რეზონანსი
15.08.2022

პოლიტიკური პლაგიატია, როდესაც მათზე ორგანულად მორგებულ სახელწოდებას ჩვენთან მიმართებით ამბობენ, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროკომისიის ანგარიშზე ელენე ხოშტარიასა და ნიკა მელიას განცხადებებს.

ოხანაშვილის თქმით, ეს ადამიანები თანმიმდევრულები უნდა იყვნენ და თუ პარლამენტში, მათი გაგებით, რუსული ოცნებაა, საკანონმდებლო ორგანო დატოვონ.

„ამ ადამიანების სიტყვას რომ ფასი არ აქვს, ცალსახაა. რაც მითხრეს მელიას ბრიფინგზე, რუსულ ოცნებას იძახდა დაზეპირებული ფრაზებით - როგორც ჩანს, ეს დავალება ბელადისგან მიიღეს. ეს ადამიანები იმ პარლამენტში შემოვიდნენ, სადაც "ქართული ოცნებაა" წარმოდგენილი და მათი გაგებით, რუსული ოცნება. თუ ასე უყურებენ ამ საკითხს, მაშინ რას საქმიანობენ ამ პარლამენტში?! დაიწყონ დაუმორჩილებლობა. ყველაფერს ექნება შესაბამისი სამართლებრივი რეაქცია. რაც შეეხება ამ დაზეპირებული ფრაზებით საუბარს, ეს არის პოლიტიკური პლაგიატი. პოლიტიკური პლაგიატია, როდესაც მათზე ორგანულად მორგებულ სახელწოდებას ჩვენთან მიმართებით ამბობენ. ასე რომ, თავი დაანებონ პოლიტიკურ პლაგიატს, თუ მათთვის ასეთი მიუღებელია ჩვენთან ერთად პარლამენტში ყოფნა, დატოვონ პარლამენტი. ხომ გახსოვთ, პუფებად მოიხსენიებდნენ ერთმანეთს, თუ ვინმე შემოვიდოდა. ჩამოყალიბდნენ - პოლიტიკური პუფები არიან თუ - არა; სად არიან, რა პარლამენტში საქმიანობენ. მაშინ, იყვნენ თანმიმდევრულები, დატოვონ პარლამენტი და ჩვენი საზოგადოება გადაწყვეტს, პოლიტიკურად საკანონმდებლო დონეზე მომდევნო არჩევნებზე შემდგომ კონფიგურაციას",- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

რაც შეეხება იმას, აქვს თუ არა ახლა ოპოზიციას რესურსი, რომ საპროტესტო ტალღა წამოიწყოს, ოხანაშვილი ამბობს, რომ მათ არჩევანის თავისუფლება აქვთ.

"ჩვენ გვინახავს ამ ადამიანების მიერ დაანონსებული პოლიტიკური აქციები და შემდეგ გვინახავს შედეგები. დააანონსონ, რაც სურთ. კანონის ფარგლებში აქვთ პროტესტის მშვიდობიანად გამოხატვის უფლება. კანონის მიღმა მოქმედების სივრცეზე კი კანონმდებლობა ითვალისწინებს სამართლებრივ რეაგირებას - არჩევანის სრული უფლება აქვთ", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, ევროკომისიის ანგარიშის შესახებ "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ ანგარიშით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ „ქართული ოცნების" და ოლიგარქიის პირობებში საქართველოს ევროპული პერსპექტივა არ გააჩნია. ხოშტარიას განცხადებით, ქვეყანა, რომელიც ამბობს, რომ უნდა იყოს ევროკავშირში, საერთაშორისო ღირებულების ნაკლებ და ნაკლებ განცხადებებს უერთდება. რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებას, მან მმართველ პარტიას რუსული ოცნება უწოდა. "რუსული ოცნება მხოლოდ ჩვენთან, ოპოზიციასთან კი აღარაა პოლარიზებული, უკვე პოლარიზებულია საკუთარ ამომრჩეველთანაც კი, ვისაც ქვეყნის ევროინტეგრაცია უნდა! - რუსული ოცნება აყენებს ხალხს არჩევანის წინაშე - ბიძინა ან ევროპა!",- განაცხადა მელიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×