ბინზინის შემოტანა ისევ რუსეთდან დაიწყო და ნავთობპროდუქტების დიდი წილის შეძენა ისევ ჩრდილოეთის ბაზრიდან ხდება
გვანცა წულაია
09.01.2024

მსოფლიოში ნავთობის გაიაფების ტენდენცია 2024 წელსაც გაგრძელდა. ღირებულების კლება საკმაოდ თვალში საცემია ბოლო თვეებში. თითქმის სამთვიან მონაკვეთში ფასი დაახლოებით 22%-ითაა შემცირებული. ეს მაშინ, როდესაც ოქტომბრის დასაწყისში ნავთობი თითქმის 100 დოლარი ღირდა. სპეციალისტების მოლოდინით, შავი ოქრო კიდევ გაიაფდება. საინტერესოა, როგორ აისახება მსოფლიო ტენდენცია საქართველოზე?

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი ისევ ეცემა. ბოლო მონაცემების მიხედვით, „ბრენტის” ტიპის საწვავი 76 დორალამდე ჩამოვიდა. იაფდება ამერიკული „ლაითიც” და მისი ღირებულება 70 დოლარის ფარგლებშია. რუსულ „ურალსი” კი 60 დოლარი ღირს.

ნავთობის გაიაფება ოქტრომბერში დაიწყო და მას შემდეგ ღირებულება ეტაპობრივად იკლებს. ფასის კორექტირების მიზეზზე გაამახვილა ყურადღება საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკა შენგელიამ და დაადასტურა, რომ კლება ისევ მოსალოდნელია.

„მსოფლიოში ნავთობზე ფასის შემცირება კვლავ მოსალოდნელია. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ „ოპეკი პლუსის” წევრი სახელმწიფოებიდან რამდენიმე ქვეყანა გავიდა შეთანხმებიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი აღარ ექვემდებარებიან მათ რეკომენდაციებს და ნავთობის გაყიდვა შეუძლიათ თავიანთი შეხედულებისამებრ. რა თქმა უნდა, ეს უკვე ძლიერი ფაქტორია, რომ ნავთობის ღირებულება შემცირდეს, ყოველ შემთხვევაში არ გაიზარდოს. უახლოესი 2-3 კვირის განმავლობაში ნავთობზე ფასების რაიმე განსაკუთრებულ ცვლილებას არ ველოდებით”, - განუცხადა „რეზონანსს” ნიკა შენგელიამ და დასძინა, რომ თუ მსოფლიოში ნავთობი 70 დოლარზე ნაკლები ეღირება, მაშინ საქართველოში საწვავი 5-10 თეთრით კიდევ გაიაფდება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, იგივე ფასები შენარჩუნდება.

„რაც შეეხება საქართველოს, ჩვენთან ველოდებით იმას, რომ „კარტელი”, რომელიც მოქმედებს ქართულ ბაზარზე, მაღალი ფასების შენარჩუნებას ყველანაირად ცდილობს. მიუხედავად კონკურენციის სააგენტოს მიერ გამოწერილი ჯარიმებისა, „კარტელი” მაინც მოქმედებს თავიანთი წესით, ცდილობენ საწვავზე მაღალი ფასები შეინარჩუნონ.

ჯერ ერთი, დავაკვირდეთ იმას, რომ არც ერთ ქვეყანაში დიზელი ფასი ბენზინის ღირებულებაზე მაღალი არ არის, ეს მხოლოდ საქართველოში ხდება, რაც არის გავლენა იმ შემომტანი კომპანიის, რომელსც აქვს სურვილი, რომ საქართველოში დიზელის საწვავზე მაღალი ფასი შენარჩუნდეს.

თუკი მსოფლიოში ნავთობის ღირებულება 70-დოლარიან ნიშნულს ჩამოსცდება, მაშინ შესაძლებელია იმაზე ფიქრი, რომ ფასის კორექტირებიდან დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში აქ 5 თეთრით დასწიონ ფასები. თუ არ ჩამოცდება და ერთი ბარელი 70 დოლარზე მეტი ეღირება, მაშინ საქართველოში საწვავის ფასი დარჩება იგივე, რაც ახლა არის”, - დასძინა „რეზონანსთან” ნიკა შენგელიამ.

