„იგრძნობა ეს განწყობა, ტექნიკაც ხელმისაწვდომია, ამ მხრივ სოფელი ბევრად განვითარებულია და ესეც სტიმულს გვაძლევს"
ქეთო გოგოხია
26.03.2024

მოსავლიანობის კუთხით წელს, სავარაუდოდ, მნიშვნელოვანი ზრდა არის მოსალოდნელი.  ამის პირობას იძლევა  სოფლის მეურნეობის მხარდამჭერი პროგრამები და, თავის მხრივ, გააქტიურებული ფერმერული საქმიანობა. მთავარია, ამ ყველაფერს ბუნებამაც შეუწყო ხელი, სხვა წინააღმდეგობა რეგიონების მოსახლეობას, ფაქტობრივად, არ აქვს, რაზეც უკვე თამამად საუბრობენ და აცხადებენ, რომ საგაზაფხულო სამუშაოებისთვის თადარიგი უკვე დაიჭირეს.

სპეციალისტების რეკომენდაციაა, განსაკუთრებული ყურადღება მარცვლეული კულტურების მოყვანას მიექცეს, როგორიცაა აღმოსავლეთ საქართველოში ხორბალი, დასავლეთში - სიმინდი, რაშიც ქვეყანას რეალურად დიდი პოტენციალი აქვს. 

როგორც სოფლის მეურნეობის სფეროს წამყვანი სპეციალისტმა, პროფესორმა ანზორ მესხიშვილმა „რეზონანსს" განუცხადა, მიწის დამუშავების მხრივ პრობლემა საქართველოში რეალურად არ არის და მოსახლეობაც ახლა უფრო აქტიურად არის ჩართული. იგი იმედოვნებს, რომ წელს გაცილებით მეტი მიწის ნაკვეთი დამუშავდება, რის საჭიროებასაც ყველა ხედავს - როგორც მთავრობა, ასევე ხალხი, ვინაიდან გლობალურ გამოწვევებს ქვეყანამ სწორედ წარმოების ზრდით და მეტი მოსავლიანობით უნდა უპასუხოს.

,,სოფლის განვითარებას დღეს სხვა ალტერნატივა რეალურად არ აქვს. კატაკლიზმებია მსოფლიოში, სერიოზული გამოწვევების წინაშეა უამრავი ქვეყანა და ჩვენ რა რესურსიც გვაქვს, მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ მოსალოდნელი რისკების საპასუხოდ. ამას მთავრობაც კარგად აცნობიერებს. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უკანასკნელ პერიოდში დიდი შრომა გასწია, ბევრი ღონისძიება განხორციელდა მიწების ათვისების, მრავალწლიანი კულტურების  გაშენებისა და ფერმერული მეურნეობების განვითარების კუთხით. დაფინანსდა ბევრი პროექტი და შეძლებისდაგვარად ეხმარებიან ყველას,  ვისაც სურვილი და მონდომება აქვს, ჩაებას სასოფლო-სამეურნეო საქმიანობებში. 

მივესალმები უკანასკნელ პერიოდში გატარებულ ღონისძიებებს. კარგი იქნება ხორბლის წარმოებას მეტი ყურადღება მიექცეს.  მეტი მონდომება გვესაჭიროება მარცვლეული კულტურების მიმართულებით, განსაკუთრების მეხორბლეობაში, რათა საკუთარი მოთხოვნის 30% მაინც დავიკმაყოფილოთ. დასავლეთში კი მესიმინდეობის განვითარებაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი, ამ მიმართულებითაც მიმდინარეობს მუშაობა და კარგი იქნება, თუ უფრო მეტად გააქტიურდება", - განაცხადა ანზორ მესხიშვილმა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მეტი მიწა დამუშავდეს და სოფლად ახალგაზრდების დამაგრება მოხდეს, რაც მეტ ადამიანს მისცემს აგრარულ მეურნეობაში დასაქმების შესაძლებლობას.

,,მოტივაციის ამაღლება  ყველა მიმართულებით შეინიშნება. აღსანიშნავია ცალკეული დარგების სუბსიდირება, სასოფლო-სამეურნეო ვაუჩერები და სხვა, რაც დიდი სტიმულია მოსახლეობისთვის. გასულ წლებში ამან საკმაოდ კარგი შედეგი მოიტანა და მხარდამჭერი ღონისძიებები კვლავ გაგრძელდება. ეს ახალგაზრდებსაც დააინტერესებს და აგრარულ მეორნეობებში დასაქმების სტიმულს გაუჩენს“, - დასძინა ანზორ მესხიშვილმა ,,რეზონანსთან" საუბრისას.

სულ რამდენიმე დღეში, როგორც კი ხელსაყრელი ამინდი იქნება, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები გააქტიურდება. ფერმერების თქმით, მაქსიმალურად ცდილობენ, რომ დაუმუშავებელი მიწა არ დარჩეს. სიღნაღელი ფერმერი მიხეილ ყანდოშვილი ფიქრობს, რომ  2024 წელს მეტი მიწა დამუშავდება.

,,ველოდები, რომ წელს უფრო მეტი ფართობი დამუშავდება, ამ მხრივ პრობლემა არ იქნება. მთავარია, როგორ შვუწყობთ ხელს, რომ ფერმერებმა მოსავლის რეალიზაცია შეძლონ. ახლა ყველა შესაძლებლობაა, რომ მოსახლეობა გააქტიურდეს და მაქსიმალური მოცულობის მიწა დამუშავდეს. გვინდა თუ არა, სხვა გამოსავალი არ გვაქვს, იმდენი გამოწვევაა მსოფლიოში, რომ ჩვენ საკუთარი რესურსის გამოუყენებლობა არ გვეპატიება. 

სხვათა შორის, შარშანაც  მიწების დიდი ნაწილი დამუშავდა, წვიმა გვიშლის ხელს, თორემ უკვე უნდა დაგვეწყო მუშაობა. ჩემს შემთხვევაში,  ძირითადი მოსავალი ყურძენი და ხორბალია. ორივე მიმართულებაში ზრდას ველოდები, ცოტაც და საგაზაფხულო სამუშაოები დაიწყება, ვცდილობთ, კარგი შედეგი მივიღოთ", - უთხრა ფერმერმა ,,რეზონანს".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×