხვევაში, საქართველოში ინტერნეტის ფასები უფრო დაბალია, რეგიონებში კი, სავარაუდოდ, დემპინგის ნიშნებიც კი  იკვეთება.

,,ფიზიკური პირებისთვის ტარიფები საკმაოდ დაბალია, რასაც იურისიულ პირებზე ვერ ვიტყვი. ჩვენს სეგმენტში, 35-ლარიანი ტარიფი ნამდვილად არ არის მაღალი და რეალურად ამაზე დაბალი გადასახადია რეგიონებში.  ვსაუბრობ ჩემი სეტქორის სახელით, რეგიონებში ზოგ შემთხვევაში დემპინგის ნიშნებია. დადასტურებულად ვერ ვიტყვი, აქციების სახით დაბალი ტარიფებია შემოთავაზებული, რაც ეჭვს მიჩენს.

ჩემი აზრით, დემპინგების გამო ცოტა გაფუჭებულია ბაზარი. ველოდებით რეაგირებას შესაბამისი უწყების მხრიდან, რომ ეს ეჭვი გაქარწყლდეს და სამართლიანი კონკურენტული გარემო შეიქმნას", - აღნიშნა უჩა სეთურმა.

ის, რომ კონკურენტული გარემო არაჯანსაღია, ეკონომისტებიც ამახვილებენ ყურადღებას და მარეგულირებლის მხრიდან ამ საკითხის მოგვარებას ითხოვენ. ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი მიხეილ ჯიბუტი ღიად აცხადებს, რომ კონკურენციით კუთხით ინტერნეტის ბაზარზე არაჯანსაღი მდგომარეობაა.

,,ეკონომისტებს გვაქვს ერთი რეცეპტი, ეს არის კონკურენცია. სხვა მექანიზმი, რაც ბაზარზე ფასებს დაარეგულირებს, არ არის. უნდა იყოს კონკურენტული გარემო. ფასებზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ კონკურენტული გარემო პროვაიდერებისთვის უნდა იყოს ჯანსაღი. ბიზნეს სუბიექტებმა ადვილად უნდა შეძლონ ბაზარზე შემოსვლა და დამკვიდრება. სფეროს ჰყავს მარეგულირებელი. თუ კონკურენტული გარემოა და მარეგულირებელი ჰყავს სფეროს, ფასწარმოქმნა უნდა იყოს შემუშავებული მათ მიერ, რომ მომხმარებელი არ დაიჩაგროს", - აღნიშნა ჯიბუტმა ,,ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.

ინტერნეტის ტარიფებთან დაკავშირებით კრიტიკული მოსაზრება აქვთ ფინანსისტებს, რომლებიც თვლიან, რომ ამ მხრივ დიდ წნეხს განიცდიან იურიდიული პირები, რომლებსაც მაღალი გადასახადის გადახდა უწევთ და ეს საკითხი ბოლო წლების განმავლობაში დაურეგულირებელია.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბზინესმენთა ასოციაციის ხელმძღვანელის გიორგი კაპანაძის თქმით, ტარიფები იზრდება პანდემიური პერიოდიდან მოყოლებული და არანაირი მექანიზმი არ არსებობს, რაც ბაზარს დაასტაბილურებს.

,,ფატია, რომ საქართველოში ინტერნეტის ტარიფები არის საკმაოდ მაღალი, ცოტა ხნის წინ  გამოქვეყნებული იყო ერთ-ერთი ორგანიზაციის კვლევა, სადაც ჩანდა, რომ საქართველოში გადასახადი უფრო ძვირია, ვიდრე  სომხეთსა და აზერბაიჯანში. ეს არის ერთგვარი პარადოქსი, რადგან ჩვენი პროვაიდერები ყიდიან ინტერნეტს ამ ქვეყნებში.

პანდემიიდან მოყოლებული ტარიფი მუდმივად იზრდებოდა და არ მომხდარა არანაირი შემცირება, რაც ალოგიკურია და არასწორად მიმაჩნია. კიდევ ერთი დეტალია საინტერესო, რომ განსხვავებულია ტარიფები იურიდიული და ფიზიკური პირებისთვის. კატასტროფულად ძვირია გადასახადი კომპანიებისთვის, რაც დიდი პრობლემაა. თანაც ვერ დგინდება ზუსტად რამდენია იურიდიული პირებისთვის ტარიფი, ამის შესახებ ინფორმაცია გამჭვირვალე არ არის, კომპანიები ამ ინფორმაციას არ იძლევიან, რასაც ხსნიან იმით, რომ ინდივიდუალურად განსხვავებულია მათი შეთავაზება.  ვიმედოვნებ, მარეგულირებელი ამას ყურადღებას მიაქცევს", - განუცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსს" გიორგი კაპანაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×