ქეთო გოგოხია
11.12.2023

სათანადო პირობების უზრუნველსაყოფად არსებული ხელფასი არასაკმარისია. როგორც კვლევებით დასტურდება, მოსახლეობის გარკვეული ნაწილი კომფორტული ცხოვრებისთვის საკმარისად 3000 ლარზე მეტ შემოსავალს ასახელებს, რასაც სპეციალსიტების ერთი ნაწილიც იზიარებს, თუმცა ისინი განსხვავებულ მოსაზრებებს გვთავაზობენ და საუბრობენ სხვადასხვა ფაქტორზე, რაც ადამიანს კეთილდღეობის მისაღწევად სჭირდება. გამოთქმული მოსაზრებით, ოთხსულიანი ოჯახისთვის, საჭიროა დაახლოებით 5000 ლარი, რომ ნორმალური ცხოვრება შეძლოს.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის თანახმად, თბილისში მცხოვრებლები ყველაზე ხშირად ამბობენ, რომ 4000 ლარზე მეტი სჭირდებათ, ხოლო სოფლებისა და ეთნიკური უმცირესობების დასახლებაში მცხოვრებთა უმეტესობის თქმით, კომფორტული ცხოვრებისთვის თვეში 2000 ლარის შემოსავალი ეყოფოდათ.

კომფორტულად ცხოვრებისთვის საკმარისად მიიჩნევს 1000 ლარამდე თანხას გამოკითხულთა - 7%; 1001-2000 ლარამდე - 22%; 2001-3000 ლარი - 22%; 3001-4000 ლარი - 9%; 4001 ლარს ზევით - 32%;

ის, რომ გაჭირვება ყველა ქვეყანაშია და ამ რეალობას ვერავინ გაექცა, ფაქტია, თუმცა როგორ მცირდება სიღარიბის მასშტაბი, რა ეტაპებს გადის მოსახლეობა კეთილდღეობის მისაღწევად და რა პერსპექტივა გვაქვს ამ კუთხით, ამ ფაქტორებზე გაამახვილა ,,ბიზნეს-რეზონანსთან" ყურადღება სტატისტიკოსმა სოსო არჩვაძემ. მისი შეფასებით 10-15-ლიან ჭრილში პროგრესი აშკარაა, რასაც იმპულსს მისცემს, 15 დეკემბერს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.

,,შარშან დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა დაახლოებით 70 000-ით, საშუალო ხელფასის სიდიდე 16-დან 17%-მდე. ამასთან, ინფლაციის ტემპი 1%-ზე დაბალია. ნომინალური და რეალური ზრდა ძალიან ახლოსაა ერთმანეთთან.  მაღალი ინფლაციის პირობებშიც შეიძლება ხელფასი გაორმაგდეს, მაგრამ თუ ინფლაცია "შეჭამს", ზრდის ნაცვლად, შემცირება გვექნება. ახლა, რადგან ინფლაცია შედარებით დაბალია, შესაძლებლობაა, რომ  ხელფასის ზრდის ტემპი ნომინალურ შემოსავლებს მიუახლოვდეს.

რაკი ინფლაციაზე ვსაუბრობთ, რატომღაც სტატისტიკამ არ გაამახვილა ყურადღება, მაგრამ ასეთი შემცირება სურსათსა და არაალკოჰოლურ სასმელებზე, ბოლო 10-ნახევარი წლის მანძილზე არ გვქონია. ყველაფერი ჯამში გვაძლევს საფუძველს, რომ უფრო ოპტიმისტურად ვიყოთ განწყობილი, ნაკლები წუწუნით და ხელების დაკაპიწებით შევძლოთ ჩვენი ოჯახებისა და ჩვენი ახლობლების კეთილდღეობის ამაღლება. სახელმწიფო ამაში მხარს უნდა გვიჭერდეს, დანარჩენი ჩვენზეა დამოკიდებული", -  აღნიშნა სოსო არჩვაძემ.

რაც შეეხება კომფორტის უზრუნველსაყოფად 3000-ლარიან ხელფასს, არჩვაძის შეფასებით, კეთილდღეობა იზომება გლობალური მიღწევებისა და ტექნოლოგიური განვითარების კვალდაკვალ, რაც ინდივიდუალურია ყველა სახელმწიფოსთვის და არ შეიძლება სხვა ქვეყნის კეთილდღეობის სტანდარტი საქართველოს მოსახლეობის სტანდარტს მიესადაგოს.

,,ყველა ქვეყანაში არიან მდიდრები და ღარიბები, მათ შორის  აშშ-ში. მაგალითად, იქ სურსათის ტალონებს იღებს თითქმის იმდენი, რამდენიცაა მთელი ესპანეთის მოსახლეობა. თავისთავად მაღალგანვითარების გეგმა არ ნიშნავს, რომ განვითარებულ სახელმწიფოში ყველა დალხენილია და მათთვის შიმშილისა და სიღარიბის პრობლემა არ არსებობს.

