ვერაფრით ხერხდება, რომ სამშენებლო ბაზარზე ვითარება ბოლოს და ბოლოს მოწესრიგდეს
გვანცა წულაია
18.04.2024

არქიტექტორებისა და ინჟინერ-მშენებლების სერტიფიცირების ამოქმედება უკვე მესამედ გადავადდა, არადა ამ დროს, სფეროს წარმომადგენლები შესაბამისი სტანდარტის აუცილებლობაზე საუბრობენ. დღესდღეობით ისევ უპრობლემოდ შესაძლებელია არაკვალიფიციური სპეციალისტების მიერ მშენებლობის წარმოება, სერტიფიცირება კი ამ კუთხით მოთხოვნას აამაღლებს.

არქიტექტორებისა და ინჟინერ-მშენებლების სერტიფიცირების საკითხი 2025 წლის 1-ელ დეკემბრამდე გადავადდა. დადგენილების თანახმად, მშენებლობის ნებართვის მისაღებად წარდგენილი არქიტექტურული და კონსტრუქციული პროექტები სერტიფიცირებული არქიტექტორის ან ინჟინერ-მშენებლის მიერ უნდა იყოს დამოწმებული. ამასთანავე, აღნიშნულ პროექტებზე ექსპერტიზა სერტიფიცირებულმა ექსპერტმა უნდა განახორციელოს.

გარდა ამისა, დადგენილების თანახმად, სამშენებლო სამუშაოების პასუხისმგებელ პირად განისაზღვრება სერტიფიცირებული ინჟინერ-მშენებელი.

რაც შეეხება სერტიფიკატის გაცემის წესს, დადგენილების მიხედვით, გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, დოკუმენტს აკრედიტებული ორგანო გასცემს. სერტიფიკატის მოქმედების ვადა კი 5 წელი იქნება.

სფეროს სპეციალისტთა მოსაზრებით, რადგან სერტიფიცირების ამოქმედება კიდევ ერთხელ გადავადაა, ეს ნიშნავს იმას, რომ ჯერჯერობით შესაბამისი მზადყოფნა არ არსებობს. ასეთი პოზიცია აქვს თბილისის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის ერთ-ერთ ხელმძღვანელს მერაბ ბოლქვაძეს, რომელმაც განაცხადა, რომ მსგავსი პრაქტიკა მთელ მსოფლიოში მოქმედებს, რაც საქართველოში კვალიფიკაციის თვალსაზრისით მოთხოვნებს აამაღლებს.

"არქიტექტორებისა და ინჟინერ-მშენებლების სერტიფიცირების საკითხი რადგანაც ამდენჯერ გადაიდო, მგონია, რომ საზოგადოება ჯერ კიდევ არის მზად ამ პროცესისთვის. მე გეუბნებით სავარაუდო მიზეზს, რადგან ეს რომ მომწიფებული იყოს და ამის სურვილი ბევრს ჰქონდეს, შესაბამისად არც გადაიდებოდა.

ზოგადად, ასეთი რამ საჭიროა, მაგრამ, როგორც ჩანს, ახლა არ არის ამის დრო. საერთოდ, ამას ხელმძღვანელობს არქიტექტორთა კავშირი, სადაც ყველაფერი დალაგებული ვერ არის. სავარაუდოდ, ვინც ამ ყველაფერს უნდა ხელმძღვანელობდეს და ამ მხირვ აქტიურობდეს, თავადაც გაურკვევლობაშია.

ვიცი, რომ სერტიფიცირების საკითხი მომზადდა, არაერთხელ განიხილეს, თითქოს შეჯერებაც მოხდა, მაგრამ ბოლომდე არ არის მიყვანილი. შეკრებაც ვერ ხერხდება კარგად, იყო 1-2 შეხვერდა, მაგრამ შემდეგ ვერ გაგრძელდა პროცესი.

