კომერციულ საგანმანათლებლო სისტემაში უკვე კრიზისის ნიშნები და კადრების დეფიციტია
გვანცა წულაია
08.01.2024

ბოლო დროს ძალიან გახშირდა შემთხვევები, რომ მასწავლებლები კერძო სკოლიდან საჯარო სკოლაში გადადიან. ამის პირველი მიზეზი მეტი ანაზღაურებაა, რასაც სხვა ფაქტორებიც სდევს თან. ახალმა სახელფასო სისტემამ, ერთი მხრივ, განაპირობა ისიც, რომ პედაგოგის პროფესია სულ უფრო პრესტიჟული ხდება.

მთავრობის ბოლო დროის გაცხადებული პოლიტიკაა, რომ პედაგოგების ხელფასი ყოველწლიურად უნდა გაიზარდოს. ეს  განათლების სისტემაში დასაქმებას პოპულარობას და მიმზიდველობას სძენს. ანაზღაურების ყოველწლიურმა მატებამ მეტი კონკურენცია გააჩინა საჯარო და კერძო სკოლებს შორის, ამიტომ არაერთმა მასწავლებელმა დატოვა კერძო დაწესებულება და  საჯარო სკოლაში განაგრძო საქმიანობა.

განათლების ექსპერტი ზურაბ ვახანია ადასტურებს, რომ პედაგოგები კერძო სკოლებიდან საჯარო სკოლებში უკვე ხშირად გადადიან, რისი უმთავრესი მიზეზიც ანაზღაურებაა.

„მასწავლებლები კერძო სკოლიდან საჯარო სკოლებს უბრუნდებიან და ამის მიზეზი ხელფასია. მრავალი შემთხვევაა ასეთი და ბუნებრივია კიდეც. კერძო სკოლები ვეღარ იხდიან მაღალ ხელფასს, რადგან ასეთ შემთხვევაში ძალიან ძვირი გამოვა სკოლის გადასახადი. ამას კი მოსწავლეების რაოდენობის შემცირება მოჰყვება. ეს ჩვეულებრივი საბაზრო პრინციპია. ზოგიერთ კერძო სკოლაში არის მაღალი ხელფასები, მაგრამ უმრავლესობაში იმაზე ნაკლებია, ვიდრე საჯაროში, მით უმეტეს არ უნაზღაურებენ ზაფხულის თვეებს, შვებულების დროს და ა.შ.

მეორე მიზეზი არის ის, რომ მრავალ კერძო სკოლაში მასწავლებელი ძალიან უუფლებოა, ამიტომ საჯარო სკოლაში დასაქმება ურჩევნია პედაგოგს“, - განუცხადა „ბიზნეს-რეზონონანსს“ ვახანიამ და დასძინა, რომ სკოლებში ბევრი პრობლემაა, რომლის მოგვარებაც აუცილებელია.

„პროფესია მასწავლებელი დღემდე არ არის სათანადოდ დაფასებული. დღეს უკვე კარგი გეგმები აქვს განათლების სამინისტროს და ვნახოთ, თუ შესრულდება. პირველი და საყოველთაოდ გავრცელებული შეცდომა არის ის, რომ დაფასება ხელფასი ჰგონიათ. ამჟამად მასწავლებლებს, ვისაც სრული და საკმარისი დატვირთვა აქვთ, მათი ხელფასი არ არის დაბალი, მაგრამ სხვა საკითხია ის, რომ ბევრ მათგანს არ აქვს დატვირთვა.

საყურადღებოა ფინეთის მაგალითი, სადაც განათლების სისტემაში სასწაული მოხდა და იქ პირველი რაც გაკეთდა, ეს მართლაც იყო პედაგოგის დაფასება. 20 წელიწადში შეძლეს ის, რომ მასწავლებლობა გახდა ერთ-ერთი პრესტიჟული პროფესია, მათ შორის ახალგაზრდებში. ექიმი რომ გახდე ბევრი საფეხური უნდა გაიარო, ასეა ფინეთში მასწავლებლობაც. რა თქმა უნდა, იქ კარგი ხელფასი აქვთ ამ პროფესიის ხალხს, თუმცა გერმანიასთან, ჰოლოანდიასთან და ამერიკასთან შედარებით, ნაკლები, მაგრამ ფინეთში პედაგოგობა პრესტიჟულია.

