რეზონანსი
06.11.2022

ნატოს ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამაში ჩართულმა (OCC E&F) პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის „ალფა" ასეულმა მორიგი შეფასება წარმატებით გაიარა. მეორე დონის შეფასების (NEL-2) წვრთნები საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებასა და ნატოს რეაგირების ძალებისთვის მზადყოფნის დადასტურებას ისახავდა მიზნად, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, წვრთნების დასკვნითი ფაზა ვაზიანის სასროლეთზე საჩვენებელი სწავლებით დასრულდა, რომელსაც საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე დაესწრო. სწავლებაზე დასასწრებად საქართველოში სპეციალურად ჩამოვიდა ნატოს სახმელეთო სარდლობის J-3 ოპერატიული დეპარტამენტის უფროსი, ბრიგადის გენერალი ზოლთან ნემეთი.

ასეულმა ობიექტზე წინასწარ მომზადებული შეტევა განახორციელა. სწავლებაში ჩართული იყო საბრძოლო მანქანა „დიდგორი". ქვედნაყოფმა დაჭრილებისა და დაშავებულების ევაკუაცია ვერტმფრენის დახმარებითა და სამედიცინო საევაკუაციო ჯავშანმანქანა „დიდგორი მედევაკის" გამოყენებით განახორციელა.

ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებით დაკომპლექტებულმა დამკვირვებელ-მაკონტროლებელთა ჯგუფმა ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მოქმედებები დადებითად შეაფასა.

მოგვიანებით საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბში საბრძოლო მზადყოფნის დოკუმენტი გაფორმდა. ნატოს ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამას საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების სამმართველო ხელმძღვანელობს. მე-12 ბატალიონის „ალფა" ასეულმა ნატოს მე-2 დონის (NEL-2) შეფასება პირველად 2019 წელს დაასრულა და ნატოს ძალებთან თავსებადობის დამადასტურებელი სერტიფიკატი მიიღო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×