ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში პოლიტიკურ დაძაბულობას და არეულობას არავინ ელოდება
გვანცა წულაია
27.03.2024

სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია საქართველოსთან დაკავშირებით მოლოდინს აუმჯობესებს. მათი მხრიდან, არჩევნების წელს, იზრდება ეკონომიკური ზრდის პროგნოზი და ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ქვეყანაში რაიმე მიმართულებით მდგომარეობა არ გაუარესდება. ეს ნიშნავს, რომ მინიმუმ ისეთივე სტაბილური მოცემულობა იქნება, როგორიც საქართველოში ბოლო პერიოდშია.

კიდევ ერთი საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაცია, რომელსაც საქართველოს მოსალოდნელ სცენართან დაკავშირებით საკუთარი მოლიდინი გააუმჯობესა "მუდისია”. ორგანიზაციამ ქვეყნის რეიტინგი "ბიეი 2"-ზე უცვლელად დატოვა, ხოლო პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა.

"მუდისის” პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 2024 წელს 5.5%-ით გაიზრდება, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში ეკონომიკური ზრდა პოტენციურ დონეზე 5-5.5%-ის ფარგლებში იქნება. სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, ეკონომიკური ზრდა რეალური ხელფასებისა და დასაქმების ზრდით იქნება გამოწვეული, რაც ზეგავლენას მოახდენს მოთხოვნის ზრდაზე.

„საქართველოს "ბიეი 2" რეიტინგის შენარჩუნება საქართველოს მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის ჩარჩოს და ასევე სხვა ეკონომიკური პოლიტიკის ინსტიტუციების სიძლიერის ასახვაა. აღნიშნულმა, გლობალური ინფლაციური შოკების ეფექტურ მართვასთან ერთად, 2022 და 2023 წლებში მოსალოდნელზე მაღალი ზრდა განაპირობა“, - ნათქვამია ანგარიშში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, რომელიც ქვეყნის მნიშვნელოვან სისუსტეს წარმოადგენს, სულ უფრო მცირდება.

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, გლობალურ გამოწვევების ფონზე ჩვენი პოლიტიკის დროულმა და სათანადო პასუხმა საქართველოს ეკონომიკა შოკის მიმართ უფრო მდგრადი გახადა.

„საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ინფლაციურ გამოწვევებს წარმატებით უპასუხა და შეინარჩუნა ფასების სტაბილურობა. სწორედ ამის შედეგია, რომ გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინი კარგადაა მართული. წამყვანი სარეიტინგო კომპანიის ანგარიში პოზიტიური სიგნალია ინვესტორებისთვის“, - განაცხადა მიქაბაძემ.

მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი სარეიტინგო ორგანიზაციის ანგარიშს გამოეხმაურნენ მთავრობაშიც. როგორც ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეფასებაა, მით უმეტეს მაშინ, როდესაც რეგიონში, გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, მასობრივად გაუარესდა რეიტინგები.

„საკრედიტო რეიტინგი ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელია ქვეყნის ეკონომიკის ნდობის მიმართულებით. ინვესტორები ზუსტად მისი მეშვეობით ხელმძღვანელობენ თავიანთ საინვესტიციო გადაწყვეტილებებში. ზოგადად, ობიექტური აღქმა დაკავშირებულია ამ რეიტინგებთან. ძალიან საყურადღებოა, რომ სამი მსხვილი საკრედიტო სარეიტინგო სააგენტოდან, ფაქტობრივად, ყველამ უცვლელად შეუნარჩუნა საქართველოს რეიტინგი“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა და დასძინა, რომ საქართველოს სტაბილური პერსპექტივა ასახავს სარეიტინგო სააგენტოს შეფასებას, რომ რისკი მიმდინარე პერიოდში დაბალანსებულია.

„ჩვენ ძალიან ახლოს ვართ საინვესტიციო ხარისხთან, ე.წ. საინვესტიციო რეიტინგთან და, რა თქმა უნდა, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ეკონომიკური პარამეტრები კიდევ უფრო გაუმჯობესდეს, მაკროეკონომიკური სტაბილურობის ფონზე კი საბოლოოდ იმას მივაღწიოთ, რომ მივიღოთ საინვესტიციო ხარისხიც და საქართველოს ეკონომიკისთვის, საფინანსო სისტემისთვის ფინანსური რესურსები უფრო გაიაფდეს“, - განაცხადა დავითაშვილმა.

ორგანიზაციის ანგარიშსს გამოეხმაურნენ ქვეყნის ფინანსთა სამინისტროშიც. როგორც მინისტრის მოადგილემ, მირზა გელაშვილმა განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივის ნეგატიურიდან სტაბილურ დონეზე გაუმჯობესების ძირითადი მიზეზი გეოპოლიტიკური რისკებისადმი საქართველოს ეკონომიკის მოწყვლადობის დაბალ დონეზე შემცირება გახდა.

