"ეს არ ნიშნავს, რომ ხვალ ინვესტორები კარს შემოგვიმტვრევენ და საერთოდაც ამ მხრივ განსკუთრებული არაფერი მოხდება“
ქეთო გოგოხია
08.01.2024

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის რეალურად დიდი გამარჯვებაა, მაგრამ ინვესტიციების მოზიდვის კუთხით ამ ფაქტორის გავლენა ჯერ კიდევ მცირეა. ინვესტორებისთვის საქართველო რთული რეგიონია, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ორი ომი უკვე იყო, უკრაინაშიც ხანგრძლივვადიანი ომია. ასეთ გარემო პირობებში გრძელვადიან ინვესტირებაზე საუბარი რთულია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ სახელმწიფო ჩადგება გარანტად. სხვა სიტუაციაში კანდიდატის სტატუსი და  სხვა რამ სიტუაციას ვერ შეცვლის და ამაზე უკვე ბიზნესმენები და ეკონომისტების ნაწილიც ღიად საუბრობს.

ისინი ფიქრობენ, რომ მხოლოდ კანდიდატის სტატუსის გამო ინვესტორების მოზღვავება არ იქნება. იმისთვის, რომ საქართველოს საინვესტიციო გარემო უფრო მიმზიდველი გახდეს, საჭიროა მეტი გარანტიები, ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობა, რისი ნიშნებიც საქართველოში, რთული გეოპოლიტიკური და ქვეყნის შიგნით არსებული პროცესებიდან გამომდინარეც, არ შეიმჩნევა. ქვეყანას უახლოეს წლებში ორი არჩევნები ელოდება, ესეც დამაბრკოლებელი გარემოებაა ინვესტორებისთვის, როგორც არ უნდა დამთავრედეს ეს პროცესი. შესაბამისად, ბიზნესმენების განწყობა ამ მხრივ დიდად ოპტიმისტური არ არის.

ბიზნესმენების უკვე პირდაპირ საუბრობენ, რომ კანდიდატის სტატუსი ინვესტიციების მოზღვავებას ვერ გამოიწვევს, თუ ამისთვის საბაბად არ იქცევა ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარება ქვეყანაში.

კომპანია ,,გეფერინის" დამფუძნებელი ილია გეფერიძე კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ქვეყნის დიდ გამარჯვებად მიიჩნევს, თუმცა საუბრობს გამოწვევებზეც, ძირითადად ინვესტიციებთან დაკავშირებით. მისი თქმით, მნიშვნელოვანია საინვესტიციო გარემოს გაჯანსაღება და მიმზიდველი პირობების შექმნა ინვესტორებისთვის, რაც მოიცავს როგორც საგადასახადო პოლიტიკას, ასევე გამართულ სასამართლო სისტემას.

"კანდიდატის სტატუსი ნამდვილად არის დიდი შესაძლებლობა, რაზეც იმედს ვამყარებთ. თუმცა გადაჭარბებული მოლოდინი არ უნდა გვქონდეს. კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ მარტო კანდიდატის სტატუსით ვერ მოვიზიდავთ ინვესტორებს, გვჭირდება სწორი ეკონომიკური პოლიტიკა და მეტი სტაბილურობა იმისთვის, რომ ქვეყნის საინვესტიციო გარემო უფრო მიმზიდველი გახდეს.

მიღწევების პარალელურად არის რიგი გამოწვევები, რასაც ქვეყანამ როგორმე უნდა გაართვას თავი, რასაც მომავალი კეთილდღეობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება. რაც მთავარია, ეროვნული მრწეველობის განვითარებას განსაკუთრებით უნდა მიექცეს ყურადღება. სტრატეგიული დარგები განვითარდეს და უსაფრთხო ბიზნეს გარემო იყოს ქვეყანაში, ამას განაპირობებს სწორი საგადასახადო პოლიტიკა და მიუკერძოებელი, გამართული სასამართლო სისტემა. ყველაფერი ერთად მწვანე შუქია ინვესტორებისთვის, კაპიტალდაბანდებები განახორციელონ და მყარად მოიკიდონ ფეხი საქართველოში. სამომავლოდ ევროკავშირის წევრობა ამის გარანტად იქცევა, მაგრამ მანამდე რთული ეტაპია გასავლელი", - აღნიშნა,,ბიზნეს-რეზონანსთან" გეფერიძემ.

