რეზონანსი
22.12.2022

რა სერვისი სჭირდება სააკაშვილს, რასაც ვერ იღებს აქ და მიიღებს საზღვარგარეთ? სრული აბსურდია, რაზეც საუბრობენ. რა დიაგნოზი აქვს, რას ვერ აწვდიან აქ და რას მიაწვდიან საზღვარგარეთ? - ეს ყველაფერი არის გამოგონილი, აბსურდული ნარატივი,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

„მიხეილ სააკაშვილი არის არა საპატიმრო დაწესებულებაში, არამედ - სამკურნალოში. მიეწოდება ყველა სერვისი. მას ჰყავდა 1 500 ვიზიტორი. თუ ადამიანი დანაშაულს სჩადის და მსჯავრს იხდის, მაგრამ მას იქ ყოფნა არ მოსწონს და უნდა გათავისუფლდეს, უკაცრავად, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც საპატიმროშია, თუ საკითხს ასე მიუდგება, მაშინ უნდა გამოვუშვათ. ეს არ არის სწორი. ამ საკითხს წყვეტს სასამართლო, კანონი და არა - ჩვენ. ყველამ პატივი უნდა სცეს კანონს. რა სერვისი სჭირდება, რასაც ვერ იღებს აქ და მიიღებს საზღვარგარეთ? სრული აბსურდია, რაზეც საუბრობენ. რა დიაგნოზი აქვს, რას ვერ აწვდიან აქ და რას მიაწვდიან საზღვარგარეთ? - ეს ყველაფერი არის გამოგონილი, აბსურდული ნარატივი. წინასწარ განსაზღვრული დღის წესრიგი და პროპაგანდა, რომ თურმე, იმის გამო, რომ ვერ იტანს სამკურნალო დაწესებულებას, სადღაც უნდა იყოს გაყვანილი, ციხეშიც კი არ არის",- აღნიშნა ოხანაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც ყოფილი პრეზიდენტი დისტანციურად ესწრებოდა. თუმცა ექსპრეზიდენტმა პროცესზე საუბარი უკრაინულად დაიწყო, მაგრამ მოსამართლე გიორგი არევაძემ მას უკრაინულ ენაზე განცხადების გაკეთების საშუალება არ მისცა.

პროცესზე ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ მიხეილ სააკაშვილს სთხოვა წამომდგარიყო, პერანგი აეწია და საზოგადოებისთვის მისი მდგომარეობა ვიზუალურად ეჩვენებინა, თუმცა, მიხეილ სააკაშვილს მოსამართლემ ამის უფლება არ მისცა. მისი თქმით, თუ სააკაშვილი ჩართვის დროს გაშიშვლებას დაიწყებდა, მას გათიშავდნენ და პროცესში მონაწილეობის უფლებას აღარ მისცემდნენ.

ამ ეტაპზე სხდომა სააკაშვილის მონაწილეობის გარეშე მიმდინარეობს. ადვოკატის განმარტებით, სააკაშვილმა ცუდად იგრძნო თავი, რის გამოც ექიმი გამოიძახეს და ამ ეტაპზე მსჯავრდებული ჩართვაზე უარს აცხადებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×