არსებული პროგნოზებით ფასების და ინფლაციის შემცირება მომდევნო თვეებშიც უნდა გაგრძელდეს – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა განაცხადა.
ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ინფლაცია საქართველოში შემცირების ტენდენციით ხასიათდება. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ინფლაცია საკმაოდ მაღალი რჩება, ფასის შემცირება ფიქსირდება პროდუქტებთან და საწვავთან მიმართებაში.
"სურსათის საფასო ინდექსი, ბოლო 3 თვის განმავლობაში, მუდმივად შემცირებით ხასიათდება. გარკვეულწილად, შემცირდება ფიქსირდება ბოლო კვირების და დღეების განმავლობაში საწვავთან მიმართებაში, ასევე, საერთაშორისო ბაზრებზე და ეს გარკვეული დროის შემდგომ ბუნებრივ ასახვას ჰპოვებს, მათ შორის საქართველოში ფასების დონესთან მიმართებაში. ამ მიმართულებით ვფიქრობთ, რომ ის მოცემულობა, რაც გვაქვს ფასების შემცირების მიმართულებით უნდა გაგრძელდეს იმ სტატისტიკის მიხედვით, რა სტატისტიკაც ბოლო პერიოდში სახეზე გვაქვს. ის მოლოდინები, რაც ბოლო სამმა თვემ აჩვენა გვაძლევს იმ ვარაუდის საფუძველს, რომ ფასების შემცირება უნდა გაგრძელდეს," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.