ამდენად, ბიზნესის პოზიცია საკამოდ ფრთხილია და სექტორი, პირველ რიგში, გადამწყვეტ მნიშვნელობას ეკონომიკურ და პოლიტიკურ სტაბილურობას ანიჭებს. საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელის ივა ჭყონიას შეფასებით, სტატუსის მიღება უფრო მეტ პასუხისმგებლობას ნიშნავს, რათა ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის მოთხოვნები დააკმაყოფილოს.

„რატომღაც მოსახლეობის, სახელმწიფო მოხელეებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლების უმრავლესობას, ასეთი აღქმა აქვს, რომ რაღაი კანდიდატის სტატუსი მოგვცეს და „ჯიბეში გვაქვს“ ყველაფერი. კანდიდატის სტატუსი ძალიან დიდი პასუხისმგებლობის აღებას ნიშნავს, რადგანგაცილებით მეტი გვაქვს გასაკეთებელი, ევროკავშირის წევრი ქვეყანა რომ გავხდეთ. სტატუსის შემდეგ, უფრო მეტად გვაკვირდებიან. არის ქვეყნის შიგნით ისეთ პრობლემური საკითხები, რომლებიც პოლიტიკურად არის გადასაწყვეტი, ვიდრე ეს მხოლოდ ბიზნესსექტორმა გააკეთოს.

კანდიდატის სტატუსი იმას ნიშნავს, რომ შეიძლება პოტენციურმა ინვესტორმა პროექტი მოამზადოს, რომ ქვეყანაში შემოვიდეს, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენთვის და გვჭირდება მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ ხვალ ინვესტორები კარს შემოგვიმტვრევენ და შემოვლენ“, - განაცხადა "ბიზნეს მედიაში" სტუმრობისას ჭყონიამ.

კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დადებითად აფასებენ ეკონომისტებიც, თუმცა ნაწილი ამბობს, რომ  მოლოდინი ეკონომიკურ კეთილდღეობასა და ინვესტიციებთან დაკავშირებით გადაჭარბებულია. "ახალი ეკონომიკური სკოლის" პრეზიდენტის პაატა შეშელიძის თქმით, სტატუსი ავტომატურად არ ნიშნავს ეკონომიკური აქტივობის ზრდას და ინვესტიციების მოზღვავებას, ამიტომ მოლოდინი უნდა იყოს ზომიერი და ყველაფერი გაკეთდეს მთავრობის მხრიდან, რათა სწორი ეკონომიკური პოლიტიკა შემუშავდეს, რაც ინვესტიციებს მოიზიდავს.

"უცხოური კაპიტალის კუთხით რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებას არ უნდა ველოდოთ. გადაჭარბებულია მოლოდინი, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღეთ და უცხოელი ინვესტორები დაიძვრებიან საქართველოსკენ. ველოდები, რომ ევროკავშირის  და ევროკომისიის დახმარება, რაც უკავშირდება გრანტებს და ინსტიტუციური პროექტების მხარდაჭერას, ცოტათი გაიზრდება, მაგრამ ამაზე მეტი მოლოდინი არ უნდა გვქონდეს, სანამ ეკონომიკური პოლიტიკა არ შეიცვლება ქვეყანაში.

არ უნდა გვეგონოს, რომ კანდიდატის სტატუსი ავტომატურად ნიშნავს ეკონომიკური აქტივობის ზრდას, ამას სხვა რამ სჭირდება. ჩვენი განვითარება დამოკიდებულია სწორი და სტრუქტურული რეფორმების განხორციელებასთან, საქართველომ უნდა შეძლოს და გახდეს საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანი, მაღალტექნოლოგიური მომსახურება განავითაროს. ამ ყველაფერს თუ მივაღწევთ, ნამდვილად მოგვცემს კეთილდღეობას მომავალში და ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობასაც შექმნის, სხვა ალტერნატივას ვერ ვხედავ", - უთხრა ,,ბიზნეს-რეზონანსს" შეშელიძემ.

ევროპულმა საბჭომ გადაწყვეტილება საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების თაობაზე 2023 წლის 14 დეკემბერს მიიღო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×