რეზონანსი
28.09.2022

პარტია „დროას" წარმომადგენლებსა და სამოქალაქო აქტივისტებს პოლიციამ ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან აქციის ჩატარების უფლება არ მისცა.

"დროას" წარმომადგენლები და აქტივისტები ამ წუთებში გველეთში, იმ გვირაბთან იმყოფებიან, რომელიც ლარსის სასაზღვრო პუნქტს უკავშირდება, თუმცა ადგილზე მობილიზებული პოლიციის გადაწყვეტილებით, გვირაბში გასვლისა და ლარსამდე მისვლის საშუალება არ აქვთ.

როგორც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე კახა ბუხრაძემ "დროას" წარმომადგენლებსა და აქტივისტებს განუცხადა, ლარსის გამშვები პუნქტიდან საქართველოსკენ რთული მოძრაობაა და იმისთვის, რომ არ შეიქმნას კოლაფსი, ასევე აქციის მონაწილეების უსაფრთხოება იყოს დაცული, პოლიცია მათ ლარისის სასაზღვრო პუნქტთან მისვლისა და აქციის ჩატარების უფლებას ვერ მისცემს.

როგორც მან აქციის მონაწილეებს განუმარტა, აქციის ჩატარება შეეძლებათ იმ ადგილას, სადაც ახლა იმყოფებიან - გველეთში.

„უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე ვერ გაგატარებთ. დიდი ნაკადი შემოდის რუსეთიდან, კოლაფსი რომ არ შეიქმნას, იქ ვერ ჩაგატარებინებთ აქციას", - მიმართა ბუხრაძემ.

თავის მხრივ, „დროას" წარმომადგენლებმა პოლიციას განუმატეს, რომ გზის გადაკეტვას არ აპირებენ. შესაბამისად, თხოვნით მიმართეს პოლიციას, რომ ლარსის სასაზღვრო პუნქტამდე მიუშვან.

მათი განმარტებით, აქციის მიზანია, ის პლაკატები, რაც მათ აქვთ წარმოდგენილი, ნახონ რუსეთის იმ მოქალაქეებმა, რომლებიც საქართველოში შემოდიან. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ პოლიციის მოთხოვნა კანონიერი არ არის, თუმცა მათი ამოცანა პოლიციასთან დაპირისპირებას არ წარმოადგენს. 

„ჩვენი ამოცანაა, რომ პროტესტი გამოვხატოთ საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეების მიმართ. გავშლით ბანერებს და რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც შემოდიან საქართველოში, ვეტყვით, რომ არ არიან სასურველი სტუმრები", - განაცხადა "დროას" წარმომადგენელმა გიგა ლემონჯავამ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, "დროას" წარმომადგენლები და აქტივისტები აქციას ლარსის გამშვები პუნქტის ნაცვლად გველეთში ჩაატარებენ. მათ უჭირავთ ბანერები, რომელიც ასახავს იმ აგრესიას, რაც რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ოკუპაციისას ჩაიდინა.

ადგილზე მობილიზებულია დიდი რაოდენობით პოლიცია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×