შარშან გარკვეული პერიოდით რუსეთიდან სწვავის იმპორტი შეზღუდული იყო, თუმცა იქ დაწესებული შეზღუდვა უკვე გაუქმებულია. შესაბამისად, საქართველოში რუსული ბენზინიც და დიზელიც შემოდის.

21 სექტემბრიდან რუსეთის მთავრობამ შიდა ბაზრის სტაბილიზაციის მიზნით ბენზინისა და დიზელის ექსპორტზე დროებითი აკრძალვა შემოიღო, რასაც რიგი გამონაკლისები ერთვოდა. 6 ოქტომბერს შეზღუდვები მილსადენებით დიზელის საწვავის საზღვაო პორტებში ექსპორტზე გაუქმდა იმ მწარმოებლებისთვის, რომლებიც შიდა ბაზარს წარმოებული დიზელის, მინიმუმ, 50%-ს აწვდიდნენ. 17 ნოემბრიდან რუსეთის მთავრობამ ბენზინის ექსპორტის დროებითი შეზღუდვაც გააუქმა, რაც მალევე დიზელის ექსპორტზეც გავრცელდა.

ამ გარემოების გათვალისწინებით საქართველო კვლავ რუსეთზე გადაერთო და ნავთობპროდუქტების დიდი ნაწილის შეძენას ისევ ამ ბაზრიდან ხდება.

კომპანია „სენტა პეტროლიუმის” დამფუძნებელი ზაალ იაკობიძე აცხადებს, რომ რუსულსა და ევროპულ საწვავს შორის სხვაობა დაახლოებით 25-30 თეთრია.

„საბითუმო ბაზარზე ბენზინის 2.30 ლარი ღირს, ხოლო დიზელის ღირებულება 2.80 ლარია. რუსეთიდან საწვავის შემოტანა განახლდა და ევროპულსა და რუსულ საწვავს შორის ფასთა სხვაობა დაახლოებით 25-30 თეთრია.

თუ ნავთობი გაიაფდება, ეს გარემოება ჩვენს ბაზარს აუცილებლად შეეტყობა. რაიმე განსაკუთრებულ ცვლილებას არ ველოდებით მოკლე პერიოდში”, - განუცხადა „რეზონანსს” ზაალ იაკობიძემ.

შარშან სანავთობო ბირჟებზე მთელი წელი მნიშვნელოვანი რყევა შეინიშნებოდა, რაც როგორც მსოფლიოში არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებას, ასევე გაზრდილ მოთხოვნას და ნავთობის წარმოების შემცირებასთან დაკავშირებით, მიღებულ გადაწყვეტილებებს უკავშირდებოდა. განსაკუთრებული რყევა ივლისიდან-სექტემბრამდე პერიოდში დაფიქსირდა, რა დროსაც ნავთობის ფასი ჯამში 40%-ით გაიზარდა.

ამის შემდგომ, უკვე ახლო აღმოსავლეთში დაიწყო ომი, რამაც „ბრენტის" ტიპის ნავთობის ფასი საწყის ეტაპზე 10%-ით გააძვირა. თუმცა, ომიდან რამდენიმე დღეში, ნავთობის ფასი კლებისკენ წავიდა, რაც დარგის ექსპერტებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან ინვესტორები და საერთაშორისო ბანკები ბევრად უფრო დიდ ესკალაციას და ნავთობის მიწოდებისთვის საფრთხის შექმნას ელოდებოდნენ.

„თიბისი კაპიტალის" ასოცირებული მკვლევარის რატი კალანდარიშვილის შეფასებით, სანავთობო ბირჟებზე სტაბილურობა ნარჩუნდება, თუმცა ანალიტიკოსები ელიან, რომ 2024 წელს ნავთობი, საშუალოდ, 10%-ით გაძვირდება, რადგან საბაზრო რყევის რისკი ექსტრემალურად მაღალია, გრძელდება რუსეთ-უკრაინის ომი, ასევე ომი ახლო აღმოსავლეთში. „გარდა ამისა, არსებობს მოლოდინი, რომ ოპეკის ქვეყნები და რუსეთი ისევ გააგრძელებენ ნავთობის მიწოდების ხელოვნურად შემცირებას.

საერთაშორისო ბანკების მოლოდინით, 2024 წლის განმავლობაში, ნავთობის საერთაშორისო ფასი 81-დან 89 დოლარის ფარგლებში იქნება“, - დასძინა რატი კალანდარიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×