რეზონანსი
12.09.2022

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი აცხადებს, რომ ვლადიკავკაზში აირზენას ჩარტერით შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის გადაფრენის შემდეგ, ინფორმაციის გაჟონვის დაზღვევის მიზნით, „ორივე პილოტი მოსმენაზე დასვეს".

მისი თმით, პილოტებს ორი თვის განმავლობაში აკონტროლებდნენ.

გოგაშვილის განცხადებით, რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის იმ ეპიზოდზე, რომლის შესახებაც ინფორმაცია დღეს გაავრცელა, კონკრეტული მტკიცებულებები გააჩნია.

„ივანიშვილის ამ დავალების შემდეგ, მე უკვე საბოლოოდ მივიღე გადაწყვეტილება მომეგროვებინა მტკიცებულებები ამ ბინძური, მოღალატე ხელისუფლების შესახებ, რომლის ნაწილიც სამწუხაროდ, მეც ვიყავი. სამხილებლად რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის ამ ეპიზოდზე, ასევე სხვა ნებისმიერ ინფორმაციაზე, რასაც ვასაჯაროებ, მაქვს კონკრეტული მტკიცებულებები (აუდიო, ვიდეო, ფოტო და ა.შ.). რაც შეეხება ვლადიკავკაზში გადაფრენას, „აირზენას" ჩარტერით, ჩვენ ამ ფრენის შემდეგ მოსმენაზე დავსვით ორივე პილოტი, რადგან გადაგვეზღვია ინფორმაციის გაჟონვა და რამდენიმე თვე ვაკონტროლებდით.

მე ბუნებრივია, ახლა არ დავასახელებ მათ გვარებს და არც ტელეფონის ნომრებს, გასაგები მიზეზების გამო, რაც მათ უსაფრთხოებას უკავშირდება. ისინი თუ თავის მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას გაითავისებენ და ამაზე ხმამაღლა ისაუბრებენ, ეს იქნება მათი პატრიოტიზმის გამოვლინება, რასაც მე მივესალმები. როდესაც ხელისუფლება შეიცვლება და მართლმსაჯულება ივანიშვილის კონტროლისგან გათავისუფლდება, ჩემგან მათ ყველანაირი მტკიცებულებები გადაეცემათ, ასევე, ეს ორი პილოტი და კიდევ ბევრი სხვა დაიკითხება. ეს მოხდება მაშინ, როდესაც უწყებები უკვე ნამდვილად ქართული და დამოუკიდებლები იქნებიან", - წერს გოგაშვილი.

შეგახსენებთ, სუს-ის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, სოსო გოგაშვილმა აღწერა სქემა, რომლითაც მისი მტკიცებით, ქართული და რუსული სპეცსამსახურების კოორდინაციით, სანქციების გვერდის ავლით, საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო ტრანსპორტის გამოყენება ხდება. სოსო გოგაშვილი ასევე საუბრობს იმაზე, თუ როგორ დალაგდა ეს სქემა. მისი თქმით, 2016 წელს „ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის დავალებით, ის ვლადიკავკაზში „ეფ-ეს-ბე-ს" საიდუმლო ბაზაზე იმყოფებოდა, სადაც „ეფ-ეს-ბე-ს" გენერალ სედოვს შეხვდა.

„შეხვედრის მიზანი იყო ქვედა დონის მოკავშირე ოფიცრების ურთიერთობის აწყობა, შესაფერისი სანდო პირების გამოყოფა, მათი ერთმანეთთან დაკავშირება, ასევე არალეგალური და კონტრაბანდული ტვირთებისათვის უსაფრთხო დერეფნების უზრუნველყოფა, მათი რეკომენდაციით რუსეთის მოქალაქეებზე საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება, ბიზნესის დაწყებაში დახმარება, ასევე საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების, რომლებიც არ იყვნენ სასურველი პირები და იძებნებოდნენ, მათი არალეგალურად გადაცემა რუსეთისათვის. შემდეგ როგორც დაიგეგმა, ჩაინიშნა ჩვენი უფროსების შეხვედრა, რომელიც შედგა იგივე ქალაქში და გაგრძელდა 3 საათი. მე ამ შეხვედრაზე არ ვყოფილვარ, ჩემი უფროსი, ვახტანგ გომელაური ჯერ გაემგზავრა მანქანით, მაგრამ თოვლის ჩამოწოლის გამო გზაზე შეფერხება იყო და მობრუნდა, დამირეკა გზიდან და ნინო გიორგობიანის საშუალებით, „აირზენას" მოვამზადებინე თვითმფრინავი - "ბოინგ 737" ჩარტერისათვის და მოხდა გადაფრენა. ბორტმა პირველ ჯერზე დაჯდომა ვერ შეძლო და გააკეთა რამდენიმე წრე, რომ დამჯდარიყო ვლადიკავკაზის აეროპორტში", - აცხადებს გოგაშვილი.

გოგაშვილის განცხადებით, ამ შეხვედრების შემდეგ, 2017 წლის ნოემბერში საქართველოში „ეფ ეს ბეს" ორ გენერალს - სედოვს და ბესედას უმასპინძლეს, დეკემბერში კი ქართული მხარე ოფიციალური მიწვევით მინსკში იმყოფებოდა, სადაც ვახტანგ გომელაური და ბორტნიკოვი ერთმანეთს კიდევ ერთხელ შეხვდნენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×