რეზონანსი
16.01.2023

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განაცხადებით, ბოლო პერიოდში საქართველოშიც აღინიშნა კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატება, რაც დაკავშირებული იყო წინასაახალწლო და საახალწლო მობილობის ზრდასთან. მისივე ინფორმაციით, დღეში ახალი შემთხვევების რაოდენობა 200-300-ის ფარგლებში მერყეობს, რაც სრულად მართვადია.

„როგორც იცით, რამდენიმე თვეა, რაც მსოფლიო კოვიდის პიკიდან გამოვიდა, თუმცა ბოლო რამდენიმე კვირაა, რაც რამდენიმე კომპონენტში გაუარესება აღინიშნება. კერძოდ, ბოლო რამდენიმე კვირაა, რაც მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობამ მომატა. თუ დღეში 1000-1500 ახალი შემთხვევა იყო, ახლა 1500-ზე მეტი გახდა.

კიდევ უფრო მნიშვნელოვნად მოიმატა კორონავირუსით ინფიცირებულების გარდაცვალების შემთხვევებმა, თუ 1000-1200-ის ფარგლებში იყო ახლა 1600-ზე მეტია.

ასევე, ამერიკაში დაფიქსირდა ახალი დომინანტური შტამის „ომიკრონის“ ახალი სუბვარიანტი ე.წ. XBB.1.5. ექსპერტების აზრით, ეს სუბვარიანტი ხასიათდება „ომიკრონის“ წინა ყველა სუბვარიანტზე უფრო მეტი გადამდებლობით, მეტია მისი ფართოდ გავრცელების რისკი, შესაბამისად, გარდაცვალების რაოდენობის მატება.

ეს ვარიანტი, ევროპაში აღმოჩენილია ერთეულ შემთხვევებში, ასევე ჩინეთშიც, თუმცა გავრცელება არ ხდება. ამერიკაშია ფართო გავრცელება, სადაც შემთხვევების უმეტესობა მოდის. საქართველოში XBB.1.5 სუბვარიანტი ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა და დომინანტურად კვლავ რჩება BA.5 სუბვარიანტი.

რაც შეეხება ჩინეთს, სამწუხაროდ, ჩინეთის მთავრობა არ დებს ზუსტ მონაცემებს კორონავირუსის ახალ შემთხვევებსა და გარდაცვალებაზე. სხვადასხვა ავტორიტეტული წყაროს მონაცემებით, ჩინეთში ყოველდღიურად რამდენიმე ათეული მილიონი ახალი შემთხვევა ფიქსირდება. 900 000 არის გარდაცვალება!

ჯანმო-მ უკვე გამართა სპეციალური სხდომა და მიმართა ჩინეთს თხოვნით, რეგულარულად გამოაქვეყნონ ზუსტი რიცხვები, რათა შესაძლებელი იყოს რისკების შეფასება და მათზე რეაგირება. რაც შეეხება საქართველოს, საქართველოში ჯერ ისევ ძალიან კარგ ეპიდვითარებას ვინარჩუნებთ. გარდაცვალების შემთხვევები ერთეულ ნიშნულზეა, მათ შორის, ბოლო თვეში. ბოლო პერიოდში საქართველოშიც აღინიშნა ახალი შემთხვევების მატება, რაც დაკავშირებული იყო წინასაახალწლო და საახალწლო მობილობის ზრდასთან. დღეში ახალი შემთხვევების რაოდენობა არ გადასცილებია 200-300 შემთხვევას, რაც ჯერ სრულიად მართვადია“,- აღნიშნა ცერცვაძემ "ინტერპრესნიუსთან".

"ინტერპრესნიუსი"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×