საარჩევნო წლის მიუხედავად, საქართველოში მოლოდინი გაუმჯობესებულია და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს ზრდიან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიც. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ სავალუტო ფონდმა საქართველოს 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.8%-დან 5.7%-მდე გაზარდა.

როგორც ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი კაპანაძემ აღნიშნა, მაკროეკონომიკური პარამეტრები, ფინანსური მაჩვენებლები და თუნდაც, პოლიტიკური სტაბილურობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს აძლევს იმის საშუალებას, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზრდონ.

"როდესაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ეკონომიკური ზრდის პროგნოზს აუმჯობესებენ, ბუნებრივია, ეს ცალსახად ნიშნავს იმას, რომ მათი მოლოდინი დადებითია და ასევე, ფიქრეობენ, რომ საქართველოში არის საკმაოდ კარგი, სტაბილური, ნორმალური ეკონომიკური გარემო.

მაკროეკონომიკური პარამეტრები, ფინანსური მაჩვენებლები და თუნდაც, პოლიტიკური სტაბილურობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს აძლევს იმის საშუალებას, რომ ეკონომიკური პროგნოზი გაუმჯობესონ. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ საერთაშორისო ინსტიტუტები ყოველთვის არიან უფრო მოზომილები და ძირითადად მათი პროგნოზი კონსერვატულია. საბოლოო მაჩვენებელი კი ყოველთვის უფრო უკეთესია და მაღალია, ვიდრე მათი პირველი ეტაპის შეფასება. შესაბამისად, ესეც ცხადყობს იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში არის კარგი, ნორმალური და სტაბილური ეკონომიკური გარემოა, რაც ბუნებრივია იძლევა იმის საშუალებას, რომ საქართველოს მშპ გაიზარდოს და თანაც დაგეგმილზე უფრო მეტად”, - განუცხადა "რეზონანსს” გიორგი კაპანაძემ.

ეკონომისტები არჩევნების წელს ქვეყანაში სიმშვიდეს ელოდებიან და მათი დაკვირვებით პოლიტიკურად არ შეიქმენა ისეთი მოცემულობა, რაც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას შეუშლის ხელს. აკადემიკოსს ავთო სილაგაძის აზრით, დღევანდელი მდგომარეობა და მოლოდინი არ იძლევა ისეთ სურათს, რაც რადიკალურად უარყოფით გავლენას მოახდენს ქვეყნის ეკონომიკაზე.

"საერთოდ, რა თქმა უნდა, არჩევნების წელს მოსალოდნელია გარკვეული გართულება, პოლიტიკური სიტუაციის გამძაფრება. ასეთი მოცემულობა მეტ-ნაკლებად ყოველთვის არის არჩევნების პერიოდში, რაც ბუნებრივია, შემდგომ ეკონომიკაზე აისახება, მაგრამ ჯერჯერობით ასეთი სურათი არ იკვეთბა. არ ჩანს ისეთი ფორმით, რომ ამან ზემოქმედება მოახდინოს ეკონომიკურ პროცესზე. არჩევნებამდე დროა და შესაძლოა, სიტუაცია შეიცვალოს და ნუ გამოვრიცხავთ იმ დაძაბულობას, რაც დამახასიათებელია არჩევნებისათვის, თუმცა, რა თქმა უნდა, რა სჯობს იმას, თუ პოლიტიკური დაპირისპირება არ იქნება.

დღეისათვის რაიმე გამოკვეთილი სურათი არ გვაქვს, რაზეც შეიძლება ვთქვათ, რომ ხელს შეუძლის ეკონომიკურ განვითარებას. ასეთი მოცემულობა რეალურად არ შეინიშნება და არც ვფიქრობ, რომ მომავალში რაიმე ისეთი მოხდება, რაც რადიკალურად უარყოფით გავლენას მოახდენს ქვეყნის ეკონომიკაზე.

არ გამიკვირდება, თუ ეკონომიკური ზრდის პროგნოზირება მაღალი იქნება, რაც ყველაზე ჩვენთაგანის ინტერესში შედის. როგორც ვთქვი, არჩვენების წელს შეიძლება რაღაც მოხდეს, მაგრამ, რადგან საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები ეკონომიკური ზრდის პროგნოზს აუმჯობესებენ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ისინი რაიმე განსაკუთრებულს არ ელოდებიან ქვეყანაში. პროგნოზებში აუცილებლად აისახებოდა პოლიტიკურად სიტუაციის რადიკალური შეცვლა რომ იყოს მოსალოდნელი. რადგან მსგავსი მოლოდინი არ არის, ამიტომ გვაქვს შედარებით მაღალი საპროგნოზო მაჩვენებლები”, - განუცხადა "რეზონანსს” ავთო სილაგაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×