რაც მეტად განვითარებულია ქვეყანა, საზოგადოებაში მით უფრო იზრდება მოთხოვნილებები. გავიხსენოთ დუმბაძის კლასიკური ნაწარმოები  40-იანი წლების მეორე ნახევარში: ,,ჩვენი რაიონის  პროკურორი რომ ჩამოვიდა ცალ-ცალი კალოში ეცვა და ახლა რეზინის ჩექმასა და ტყავის  ქურთუკით დაიარებაო". რეზინის ჩექმა და ტყავის ქურთუკი ითვლებოდა ცხოვრების კეთილდღეობის მნიშვნელოვან კრიტერიუმად, 60-იან წლებში ეს იყო ,,ვოლგა", მერე ვიდეომაგნიტაფონი, რის არსებობის მნიშვნელობაც  კი არ იცის ახლა ზოგიერთმა ახალგაზრდამ. ვითარდება საზოგადოება და კეთილდღეობის თამასა სულ უფრო და უფრო მატულობს. 

არასწორია, განვითარებული ქვეყნის დონეზე ვახორციელოთ მოხმარება და სხვა ქვეყნის სიღარიბის  სტანდარტი დავუდოთ ჩვენი სიღარიბის სტანდარტს. ასე არ არის. ჩვენ გვჭირდება ეკონომიკური ზრდა, რისი მოცემულობა გვაქვს. გვჭირდება რომ უთანასწორობის კოეფიციენტი მცირდებდეს. 10-15 წლიან ჭრილში პროგრესი აშკარაა. ტენდენცია გაგრძელდება, დარწმუნებული ვარ, ამას იმპულსს მისცემს 15 დეკემბერს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება", - განუცხადა,,ბიზნეს-რეზონანსს" სოსო არჩვაძემ.

რაც შეეხება დასახელებულ ციფრს (3000 ლარი), ეკონომისტების ერთი ნაწილის შეფასებით, ესეც არასაკმარისია კომფორტის შესაქმნელად, თუმცა ნორმალური ცხოვრების პირობის კვალობაზე შეიძლება საკმარისი იყოს. ასე ფიქრობს ეკონომისტი გივი მომცელიძე, რომლის აზრითაც, ერთი ადამიანისთვის, სამყოფია 3000 ლარი თუ მისი ოჯახის წევრები დასაქმებული არიან. წინააღმდეგ შემთხვევაში, დავუშვათ, ოთხსულიან ოჯახს 5000 ლარი დასჭირდება, რომ  ნორმალურად იცხოვროს.

,,გააჩნია ოჯახში რამდენი მუშაობს, ოთხსულიან ოჯახში, 3 000 ლარიც ცოტაა, სრულყოფილი არ იქნება, ცოტა რთულია ცხოვრება, გააჩნია უბანს, ქირით ცხოვრობს თუ არა და ა.შ. უნივერსალური რეცეპტი არ არსებობს.

რაც შეეხება ფასების გავლენას, 2023 წლამდე, სწრაფად დაიწყო ინფლაციამ ზრდა. სერიოზული პრობლემა გაჩნდა, ბევრი ემიგრაციაში წავიდა. შემოსავალი ვერ ეწეოდა ხარჯს. ბოლო 1 წელია ვითარება გამოსწორდა, ახლა  ინფლაცია არ გვაქვს, შემოსავალი გაცილებით სწრაფად იზრდება. ისე აღარ არის, რომ ფასები უფრო გაზრდილიყო, ვიდრე ხელფასები.

საქართველოში, საშუალოდ, 1500 ლარია ხელფასი, როცა პოლონეთში ეს მაჩვენებელი 2000 ევროა, თან ფასები ნაკლებია. წელს სიტუაცია უკეთესია, მაგრამ არა საუკეთესო. როცა ვხედავთ, როგორი  მდგომარეობაა და როგორ ცხოვრებენ საშუალო ევროპული ქვეყნები, ამიტომ  უჭირავს ხალხს გაქცევისკენ თვალი", - აღნიშნა მომცელიძემ.

"ენდიაის" კვლევას გუშინვე გამოეხმაურა პროფკავშირების გაერთიანება. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ შედეგებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მოსახლეობის მთავარი გამოწვევები. ეს სწორედ ის საკითხებია, რომლის გადაჭრასაც პროფკავშირები წლებია ითხოვს.

„ამ პრობლემების გადაწყვეტა შესაძლებელია ეკონომიკის გაზრდით, ქვეყანაში ღირსეული მინიმალური ხელფასისა და პროგრესული გადასახადების დაწესებით. სწორედ ამ საკითხებზე ვმსჯელობთ ევროპელ კოლეგებთან ერთად, რომ მოვახერხოთ მწვავე თემების ირგვლივ  საზოგადოებისა და პოლიტიკოსების კონცენტრირება“, – განაცხადა პროფკავშირების გაერთიანების ხელმძღვანელმა ირაკლი პეტრიაშვილმა.

"ენდიაის" კვლევაში მონაწილეთა 18% ამბობს, რომ საკვებზე ფული არ ჰყოფნის, 35% ამბობს, რომ ფული ჰყოფნის საკვებზე, თუმცა ვერ ყიდულობს ტანსაცმელს, ხოლო 36% ამბობს, რომ ფული ჰყოფნის ტანსაცმელზე, საკვებზე, მაგრამ ვერ ყიდულობს ძვირადღირებულ ნივთებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×