რეზონანსი
01.10.2022

საქართველოს პარლამენტის წევრები სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, გურამ მაჭარაშვილი და მიხეილ ყაველაშვილი მორიგ განცხადებას ავრცელებენ.

„გუშინ ამერიკის ელჩს, ქალბატონ კელი დეგნანს ჟურნალისტებმა დაუსვეს კითხვა გიორგი ვაშაძის, გიგა ბოკერიას, აგრეთვე რადიკალური ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებისა და მათი კუთვნილი მედიასაშუალებების მიერ აგორებული კამპანიის შესახებ, რომელიც საქართველოსთვის მრავალმილიარდიანი შეიარაღების გადაცემისა და უკრაინისთვის ქართული შეიარაღების მიწოდების თემას უკავშირდებოდა.

სამწუხაროდ, ქალბატონმა ელჩმა მკაფიო პასუხს ამ შემთხვევაშიც აარიდა თავი და ჟურნალისტებს ძალზე ბუნდოვნად უპასუხა, „ეს განცხადებები სავსეა უზუსტობებით და რეალურად არასწორიაო“. ერთი მხრივ, ელჩი რადიკალური ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ნაწილობრივ გაემიჯნა, თუმცა, ამავდროულად, საზოგადოებას კიდევ უფრო მეტი ბუნდოვანება დაუტოვა.

კერძოდ, როდესაც ელჩი ამბობს, რომ რადიკალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია უზუსტობებს შეიცავს და ის ამ ინფორმაციას სრულად არ უარყოფს, რჩება ობიექტური განცდა, რომ გავრცელებულ ინფორმაციაში სიმართლეს საკმაოდ დიდი ადგილი უკავია. ელჩს რომ ეთქვა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოსთვის ამერიკული შეიარაღების შესყიდვა არ შეუთავაზებია, ყველაფერი ნათელი იქნებოდა. საზოგადოება დარწმუნდებოდა, რომ ელჩი საჯაროდ უარყოფს რადიკალური ოპოზიციის ბრალდებას საქართველოში მეორე ფრონტის შექმნის სურვილის შესახებ. თუმცა, ელჩმა ჟურნალისტებს მკაფიო პასუხი არ გასცა, რაც სწორედ რომ საპირისპირო დასკვნის გამოტანის საფუძველს იძლევა.

ჩვენ გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არა ვაშაძის მიერ წარმოდგენილი მასშტაბით, მაგრამ გარკვეული სოლიდური მოცულობით ახალი შეიარაღების შესყიდვას ამერიკული მხარე საქართველოს ხელისუფლებას ნამდვილად სთავაზობდა. ეს ხდებოდა ზუსტად იმ პერიოდში, როდესაც გიორგი მარგველაშვილი და რადიკალური ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები შეიარაღების შესყიდვის შესახებ კამპანიის აგორებას ცდილობდნენ.

ყველასათვის ცხადია, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველოს მიერ ნებისმიერი სოლიდური ოდენობით შეიარაღების შესყიდვა, აგრეთვე უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემა საქართველოში რუსეთის სამხედრო ინტერვენციისა და მეორე ფრონტის გახსნისთვის მყარ საბაბს შექმნიდა.

ძალიან კარგად გვესმის, რომ გიორგი ვაშაძე, გიგა ბოკერია, გიორგი მარგველაშვილი და სხვები საკუთარი ინიციატივით არცერთ მნიშვნელოვან განცხადებას არ აკეთებენ. როდესაც ამას ემატება ელჩის დუმილი ან დუმილის ტოლფასი ბუნდოვანი პასუხები, საზოგადოებას დასკვნების ცხადად გამოტანა შეუძლია.

სამწუხაროა, რომ ამერიკის ელჩმა ამ შემთხვევაშიც უარი თქვა რადიკალური ოპოზიციის გზავნილების სრულ უარყოფაზე, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს დასკვნებს იმის შესახებ, რომ საელჩოს და რადიკალური ოპოზიციის თითოეული მოქმედება სრულად არის კოორდინირებული“, - აღნიშნულია მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×