"სტიმული გაუჩნდება ახალგაზრდებს, რომ საჯარო სამსახურში სცადონ ბედი, რამდენიმე თვე მაინც იმუშავებენ პროფესიით, მეტი მოტივაცია გაჩნდება"
ქეთო გოგოხია
26.02.2024

სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმება შესაძლოა, უფრო მიმზიდველი გახდეს. ამ მიზანს ემსახურება მთავრობის ინიციატივა, რომლის მიხედვითაც საჯარო სექტორში სტაჟირება სტუდენტებისთვის ანაზღაურებადი გახდება. ჯერჯერობით უცნობია, რეგიონის მუტიციპალიტეტებზეც გავრცელდება თუ არა კანონი, თუმცა სპეციალისტები თვლიან, რომ მნიშვნელოვანია ახალმა მექანიზმმა მთელი მასშტაბით იმუშაოს, რაც საჯარო სექტორში დასაქმებას წაახალისებს და შრომის ბაზრის გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს.

ის, რომ ინიციატივა კერძო სექტორმაც უნდა გაიზიაროს, ყველა ეთანხმება, თუმცა ამ საკითხს ჯერ კიდევ მაინც სკეპტიკურად უყურებენ და აცხადებენ, რომ საეჭვოა, ბიზნესმა სტუდენტების სტაჟირება ფასიანი გახადოს, როცა სექტორში გამოცდილების მქონე კადრებსაც უჭირთ ანაზღაურების კუთხით და მათი შრომა სათანადოდ ვერ ფასდება.

სტუდენტებთან დაკავშირებით ცნობილია, რომ სახელმწიფო სტრუქტურებში მათი სტაჟირება  ანაზღაურებადი უკვე წელს დაიწყება. ამის თაობაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში წელსვე 2-3 ათასი კურსდამთავრებული შეძლებს სარგებლობას.

დეტალებზე, თუ როდიდან და როგორ მოხდება სტუდენტების მიღება სხვადასხვა უწყებებში, განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა განცხაება.

„კანონის მოთხოვნა არის რომ უნდა იყვნენ კურსდამთავრებულები, შესაბამისად, ვინც წელს ამთავრებს უნივერსიტეტს და ზაფხულის პერიოდში უკვე დაასრულებს სრულად სწავლას, შეეძლება პროგრამაში მონაწილეობა.

ზაფხულის პერიოდშივე დაიწყება შესაბამისი კონკურსები, რათა მიმდინარე წლის სექტემბრიდან შეძლონ სტაჟირების გავლა. ეს ეხება ყველა სამინისტროს და მის დაქვემდებარებაში მოქმედ სსიპ-ებს და საქვეუწყებო დაწესებულებებს, ასევე ყველა მუნიციპალიტეტს.

უახლოეს პერიოდში ყველა სახელმწიფო დაწესებულებაში შევკრებთ იმ ადგილებს, სადაც დასაქმების შესაძლებლობაც არის. ვფიქრობთ, ეს 2-3 ათასის ფარგლებში იმერყევებს. შესაძლებელია მოთხოვნა მეტი იყოს, მაგრამ ჩატარდება კონკურსი, იქნება უწყებათაშორისო კომისია და ასე შეირჩევიან კანდიდატები. ჩვენთვის, მნიშვნელოვანია ხელი შევუწყოთ იმ ადამიანებს, ვისაც შემდგომი პროფესიული განვითარებისთვის სჭირდება წახალისება,“- აღნიშნა ამილახვარმა.

აქ მნიშვნელოვანია ერთი საკითხი, რაზეც სპეციალისტები ყურადღებას ამახვილებენ, რამდენად შეეხება ახალი ინიციატივა ყველას - როგორც სახელმწიფო უნივერსიტეტის, ასევე კერძო სასწავლებლების სტუდენტებს და რამდენად განხორციელებადია იდეა, რითაც გასულ წლებში არაერთი პოლიტიკური ძალა მანიპულირებდა. სწორედ ეს კითხვები დასვა ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ საუბრისას აკადემიკოსმა ავთო სილაგაძემ, რომლის შეფასებითაც ინიციატივა კარგია, მაგრამ მექანიზმებზე მსჯელობა უნდა გაგრძელდეს.

