ეკონომისტი სოსო არჩვაძე სოციალურ ქსელში იურიდიული ფირმის „ემ ქეი დი" პრეს-რელიზს ეხმიანება. მისი თქმით ეს არ არის რიგითი კერძო პირის და ფინანსურ ინსტიტუტს შორის წარმოქმნილი დავა, იმის გათვალისწინებით, რომ ერთ მხარეს დგას ვიპ-კლიენტი, მეორე მხარეს კი შვეიცარიის საფინანსო-საბანკო სისტემის ფლაგმანი.
„უკვე რამდენიმე თვეა, საზოგადოება ყურადღებით აკვირდება იმ მოქმედებებს და ინსინუაციებს, რომლებსაც შვეიცარიული "კრედიტ სუისი" და მის ქვეშ არსებული ტრასტები მიმართავენ ბიძინა ივანიშვილის და მისი აქტივების წინააღმდეგ. ეს არ არის რიგითი კერძო პირის და ფინანსურ ინსტიტუტს შორის წარმოქმნილი დავა, იმის გათვალისწინებით, რომ ერთ მხარეს დგას ვიპ-კლიენტი, მეორე მხარეს კი შვეიცარიის საფინანსო-საბანკო სისტემის ფლაგმანი.
ის, რომ "კრედიტ სუისის" საბანკო ჯგუფი, მის ქვეშ არსებული ტრასტები, ერთნაირი "კალიგრაფიით" მოქმედებენ, არღვევენ კლიენტის უფლებებს, ამის თაობაზე კი ადგილი აქვს მოდავე მხარის მედია-შეზღუდვას საბაზრო ეკონომიკის კლასიკურ, ქრესტომათიულ ქვეყანაში (შვეიცარია), ძალაუნებურად საკმაოდ შორსმიმავალი და მრავლისმეტყველი დასკვნები იკვეთება. - უპირველეს ყოვლისა, ჩნდება არარიტორიკული კითხვა: რა, შვეიცარიაში "სიტყვის თავისუფლება" - მხოლოდ სიტყვის მასალაა და მედია არაა თავისუფალი?!
ამ ფონზე ბიძინა ივანიშვილის ინტერესების დამცველი იურიდიული ფირმა "ემ ქეი დი" თავის პრეს-რელიზში საზოგადოებრიობას ამცნობს, რომ აპირებს გამოაქვეყნოს მეორე მხარესთან მიმოწერა სადავო საკითხებზე, რომელიც არა მარტო დააკმაყოფილებს მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს, არამედ შეასრულებს გარკვეულწილად ალარმ-ინფორმაციის როლსაც მათთვის, ვინც აპირებს ან მომავალში განიხილავს კრედიტ სუისთან საქმიან ურთიერთობებში შესვლას. - სამართლებრივი დავის ფორმატიდან უკვე კარგა ხნის გასული "კრედიტ სუისის" ხელმძღვანელობა მოქმედებს იგივე ალგორითმით, როგორითაც შუა საუკუნეებში კარიბის ზღვის მეკობრეები, რომლებიც არას დაგიდევდნენ საკუთარ რეპუტაციულ ზიანს სხვისი კუთვნილი ქონების ხელში ჩასაგდებად. დიახაც, მიუხედავად იმისა, რომ გარეთ XXI საუკუნეა, ისინი მენტალობით სწორედ ფრენსის დრეიკის მსოფლმხედველობასთან უფრო ახლოს არიან, ვიდრე თანამედროვე ლონდონის სიტის ეტალონური ფინანსურ ტოპ-მენეჯერების ქცევის კოდექსთან. სიმართლე რომ გაიმარჯვებს, ამაში ეჭვის არავის ეპარება. აი, რეპუტაციულ თვითდაზიანების რეჟიმში ყოფნამ კი ხსენებულ საბანკო ჯგუფს შეიძლება ისეთი რამ დამართოს, ერთი ქართული ანდაზა რომ გვახსენებს: "ვირმა პალო მოგლიჯა, ერთი სხვას მოარტყა, ათასი კი თვითონ მოხვდაო"- წერს სოსო არჩვაძე.
ვფიქრობ, შორს არ არის ის დრო, როდესაც აქტივებს კანონიერ მფლობელს მიეცემა მათი განკარგვის და გამოყენების სრული შესაძლებლობა"- წერს სოსო არჩვაძე.