ჩვენთან რაც ხდება, ამ პირობებში მასწავლებლობა ვერ გახდება პრესტიჟული, რადგან ახლგაზრდა ხედავს იმას, რომ პედაგოგები გაწამებულები არიან. პირველ რიგში, ბიუროკრატიაა. მასწავლებლებს სისხლი გაუშრეს ბიუროკრატიით. ათასი საბუთის შევსება უწევთ. ბავშვის სწავლის პროცესში არაფერს გვაძლევს გაუთავებელი ფორმების შევსება და ანგარიშების წერა.

ძალიან ცუდი სამუშაო პირობებია, სადაც, პირველ რიგში, იგულისხმება კლასში მოსწვლეთა ოდენობა. 25 ბავშვიც კი ძნელია და სადაც 30 და 35 მოსწავლეა, იქ სწავლაზე საუბარი ხომ ზედმეტია.

გარდა ამისა, ბავშვის, მასწავლებლის და მშობლის უფლება-მოვალეობები ძალიან გაუწონასწორებელია. შრომის პირობეში შედის ისიც, რომ მასწავლებელს ნორმალურად კვებაც უნდა შეეძლოს და გადარბენაზე არ იყოს. მასწავლებელს სკოლაში ყოფნა უნდა სიამოვნებდეს და მისვლა უხაროდეს“, - დასძინა „ბიზნეს-რეზონანსთან“ ზურაბ ვახანიამ.

წინა წელს არაერთი კვლევა გამოქვეყნდა იმის შესახებ, რომ კერძო სკოლები, მასწავლებელთა ხელფასების კუთხით, საჯაროებს კონკურენციას ვეღარ უწევს. ასეთია, მაგალითად, „თიბისი კაპიტალის“ მიმოხილვა, რომლის მიხედვითაც, კერძო სკოლებისთვის გართულდა მდგომარეობა საჯარო სკოლების მიერ გაცემულ შრომის ანაზღაურებასთან მიმართებით. საბიუჯეტო დაწესებულებები მასწავლებლებს, თავიანთი სტატუსის შესაბამისად, მნიშვნელოვნად გაზრდილ ხელფასს სთავაზობს.

„კერძო სკოლების დიდი ნაწილი ვერ ახერხებს იდენტური ანაზღაურების შეთავაზებას, რამაც გამოიწვია კერძო სკოლაში დასაქმებულ მასწავლებელთა საჯარო სკოლაში გადინება. შესაბამისად, მასწავლებელთა რაოდენობამ მეტად დაიკლო კერძო სკოლებში. განათლების სამინისტროს მიერ დანერგილმა ახალმა სახელფასო სისტემამ საჯარო სკოლებს აარიდა კადრების დეფიციტი.

კერძო სკოლებში, საერთო ჯამში, მასწავლებელთა რაოდენობა 2022 წელს 20%-ით შემცირდა, იმავე პერიოდში, საჯარო სკოლებში მასწავლებელთა რაოდენობა კი 3%-ით გაიზარდა", - აღნიშნულია "თიბისი კაპიტალის" მიმოხილვაში.

ექსპერტთა ნაწილი ფიქრობს, რომ განათლების სფეროში შემუშავებულმა სხვადასხვა სახელფასო პოლიტიკამ პედაგოგის პროფესია გახადა საკმაოდ პრესტიჟული. პროფესორი პაატა აროშიძე აცხადებს, რომ კერძო სკოლიდან პედაგოგების საჯარო სკოლაში გადასვლა იმის დამადასტურებელია, რომ ანაზღაურება იქ უფრო მეტია და უკვე პირობებიც უკეთესია.

„საქართველოში მასწავლებლობა არ იყო პოპულალური, ანაზღაურება კი ყოველთვის იყო მიზერული, მაგრამ განათლების სფეროში შემუშავებულმა სხვადასხვა სახელფასო პოლიტიკამ პედაგოგის პროფესია გახადა საკმაოდ პრესტიჟული. სხვადასხვა სტატუსიის და კატეგორიის მასწავლებლის ხელფასი უტოლდება საჯარო სექტორში დასაქმებული წამყვანი თუ მთავარი სპეციალობის მოხელის ანაზღაურებას. ამიტომ არასწორია შეხედულება, რომ, ხელფასის კუთხით, მასწავლებლობა ნაკლებად პრესტიჟულია.