,,მსგავსი ინიციატივები ადრეც იყო გარკვეული პოლიტიკური ძალების მიერ, მაგრამ კანონის დონეზე პირველად დაიწყო საუბარი, რაც დადებითია. ამის პრაქტიკა არსებობდა, გარკვეული მიმართულებით სტუდენტების პრაქტიკა ანაზღაურებადი იყო, გარკვეულ მიმართულებით - არა. ახლა  კერძო უმაღლესი სასწავლებლების სტუდენდებსაც მიეცემა თუ არა ფასიანი სტაჟირების შესაძლებლობა, არ ვიცით. შესასწავლი საკითხია, ვინაიდან ბევრი კერძო სასწავლებელია, ამიტომ უნდა ვიცოდეთ, თუ სახელმწიფო სტრუქტურებს დაევალება ამ სტუდენტების სტაჟირება, გავრცელდება თუ არა ვალდებულება ყველა სასწავლებლის სტუდენტზე. სტაჟირება, თუმცა უფასო, სტუდენტებს დღესაც მოეთხოვებათ. კარგად თუ ცუდად, ეს დევს სასწავლო პროგრამებში.

კარგია, თუ მიიღებენ გადაყვეტილებას, მაგრამ გასათვლელია, ყველა სტუდენტზე ვალდებულებას აიღებს თუ არა სახელმწიფო? რამდენად შეძლებს ამას, ექნება თუ არა შესაბამისი რესურსი და სხვა. რადგან ინიციატივა პრემიერისგან მოდის და   სახელმწიფოა ინიციატორი, ცხადია, რეგიონალურ მუნიციპალიტეტებზეც გავრცელდება. ჩემი აზრით, საკითხი შესასწავლია. საინტერესოა დაავალდებულებენ თუ არა მომავალში კერძო სექტორსაც. იდეა კარგია, მაგრამ მექანიზმებზე სამსჯელოა“, - განაცხადა ავთო სილაგაძემ ჩვენთან საუბრისას.

მთავრობის გადაწყვეტილებას განათლების სფეროს ექსპერტებიც მიესალმებიან. ისინი დარწმუნებულნი, რომ საჯარო სექტორში დასაქმების სტიმულირება მოხდება, რა მხრივაც წამოწყება დადებითია, თუმცა კერძო სექტორის ნაწილში მათი მოლოდინბი ნეგატიურია. განათლების დარგის ექსპერტი მუხრან გულიაშვილის აზრით, ბიზნესი ამ ინიციატივას ვერ აუბამს მხარს, რადგან კერძო სტრუქტურებს თვითონ აქვთ გარკვეული პრობლემა დასაქმებულების შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.

,,სტუდენტების სტაჟირება აქამდე არ დაფინანსებულა და არ იყო სტიმულიც, რაც ახალგაზრდების ინტერესს გაამძაფრებდა. ცხადია, თუკი საჯარო სექტორში გაივლის სტუდენტი პრაქტიკას და აქედან თანხას მიიღებებს, ინტერესიც გაიზრდება. სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმების პერსპექტივასაც გაზრდის და შრომის ბაზარზეც დადებით გავლენას მოახდენს.

ჩემი აზრით, უფრო მნიშვნელოვანია, ეს მიდგომა რეგიონებთან მიმართებაშიც შემუშავდეს, ყველა მუნიციპალიტეტს უნდა შეეხოს, განსაკუთრებით კი დიდ ქალაქებზე გავრცელდეს, სადაც სახელმწიფო დაწესებულებებია. სტიმული გაუჩნდება ახალგაზრდებს, რომ საჯარო სამსახურში სცადონ ბედი, რამდენიმე თვე მაინც იმუშავებენ პროფესიით, მეტი მოტივაცია გაჩნდება.

არა მგონია, კერძო სექტორმა ამ შემთხვევაში ეს მიდგომა დანერგოს, თუკი კანონი ამას არ დაავალდებულებს. თვითონ ბიზენსს აქვს პრობლემა საკუთარ დასაქმებულებთან, არაერთი კომპანიაა, სადაც თანამშრომლებს ზოგჯერ უფასოდაც ამუშავებენ. არადა, ახალგაზრდებს სჭირდება  ხელისშემწყობი ფაქტორები, რომ დასაქმდნენ. ამისთვის მნიშვნელოვანია სხვა ზომების გატარებაც.

ვემხრობი აზრს, რომ  სკოლიდან იწყებოდეს პროფესიული საქმიანობის შესაწავლა. ყველას ეცოდინებოდა, რისი უნარი აქვს და მომავალშიც უფრო მარტივად შეძლებენ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას“, - განუცხადა მუხრან გულიაშვილმა ,,ბიზნეს-რეზონანსს“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×