ასეთი პრაქტიკა მთელ მსოფლიოში მოქმედებს. ზოგადად, მიდგომა კვალიფიკაციის თვალსაზრისით აამაღლებს მოთხოვნებს და ეს ცუდი არ არის, თუმცა, როგორც უკვე გითხარით, ამის მზადყოფნა არ ჩანს, რომ არქიტექტორების დიდ ნაწილს ეს სურდეს. აღიქვამენ მაინც გამოცდის ფორმად -  ვინ ჩაატარებს, როგორ ჩატარდება, აუკრძალავენ თუ არა მუშაობას და ა.შ.”, - განუცხადა "რეზონანსს” მერაბ ბოლქვაძემ.

არქიტექტორებისა და ინჟინერ-მშენებლების სერტიფიცირების აუცილებობაზე საუბრობს სამშენებლო სამართლის სპეციალისტი უჩა ზაქაშვილი. იგი მიიჩნევს, რომ კოდექსის ამოქმედებაზე პასუხისმგებელი იყო ეკონომიკის სამინისტრო. სწორედ მას უნდა უზრუნველეყო შესაბამისი რეგულაციების მიღება და მოემზადებინა სამართლებრივი ბაზა ცვლილების განხორციელებისთვის.

„კოდექსმა, რომელიც სამშენებლო კანონმდებლობის რეფორმის ფარგლებში ამოქმედდა 2019 წლიდან მშენებლობის ხარისხობრივი საკითხების გაუმჯობესება დაუკავშირა სპეციალისტებს, რაც უნდა გამოხატულიყო სერტიფიკატებში. სახელმწიფოს თავისი ორგანიზაციების ან დამოუკიდებელი ასოციაციების მეშვეობით უნდა განეხორციელებინა პროცესი.

არაერთხელ გადავადდა, კოდექსი ვერ შესრულდა, ეს ნორმატიული ხარვეზი არაა, პირიქით, კანონმდებლობის არშესრულებასთან გვაქვს საქმე სახელმწიფო სუბიექტების მხრიდან, მათგან, ვისაც ევალება ამ კანონის შესრულება - პირველ რიგში, ეკონომიკის სამინისტროს, რადგან მათი ქვემდებარე იყო პროექტის განხორციელება, შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციების მიღება, სამართლებრივი ბაზების შექმნა, რა სტანდარტით და ვის მიერ უნდა განხორციელებულიყო სერტიფიცირება.

გვაქვს ნორმალური კოდექსი, მაგრამ ის თუ არ აღასრულა შესაბამისი კანონქვემდებარე აქტებით უფლებამოსილმა ორგანომ, დაგვრჩება ცარიელ ლამაზ სიტყვებად. ამაზე პასუხისმგებლობა 100%-ით ეკისრება სახელმწიფოს. ამდენი წელი რაში დაიხარჯა? მომზადდა პროექტები, დაიწუნეს, ისევ მომზადდა, მაგრამ შედეგი არ გვაქვს. დღეს სამშენებლო ბაზარზე ისევ შესაძლებელია არაკვალიფიციური ადამიანების მიერ მშენებლობა, დასკვნების ყიდვა და ა.შ. რაც ხარისხზე უარყოფითად აისახება და სრულიად აცდენილია კოდექსის მოთხოვნებს“, - განაცხადა ზაქაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ და დასძინა, რომ საქართველოს ახალი ველოსიპედის გამოგონება არ სჭირდებოდა ცვლილებების განსახორციელებლად, 5 წელი ჰქონდა ხელისუფლებას იმისთვის, რომ ევროპაში არსებული სტანდარტები ეთარგმნა და საქართველოზე მოერგო.

სამშენებლო კოდექსით გათვალისწინებული არქიტექტორებისა და ინჟინერ-მშენებლების სერტიფიცირება ჯერ კიდევ 2022 წლის 1-ლი ოქტომბრიდან უნდა ამოქმედებულიყო, აღნიშნული ვადა მოგვიანებით 2024 წლის 1-ელ მარტამდე გადაიდო. ბოლოს განხორციელებული ცვლილებების შედეგად, 2025 წლის 1-ელ დეკემბრამდე გადავადდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×