ავტობიზნესის წარმომადგენლებს ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული შეხედულება აქვთ
გვანცა წულაია
12.12.2023

2024 წლიდან საქართველოში 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების შემოყვანა იკრძალება. შესაბამისი კანონი უკვე მიღებულია და გადაწყვეტილებაც 18 დღეში ამოქმედდება. რას შეცვლის ავტობიზნესში კანონი და სიახლე ხომ არ გააძვირებს 2013 წელს ქვევით გამოშვებულ მანქანებს? საინტერესოა ისიც, ვისაც ავტომობილი უკვე გამოწერილი ჰყავს, მაგრამ 2024 წელს ჩამოვა ქვეყანაში, ხომ არ შეექმნება პრობლემა?

საქართველოს მთავრობა 2024 წლიდან ქვეყანაში ასაკოვანი ავტომობილების იმპორტის შეზღუდვას აამოქმედებს. საუბარია ევრო 5-ის სტანდარტის სავალდებულო წესით დანერგვაზე, რომლის მიხედვითაც ამ სტანდარტზე დაბალი მანქანების შემოყვანა მომავალი წლიდან შეიზღუდება. რეგულაცია 2013 წლამდე გამოშვებულ მანქანებს შეეხება.

გადაწყვეტილება სულ რაღაც 18 დღეში ამოქმედდება და ცვლილებაზე ბიზნესის პოზიცია ორად იყოფა. ნაწილი ფიქრობს, რომ ცვლილება სექტორს დააზარალებს. როგორც `ავტოიმპორტიორთა კავშირის” თავმჯდომარემ ლაშა დარბაისელმა განაცხადა, კანონი ავტობიზნესზე ცუდად იმოქმედებს და ისედაც რთულ მოცემულობას, კიდევ უფრო დაამძიმებს.

"ვფიქრობ, კანონი სინამდვილეში არ განაახლებს საქართველოს ავტოპარკს. მისი განახლებს სხვა გზებით უნდა მოხდეს. მაგალითად, ადამიანს იმის საშუალება უნდა მიეცეს, რომ ავტომობილის განბაჟებაში ნაკლები თანხა გადაიხადოს, რადგან ძველი ავტომობილი ჩაანაცვლოს ახლით. ასე პირდაპირ აკრძალვა და 10 წელზე ასაკოვანი ავტომობილების ქვეყანაში ვეღარ შემოყვანა, არ არის სწორი მიდგომა და მძიმე მდგომარეობას უფრო მეტად დაამძიმებს.

ძველი წლოვანების ავტომობილი შესაძლოა, მართლაც ძალიან ცუდად მოქმედებდეს ჰაერის ხარისხზე. ეს მიმართულებაც მნიშვნელოვანია, რომ ეკოლოგია გაჯანსაღდეს, მაგრამ ვისაც ასეთი ავტომობილი ჰყავს, მას მაინც არ გააჩერებს. ვინმეს თუ ჰგონია, რომ ქართველი საკუთარ მანქანას გააჩერებს და სხვა ტრანსპორით იმგზავრებს, ძალიან ცდება. სახელმწიფომ ასეთი პრობლემები სხვანაირად უნდა გადაჭრას”, - განუცხადა "რეზონანსს” ლაშა დარბაისელმა და თან აღნიშნა, რომ ცვლილების ძალაში შეცვლის შემდეგ, 2013 წელს ქვევით გამოშვებული ავტომობილები გაძვირდება.

"ძალიან საინტერესოა, ეს ძველი ავტომობილები სად უნდა წავიდეს. გაძვირებას ველი, რა თქმა უნდა, 2013 წლამდე გამოშვებულის  მანქანების ფასი მოიმატებს საქართველოში. ისედაც გაძვირებული ავტომობილები კიდევ უფრო გაძვირდება. ეს ბიზნესსაც შეეხება”, - დასძინა "რეზონანსთან” დარბაისელმა.

საინტერესოა, რა ბედი ელით იმ ავტომობილებს, რომლებიც უკვე შეძენილია უცხოეთში, მაგრამ საქართველოში 2024 წელს შემოვა. ამ მიმართულებით ხომ არ შეიქმნება რაიმე ბარიერი. ლაშა დარბაისელი ამბობს, რომ ამაზე კონკრეტული და დაზუსტებული პასუხის გაცემა ჯერჯერობით რთულია.

"ამასთან დაკავშირებით ყოველდღიურად გვაქვს ავტოიმპორტიორებთან კომუნიკაცია და ვცდილობთ, ისინი არ დაზარალდნენ. ვნახოთ, როგორ იქნება. დაზუსტებით ჩვენც არ ვიცით. სავარაუდოდ, არ უნდა იყოს პრობლემა, მაგრამ მაინც დაველოდოთ მოვლენებს, რადგან რთულია წინასწარ რაიმეზე საუბარი”, - დასძინა ლაშა დარბაისელმა.

სრულიად განსხვავებული პოზიცია აქვს ამავე ბიზნესის სსხვა წარმომადგენელს. კომპანია „კავკასიის ავტოიმპორტის“ დირექტორი  ფიქრობს, რომ მთავრობის მიღებული კანონით ინდუსტრია არ დაზარალდება, რადგან საქართველოში 10 წელზე ასაკოვანი არც ისე ბევრი ავტომობილი შემოდის. გიორგი სურგულაძეს მიაჩნია, რომ კანონის ამოქმედების შემდეგ არც ფასი მოიმატებს ძველ ავტომობილებზე.

"გადაწყვეტილება ბევრს არაფერს შეცვლის, რადგან ბოლო დროს ისედაც ცოტა რაოდენობა იყო ამ წლოვანების ავტომობილები, რომლებიც საქართველოში შემოდიოდა. შესაბამისად, ბიზნეს დიდად არაფერი დააკლდება.

კარგი ამბავი არის ის, რომ საქართველოს ავტოპარკი შედარებით გაახალგაზრდავდება და ძველი მანქანები აღარ შემოვა ქვეყანაში. ამიტომ, საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილებას დადებითად ვაფასებს.

აღნიშნული ცვლილებით 2013 წელს ქვევით გამოშვებული ავტომობილების გაძვირება ვერ მოხდება, რადგან პროცენტული რაოდენობა, ჩვენი კომპანიის ნიმუშზე რომ გითრხათ, შეიძლება იყოს 1-2%, ყველაზე დიდი 3%, როცა ასეთი ავტომობილები შემოდიოდა შეკვეთით. შესაბამისად, სტატისტიკიდან ასეთი პროცენტული მაჩვენებლის ამოგდება, არც გაძვირებაზე და არც რაიმე სხვა შედეგზე არ იქონიებს გავლენას. ყველაფერი ჩვეულებრივ გაგრძელდება, არაფერი არ გაძვირება. უბრალოდ, ძველი ავტომობილების ცოტა რაოდენობა მოაკლდება ბაზარს”, - განუცხადა "რეზონანსს” სურგულაძემ და დასძინა, რომ პრობლემა არ იქნება, თუ ავტომობილი წელსაა გამოწერილი, მაგრამ საქართველოში მომავლ წელს შემოვა.

"ცვლილება კარგა ხნის წინ დაიგეგმა, ჩვენც გავითვალისწინეთ და შესაბამისად, 2013 წლზე ასაკოვანი ავტომობილების შესყიდვა აღარ ხდება. იანვრიდან ამოქმედდება კანონი და პრინციპში, ასეთი მანქანები აღარ გვეყოლება”, - დასძინა "რეზონანსთან” გიორგი სურგულაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×