რეზონანსი
08.08.2022

ჩახედეთ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც საქართველომ რუსეთს მოუგო და დაამტკიცა ოკუპაცია, იქ ყველაფერზეა პასუხი გაცემული,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რატომ აღინიშნება ომის დაწყების თარიღად საქართველოში 8 და არა 7 აგვისტო.

პაპუაშვილის თქმით, თარიღზე საუბარი არის არა მხოლოდ სპეკულაცია, არამედ საქართველოს ისტორიის, გმირებისა და მათი ოჯახის წევრების ხსოვნის წინაშე არასწორი საქციელი.

„მნიშვნელოვანია ყველა იყოს გულწრფელი, მითუმეტეს, როდესაც საქმე ეხება ომს და ადამიანების დაკარგულ სიცოცხლეს. აღვნიშნავთ აგვისტოს ომში დაღუპული ადამიანების ხსოვნის დღეს. ამ დღეს აღვნიშნავთ უკვე ბოლო 13 წელია, ყველა ხელისუფლების დროს. მათ შორის „ნაციონალური მოძრაობა" სანამ ხელისუფლებაში იყო და ამის შემდეგაც სამივე პრეზიდენტი სწორედ 8 აგვისტოს მიაგებდა პატივს აგვისტოს ომში გარდაცვლილებს. ეს გახლავთ სახელმწიფო მნიშვნელობის ღონისძიება, ტრადიცია, რადგან ეს არის თარიღი, რომლითაც გაიზარდა მთელი თაობა, ბავშვები სწორედ 8 აგვისტოს მიაგებდნენ პატივს გარდაცვლილებს და დაღუპულების ოჯახებიც, მიუხედავად იმისა, როდის დაიღუპნენ მათი შვილები. გადახედეთ არქივს, 2015 2016 წლიდან „ნაციონალურმა მოძრაობამ" დაიწყო გამიჯვნა გლოვის დღიდან და დაიწყო ალტერნატიული გლოვის დღის დაწესების ტენდენცია",- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება რეზოლუციას, რომელსაც საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ აგვისტოს ომიდან ორ თვეში მოაწერა ხელი, პაპუაშვილი ამბობს, რომ „ბევრი პერიპეტიის შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობასაც" მოუწია აღიარება, რომ ეს რეზოლუცია ამ შინაარსით იყო საზიანო".

„დღემდე ცდილობენ გამართლებას, რომ რა დადებითი პუნქტებიც იყო, ამის გამო დაუჭირეს მხარი, რაც აბსოლუტური ტყუილია. იმ რეზოლუციას საკმარისი მხარდამჭერი ჰყავდა. ცუდი არის ის, რომ საქართველოს სახელმწიფოს სახელით დელეგაციაში მყოფმა „ნაციონალური მოძრაობის" წარმომდგენლებმა ხელი მოაწერეს ჩანაწერებს, რომელსაც, თავადაც აღიარებენ, რომ საზიანოა. ფაქტია, რომ გამართლება ამ ქმედებას არც პოლიტიკური და არც ტექნიკური არ აქვს. სწორედ ეს არის ფაქტები, რომელიც პირდაპირ მიუთითებს, როგორ უდიერად ექცეოდა „ნაციონალური მოძრაობა" სახელმწიფოს ინტერესებს",- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×