"საშუალო ვადიან პექსპერტივაში არ მგონია, რომ რაიმე სერიოზული რყევა დაფიქსირდეს"
გვანცა წულაია
26.03.2024

ბიზნესის დიდი ნაწილი ლარის მეტად გაუფასურებას აღარ ელის. ასეთი მოლოდინია კერძო სექტორში, რასაც ეკონომისტებიც იზიარებენ და ამბობენ, რომ რეფინანსირების განაკვეთის ყველაზე მაღალი ბიჯის შემცირების შემდეგ ლარის გაუფასურება დროებითი ფაქტორია, ამიტომ კურსი სტაბილური იქნება.

13 მარტს რეფინანსირების განაკვეთის 0.75%-ით, 8.25%-მდე დაწევის შემდეგ, ლარი 5 პუნქტით გაუფასურდა. თუკი საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების მიღებამდე "ბლუმბერგის” სავაჭრო პლატფორმაზე კურსი 2.65-ის ფარგლებში იყო, ახლა უკვე 2.70-ია. აღსანიშნავია, რომ ლარმა გაუფასურება მაშინვე დაიწყო, რა დროსაც სებ-მა მონეტარული პოლიტიკა აქამდე ყველაზე მაღალი ბიჯით (0.75%) შეამცირა.

ეკონომისტთა ნაწილი ლარის გაუფასურებას პირდაპირ თუ არაპირდაპირ სებ-ის გადაწყვეტილებას უკავშირებს. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ მონეტარული პოლიტიკის შერბილება რამდენიმე თვეა დაიწყო და მათ, ვისაც დანაზოგი ეროვნულ ვალუტაში ჰქონდათ, დეპოზიტები უცხოურ ვალუტაში გადაიტანეს. შესაძლოა, ამან გაზარდა უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნა და მიზეზი, რის გამოც გაუფასურდა ლარი, სწორედ რეფინანსირების განაკვეთის აქამდე ყველაზე მაღალი ბიჯით შემცირებაა.

განსხვავებული პოზიცია აქვს ეკონომისტთა მეორე ნაწილს, რომელიც ლარის გაუფასურებას საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას არ უკავშირებს. როგორც გიორგი ცუცქირიძე მიიჩნევს, კურსის გაუფასურება დროებითია და საშუალო ვადიან პერიოდში რაიმე სერიოზული რყევა არ დაფიქსირდება.

"ბოლო დღეებში კურსმა გარკვეული რყევა განიცადა და ჩემი შეფასებით, ეს ამბავი ცოტა ნაადრევად და არასწორად დაუკავშირეს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას, რეფინანისრების განაკვეთის შემცირება მაქვს მხედველობაში. კურსის გაუფასურება მონეტარული პოლიტიკის შერბილებასთან თეორიულადაც და პრაქტიკულადაც არასწორია.

სებ-ის გადაწყვეტილება ინფლაციის დაბალი მაჩვენებლიდან გამომდინარეობს. ვიცით, რომ ინფლაცია ერთ-ერთ ყველაზე დაბალ დონეზე გვაქვს, არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროკავშირშიც. მაჩვენებელი თითქმის ერთი წელია მიზნობრივ 3%-ზე დაბლაა, ბოლო თვეებში კი 1%-ზე ქვევითაა. აქედან გამომდინარე, სავსებით ლოგიკურია სებ-ის ნაბიჯი. ასეთი ქმედება ნიშნავს იმასაც, რომ ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე რაიმე რყევას არ ელოდება.

ლარის გაუფასურებისას ავღნიშნე, რომ ამას ექნებოდა ხანმოკლე ხასიათი და არა გრძელვადიანი. მიუხედავად იმისა, რომ იანვრის თვეში ექსპორტი შემცირდა და ასევე იკლო გადმორიცხვებმაც, რომელიც სავალუტო ბალანსზე ახდენს ზეგავლენას.

სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ, სავალუტო ფონდმა გადასინჯა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი და 4.8%-დან 5.7%-მდე გაზარდა, თითქმის 1%-ით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ისიც დაკავშირებული იქნება ლარის კურსთან. როდესაც სავალუტო ფონდი პროგნოზის გადასინჯვას ახდენს, ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი ეკონომიკაში ელოდებიან პოზიტიურ დინამიკას. მათი გაუმჯობესებული პროგნოზი არ არის შემთხვევითი და ეს მოხდა მაშინ, როდესაც საარჩევნო წელია. არჩევნების პერიოდის მიუხედავად, სავალუტო ფონდი ქვეყანაში არ ელოდება რაიმე სერიოზულ რყევას და აქ, პირველ რიგში, პოლიტიკურ რისკს ვგულისხმობ. ელოდება მშვიდ გარემოს და სტაბილიზაციას, რაც არის პირდაპირი სიგნალი ინვესტორებისათვის, რომ მიუხედავად საარჩევნო წელისა, აქტიურად გააგრძელონ ინვესტირება ქართულ ეკონომიკაში.    

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ლარის კურსთან დაკავშირებით არ ველოდები რაიმე რყევას და გაუფასურებას. პირიქით, თუნდაც ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში, ლარი არის სტაბილური და გარკვეულად გამყარებულისკენ მიმართულიც. საშუალო ვადიან პექსპერტივაში არ მგონია, რომ რაიმე სერიოზული რყევა დაფიქსირდეს”, - განუცხადა "რეზონანსს” გიორგი ცუცქირიძემ. 

ოფიციალური მაჩვენებლით, კი დღეისთვის ქვეყანაში ერთი ამერიკული დოლარი 2.7053 ლარი ღირს, ხოლო ევრო 2.93 ლარი.

პოზიტიური მოლოდინია კერძო სექტორში. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ინდექსის მიხედვით, 2024 წლის I კვარტალში გამოკითხული კომპანიების 86%-ის მოლოდინია, რომ მომდევნო 6 თვეში ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებით არ შეიცვლება, გამყარების მოლოდინი 10%-ს აქვს, გაუფასურებას კი მხოლოდ 4% ელის.

აღსანიშნავია, რომ I კვარტალში, 2023 წლის IV კვარტალთან შედარებით, 26 პროცენტული პუნქტით შემცირდა იმ კომპანიების წილი, რომლებსაც დოლართან მიმართებით ლარის გაუფასურების მოლოდინი აქვთ. საპირისპიროდ, 26 პროცენტული პუნქტით გაიზარდა იმ კომპანიების წილი, რომლებიც მომდევნო 6 თვეში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებას არ ელიან.

ეროვნულ ბანკში არსებულ მოცემულობაზე მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ დაიწყეს საუბარი და როგორც ითქვა, ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა სავალუტო რეზერვების შესყიდვის პოლიტიკა გააქტიურა. მათი ანგარიშიდან ირკვევა, რომ "ბი მატჩ" პლატფორმის მეშვეობით გასული თვის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა 77 მილიონი დოლარი შეისყიდა. აღნიშნული შესყიდვები ქვეყნის სავალუტო რეზერვების შევსების მიზნით განხორციელდა.

ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების შესყიდვის გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ბოლო სამ თვეში სავალუტო რეზერვების მოცულობა 375 მილიონი დოლარით, 4.74 მილიარდ დოლარამდე შემცირდა.

ის თუ რა მოცულობის რეზერვები შეისყიდა ეროვნულმა ბანკმა მარტის განმავლობაში, ცნობილი გახდება მომდევნო თვის 25 რიცხვში. მთლიანად 2024 წლის იანვარ-თებერვალში კი რეზერვების შესყიდვებმა 86 მილიონი დოლარი შეადგინა.

ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსი დავით უტიაშვილი ამტკიცებს, რომ ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში დაახლოებით 1.7 მლრდ დოლარის შესყიდვას ხელი არ შეუშლია რეალური კურსის ისტორიული გამყარებისთვის.

„ინტერვენციებით რეზერვების დაგროვება სებ-ის გაცხადებული პოლიტიკა და სავალუტო ფონდის რეკომენდაციაა. მიიჩნევა, რომ ვალუტის წესზე დაფუძნებული შესყიდვები ("ბი მატჩ") ყველაზე ეფექტიანი გზაა და მინიმალურ გავლენას ახდენს ბაზრის დინამიკაზე. მართლაც, ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში დაახლოებით 1.7 მლრდ დოლარის შესყიდვას ხელი არ შეუშლია რეალური კურსის ისტორიული გამყარებისთვის, დროებით რყევას კი უმეტესად ერთჯერადი ფაქტორი იწვევს“, - აღნიშნა დავით უტიაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×