რეზონანსი
29.06.2022

გარკვეული ბოჭვა როცა არსებობს პარტიულ დისციპლინასთან და ვერ ხდება ამის დაბალანსება, შესაძლოა გარკვეულ ადამიანებს პოზიცია ჰქონდეთ, რომ უპირატესობა მეტ თავისუფლებას მიენიჭოს, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძე გამოეხმაურა სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილისა და დიმიტრი ხუნდაძის მიერ პარტია „ქართული ოცნების" დატოვებას.

როგორც მიხეილ სარჯველაძე ამბობს, საფუძველს მოკლებულია მოსაზრება, რომ ეს ყველაფერი „ქართული ოცნების" მხრიდან დაგეგმილია.

„ამ ყველაფერს მარტივი ახსნა აქვს: განსხვავებული შეხედულებები იყო იმის თაობაზე, როგორი უნდა იყოს პოლიტიკური დისკურსის რიტორიკა. შესაბამისად, ამან განაპირობა გადაწყვეტილება, რაც ჩვენმა სამმა კოლეგამ მიიღო. „ქართულ ოცნებას" არ უნდოდა, მომავალში პოლიტიკა ამ რიტორიკით წარემართა. უსაფუძვლოა ოპოზიციის თავდასხმა, რომ „ქართული ოცნების" მხრიდან ეს არის დესტრუქციული მოტივებით განხორციელებული ნაბიჯი. პასუხისმგებლობის მოხსნა-არმოხსნაზე არ არის საუბარი, ყველას თავისი მოსაზრება აქვს. როცა გარკვეული ბოჭვა არსებობს პარტიულ დისციპლინასთან და ვერ ხდება ამის დაბალანსება, შესაძლოა გარკვეულ ადამიანებს პოზიცია ჰქონდეთ, რომ უპირატესობა მეტ თავისუფლებას მიენიჭოს. ამას ყველა პატივისცემით უნდა მოეკიდოს. უსაფუძვლო დასკვნებია, თითქოს ეს ყველაფერი „ქართული ოცნების" მხრიდან დაგეგმილია", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ ფრაქცია „ქართული ოცნება", პარტია და საპარლამენტო თანამდებობები დატოვეს, თუმცა პარლამენტში დეპუტატის მანდატებს ინარჩუნებენ. „ქართული ოცნების" უკვე ყოფილი წევრები ამბობენ, რომ თანაგუნდელებთან ღირებულებითი კონფლიქტი არ აქვთ, თუმცა, უმრავლესობისგან განსხვავებით, მათ მიაჩნიათ, რომ ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე, ასევე ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ პროცესებსა და ქვეყნის უსაფრთხოებისა და მშვიდობის რისკებთან დაკავშირებით, საზოგადოებას მეტი ინფორმაცია უნდა მიაწოდონ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×