რეზონანსი
29.11.2022

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით საუბრისას, სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სახელმწიფო გამოვთქვამს მზადყოფნას და მსჯავრდებულ სააკაშვილს სთავაზობს ჩამოიყვანოს ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან ნებისმიერი ექიმი, რომელსაც სახელმწიფო მისცემს შესაძლებლობას მის მკურნალობაში ჩაერთოს:

"ბოლო დღეების განმავლობაში, აქტიურად ვაკვირდებით მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გარშემო დაძაბულობის მუხტის შექმნის მცდელობებს და ცილისმწამებლურ კამპანიას სახელმწიფოს წინააღმდეგ. საზოგადოებას უნდა შევახსენოთ, რომ პატიმარი მიხეილ სააკაშვილი მე-12 დაწესებულებაში შესახლების დღიდან სარგებლობს ყველა იმ უფლებით, რაც მას კანონმდებლობით აქვს მინიჭებული. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ ვიზიტორების რაოდენობა, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში დაახლოებით 1500 იყო. სასჯელის მოხდისას ყველა სახის სამედიცინო საჭიროება, რომელიც მიხეილ სააკაშვილს წარმოეშვა, სახელმწიფოს მხრიდან დროულად და ადეკვატურად იყო დაკმაყოფილებული. 

უნდა შევახსენოთ ყველას, რომ მსჯავრდებული პატიმარი სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ პენიტენციურ დაწესებულებებში და მსგავსი ტიპის მოთხოვნის სამართლებრივი ბერკეტი იუსტიციის სამინისტროს არ გააჩნია. კანონის წინაშე თანასწორობა, ეს არის ერთ-ერთი მთავარი კონსტიტუციური ღირებულება, რომელიც თანაბრად ვრცელდება ამ ქვეყანაში მყოფ ნებისმიერ პირზე და კანონით გაუთვალისწინებელი გამონაკლისი ვერავის მიმართ იქნება დაშვებული. 

ასევე კარგად არის ცნობილი, რომ ცენტრი "ემპათია" ატარებს დამოუკიდებელ ექსპერტიზას, რომელშიც ჩართულები იყვნენ უცხოელი ექსპერტები და სახელმწიფომ თითოეულ მათგანს მისცა შესაბამისი ნებართვები დოკუმენტაციის სრულად წარმოდგენის შემდგომ. 

გამომდინარე იმ მაღალი პასუხისმგებლობიდან, რომლითაც სახელმწიფო თითოეული ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ეკიდება, ახლაც გამოვთქვამთ მზადყოფნას და მსჯავრდებულ სააკაშვილს ვთავაზობთ ჩამოიყვანოს ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან ნებისმიერი ექიმი, რომელსაც სახელმწიფო მისცემს შესაძლებლობას ჩაერთოს მის მკურნალობაში," - აცხადებს რატი ბრეგაძე. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×