რუსმა ოკუპანტებმა ქალაქი ხარკოვი დღეს დილით კიდევ ერთხელ დაბომბეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქალაქის მერზე, იგორ ტერეხოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, დარტყმა ქალაქის სამ რაიონზე განხორციელდა. თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლი და ერთი ადამიანი დაშავდა. ამასთან, რაკეტები ინფრასტრუქტურულ ობიექტსაც მოხვდა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა.
შეგახსენებთ, ხარკოვში დღეს გლოვის დღეა გამოცხადებული. 17 აგვისტოს, ხარკოვის სალტოვსკის რაიონში, რუსული ძალების მიერ სამსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, 17 კი, მათ შორის, 11 წლის ბავშვი, დაშავდა. გარდა ამისა, 18 აგვისტოს, დილით რუსებმა ქალაქ ბელგოროდიდან ხარკოვის მიმართულებით 8 რაკეტა გაუშვეს. დაზიანდა შენობები, ინფრასტრუქტურული ობიექტები, გაჩნდა ხანძარი. სლობოდსკოის რაიონში ერთ-ერთი რაკეტა 4-სართულიან საერთო საცხოვრებელს მოხვდა. შენობა ნაწილობრივ დანგრეულია. თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა 18 კი - დაშავდა.