რეზონანსი
08.08.2022

აგვისტოს ომიდან 14 წლის თავზე, რუსული სამთავრობო მედია ТАСС ოკუპანტი ქვეყნის ნარატივს განაგრძობს და წერს, რომ ომი ქართველებმა დაიწყეს:

"ზუსტად 14 წლის წინ, ქართული ჯარები თავს დაესხნენ სამხრეთ ოსეთს და რუს სამშვიდობოებს რეგიონში, მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა გამოაცხადა ოპერაცია საქართველოს მშვიდობისკენ იძულებისთვის. შედეგი იყო მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის სამხედრო დამარცხება და რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება"- ნათქვამია სტატიაში.

2008 წლის მოვლენების წლისთავთან დაკავშირებით, მედვედევმა, რომელიც ამჟამად რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებს, უპასუხა ТАСС-ის კითხვებს დასავლეთსა და საქართველოს პერსპექტივებზე.

მედვედევის მტკიცებით, რუსეთ-საქართველოსა და რუსეთ-უკრაინის ომი ერთი საერთო ჯაჭვია და მის უკან დასავლეთი დგას.

"ეჭვგარეშეა. ეს არის ერთიანი პროცესი და საერთო გეგმა, რომელიც მიმართულია რუსეთის წინააღმდეგ. ის მდგომარეობს იმაში, რომ დასავლეთის, უპირველეს ყოვლისა, შეერთებული შტატების და სხვა ანგლო-საქსური ქვეყნების სურვილი, დაეძაბა სიტუაცია ჩვენს ქვეყანაში. როგორ? მეზობლების მეშვეობით, რუსეთის საზღვრებთან ახლოს. ამერიკელები იყვნენ დაკავებულნი ქართული შეიარაღებული ძალების წვრთნით და ამ პროცესში დიდ ფულს დებდნენ. იქ დიდი რაოდენობით ინსტრუქტორები გაგზავნეს ქართული ჯარის მობილიზებისთვის. იარაღით იყვნენ დატვირთული. ფაქტობრივად, ისინი უბრალოდ უბიძგებდნენ სააკაშვილს აგრესიის განსახორციელებლად სამხრეთ ოსეთის მშვიდობიანი მოსახლეობისა და რუსი სამშვიდობოების წინააღმდეგ. იმის ნაცვლად, რომ დაერწმუნებინათ ის, გამოენახა მშვიდობიანი გზა იქ მომწიფებული ყველაზე რთული ეთნიკური კონფლიქტისთვის...

მახსოვს, როგორ შეიცვალა ამერიკელების გავლენით მისი [სააკაშვილის] პოზიცია 2008 წლის ზაფხულში მშვიდობიანი მოგვარების შესახებ: პრობლემის გადაჭრის გზების ძიების გამოხატული სურვილიდან "თამაშგარე პოზიციაზე" გადასვლისკენ. იმავე წლის ივლისის ბოლოდან მან საერთოდ შეწყვიტა ურთიერთობა. სააკაშვილის ბრალი იყო, რომ ჩაიშალა კონფლიქტის მოგვარების რთული, გაჩერებული პროცესი, რაც საერთაშორისო ორგანიზაციების შუამავლობით მოხდა. მოლაპარაკებების ყველა ეტაპზე რუსეთი მოუწოდებდა არ გამოეყენებინა ძალა, ასევე, მივმართეთ ქართულ მხარეს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან საჭირო შეთანხმებების დადების წინადადებებით. ეს ინიციატივები, სამწუხაროდ, უგულებელყო ოფიციალურმა თბილისმა, რეალურად კი ნატომ, რომელიც მის უკან იდგა და გაერომაც კი.

ახლა კი აგრძელებენ ვარჯიშს უკრაინაზე, რომლის ბედი მათ აბსოლუტურად არ აინტერესებთ. მიზანი ერთია - რუსეთის განადგურება. ეს არის დასავლეთის მიერ ინიცირებული უკიდურესად აგრესიული, რუსოფობიური გეოპოლიტიკური პროცესის ძირითადი მიზეზი", - ამბობს მედვედევი.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×