დღეს, საჯარო სკოლებში უფრო მოტივირებული და მაღალი დონის მასწავლებლები ასწავლიან, ვიდრე კერძო სკოლებში. ხშირ შემთხვევაში, კერძო სკოლებში ანაზღაურება იმ დონის არ არის, როგორც საჯარო სკოლებში. ვეღარავინ იტყვის, რომ პედაგოგთა დონე კერძო სკოლებში მაღალია. ასევე არასწორად მიმაჩნია ის, რომ მოსწავლე კერძო სკოლაში რაიმე განსაკუთრებულ ცოდნაც იძენს. საჯარო სკოლაშიც თავისუფლად შესაძლებელია იმ ცოდნის მიღება, რაც საჭიროა მომავალი განათლებისათვის.

კერძო სკოლიდან პედაგოგების საჯარო სკოლაში გადასვლა იმის დამადასტურებელია, რომ სახელფასო ანაზღაურება იქ უფრო მეტია და პირობებიც უკეთესია. წმინდა პედაგოგიური მიმართულებითაც საჯარო სკოლა უფრო მეტ შესაძლებლობას იძლევა“, - განუცხადა „ბიზნეს-რეზონანსს“ პაატა აროშიძემ.

2022/2023 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში სულ 2 302 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება (სკოლა) იყო, მათ შორის 2 086 საჯარო, ხოლო 216 კერძო. წინა სასწავლო წელთან შედარებით, ქვეყანაში არსებული სკოლების რაოდენობა 6 ერთეულით შემცირდა.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის ივლისის თვიდან პედაგოგოებისთვის ახალი სახელფასო პოლიტიკა ამოქმედდება და საჯარო სკოლი მასწავლებლების სახელფასო განაკვეთიც კიდევ უფრო გაიზრდება.

პრობლემის სიმწვავეს გრძნობენ კერძო სექტორში. სავარაუდოა, რომ 2024-2025 სასწავლო წლიდან კერძო სკოლებში სწავლა საშუალოდ 15-18%-ით გაძვირდება. როგორც საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა და გიმნაზია "შავნაბადას" დირექტორმა ავთანდილ აბდუშელიშვილმა „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, ზრდის მიზეზი მთავრობის გადაწყვეტილებაა, რომლის მიხედვითაც, 1 ივლისიდან საჯარო სკოლის პედაგოგების ანაზღაურება 500 ლარით გაიზრდება.

კერძო სკოლის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ თუკი კერძო სკოლებში დასაქმებული პედაგოგებისთვის ხელფასის ზრდა იგივე პრინციპით არ მოხდება, საჯარო სკოლებში გადინების მაჩვენებელი გაიზრდება.

„კერძო სკოლებში წლიდან წლამდე გადასახადი საშუალოდ 10%-ით ყოველთვის იზრდებოდა, თუმცა წელს საჯარო სკოლებში მასწავლებლებისთვის ხელფასების მატება იქნება ერთ-ერთი წინაპირობა იმისა, რომ კერძო სკოლებმა თავიანთ ბიუჯეტს კიდევ ერთხელ გადახედონ და უფრო მეტით გაზარდონ სწავლის ღირებულება. არ გამოვრიცხავ რომ ეს ზრდა 15-18%-ის ფარგლებში იყოს.

მასწავლებელთა ხელფასების ზრდა მნიშვნელოვანი და სწორი ნაბიჯია, თუმცა მეორე მხრივ ეს არის კერძო სკოლებისთვის გამოწვევა. 500-ლარიანი მატება საკმაოდ დიდი მატებაა. ჩემს სკოლაში 100 მასწავლებელი ასწავლის, წლიურ ჭრილში 600 000-ლარიან მატებაზეა საუბარი, ამის გარდა, უამრავი რამეა რაც ხარისხიანი გაკვეთილის ჩატარებისთვის არის საჭირო, ამიტომ სახელფასო ბიუჯეტი მსუყედ გვეზრდება. 10-12%-იანი მატებით უბრალოდ ვერ შევინარჩუნებთ ამ ყველაფერს“, - განაცხადა აბდუშელიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×