რეზონანსი
28.09.2022

საქალაქო სასამართლოში ნიკოლოზ ბასილაშვილის პროცესი იმართება. სხდომა დღესაც მისი ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის გამოკითხვით განახლდა.

ნელი დოროყაშვილს დღევანდელ სხდომაზე კითხვებს ნიკოლოზ ბასილაშვილის ინტერესების დამცველები დაუსვამენ. სხდომას დისტანციურად ესწრება თავად ცნობილი ჩოგბურთელიც.

სხდომის დაწყებამდე ნელი დოროყაშვილმა ნიკოლოზ ბასილაშვილის ერთ-ერთი ადვოკატი ირმა ჭკადუა მისი და მისი შვილის უფლებების დარღვევაში დაადანაშაულა. როგორც დაზარალებული აცხადებს, ამ მოტივით ის სარჩელის შესატანად ემზადება. ის დისკრედიტაციაში სხვა ადვოკატებსაც ადანაშაულებს.

"მიმდინარეობდა ჩემი დისკრედიტაცია, როგორც პიროვნების, ადამიანის, ქალის, როგორც ცოლის. დამაკნინებელ ასპექტში მოხსენიება და მიზანმიმართული დისკრედიტაცია.

ირმა ჭკადუა 2 წლის განმავლობაში, ისევე, როგორც სასამართლო დარბაზში, ასევე, მედიასივრცეში და მის გარეთ, არღვევს ჩემი და ჩემი არასრულწლოვანი შვილის უფლებებს. მე ვამზადებ სარჩელს ქალბატონი ირმა ჭკადუას წინააღმდეგ და აუცილებლად ვუჩივლებ", - განაცხადა ნელი დოროყაშვილმა.

ნელი დოროყაშვილის ბრალდება უპასუხა ირმა ჭკადუამაც. მისი მტკიცებით, არასრულწლოვანი შვილის უფლებას თავად ნელი დოროყაშვილი არღვევს, რომლის მოთხოვნითაც სასამართლო სხდომები არის ღია და საჯარო.

"ქალბატონმა მოსამართლემ მას შესთავაზა რომ დახურულიყო სხდომა, ვინაიდან ბავშვისთვის ხელმისაწვდომია აღნიშნული პროცესების ყურება, რადგან ეს ყველაფერი არის საჯარო. რაზეც ქალბატონმა ნელიმ განაცხადა კატეგორიული უარი," - აცხადებს ირმა ჭკადუა.

ქართველ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალი (სსკ-ის 126¹-ე მუხლი) არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე ფიზიკური ძალადობის გამო წარედგინა. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან. ნიკოლოზ ბასილაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად 100-ათასლარიანი გირაო შეუფარდა და გაათავისუფლა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×