რეზონანსი
08.12.2022

არ მჯერა, რომ ისინი ნამდვილად მოტივირებულნი არიან სააკაშვილის უსაფრთხოების უზრუნველყოფით და ჯანმრთელობის დაცულობით, რადგან ეს ადამიანები და მათ შორის ელენე ხოშტარია, მისი ოჯახის წევრები დაფინანსებას იღებენ რუსეთიდან, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა "ნაციონალურ მოძრაობის" ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ "დროას", "გირჩის", "სტრატეგია აღმაშენებლის" და "ნაციონალურო მოძრაობის" ლიდერების განცხადებებს.

მისივე თქმით, ეს ადამიანები მათი პირადი, პოლიტიკური და პარტიული ინტერესებისთვის სააკაშვილის ჯანმრთელობის ინსტრუმენტალიზაციას ახდენენ.

„ფაქტი ის არის, რომ ამ ადამიანების მიერ პატიმარ სააკაშვილის ინსტრუმენტად გამოყენება ხდება, ეს ადამიანები ახდენენ პირის ჯანმრთელობის ინსტრუმენტალიზაციას მათი პირადი პოლიტიკური პარტიული ინტერესებისთვის, რაც მორალთან თავსებადი ვერ იქნება. მე მათი გულწრფელობის არ მჯერა და არ მჯერა, რომ ისინი ნამდვილად მოწოდებულნი და მოტივირებულნი არიან პატიმარ სააკაშვილის უსაფრთხოების უზრუნველყოფით და ჯანმრთელობის დაცულობით, რადგან ეს ადამიანები და მათ შორის ერთ- ერთი ეს ქალბატონი (ელენე ხოშტარია), მისი ოჯახის წევრები დაფინანსებას იღებენ რუსეთიდან. ჩემთვის ამ ადამიანების განცხადებები არ არის სარწმუნო, თუკი ვინმე ყველაზე მეტად არის ორიენტირებული და მოწოდებული, რომ დაცული იყოს პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, ეს არის სახელმწიფო,"- განაცხადა ოხანაშვილმა.

ის ასევე გამოეხმაურა ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერის პიტერ სტანოს განცხადებას, რომ "ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება ბოლოდროინდელ შემაშფოთებელ ცნობებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ". ოხანაშვილის თქმით, "ნებისმიერი ასეთი ტიპის მოწოდებების დროს, უფლებას იტოვებენ ყველას შეახსენონ, რა პირობებში იმყოფება მიხეილ სააკაშვილი - რომ მისი უსაფრთხოება გარანტირებულია და ჯანმრთელობისთვის ყველა პირობა უზრუნველყოფილია".

მისივე თქმით, შესაბამისი უწყებების ვალდებულებაა უზრუნველყონ ყველა პირობის შექმნა იმისთვის, რომ მისი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება იყოს დაცული.

"სწორედ ამ მიზნით იმყოფება პატიმარი სააკაშვილი სამედიცინო სამკურნალო დაწესებულებაში და ყველა პირობაა შექმნილი, რომ მისი უსაფრთხოება, სიცოცხლე და ჯანმრთელობა იყოს დაცული. ჰყავს ვიზიტორები, აკითხავენ თანაგუნდელები, ოჯახის წევრები, 24 - საათიან რეჟიმში გაეწევა სამედიცინო მომსახურება, აქედან გამომდინარე ყველანაირი პირობაა უზრუნველყოფილი, რომ ის იყოს უსაფრთხოდ და მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა იყოს დაცული. დანარჩენი, ადამიანი თვითონ არის პასუხისმგებელი მის ქმედებებზე და შემხვედრი ნაბიჯები უნდა გადადგას მისივე ჯანმრთელობისთვის,"- განაცხადა ოხანაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×