რეზონანსი
17.02.2023

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსის, ლაშა სუხიშვილის განცხადებით, იმისთვის, რომ მიწისძვრას მასშტაბური ნგრევა არ მოჰყვეს, მნიშვნელოვანია, ხარისხიანი მშენებლობები იწარმოებოდეს.

როგორც მან მედიაცენტრ „მთავარში" გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ამ თვალსაზრისით, კანონმდებლობა მორღვეულია და სიტუაცია არ კონტროლდება.

„ჩვენს შემთხვევაში კანონმდებლობა მორღვეულია, მაკონტროლებელი მოწოდების სიმაღლეზე ვერ არის, რადგან არ აქვს ვალდებულება, დეტალურად შეამოწმოს წარმოდგენილი კვლევები. ჩვენ ვნახეთ აბსოლუტურად სხვა უბნისთვის შესრულებული კვლევა, დაკოპირებული სხვა უბანში და ამის საფუძველზე სამშენებლო ნებართვის მიღება. ეს იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივ თვითმმართველობებში, არა მარტო თბილისში, არამედ სხვა რეგიონებშიც, ბათუმში და ა.შ. შეიძლება სამშენებლო ნებართვის მიღება ისე, რომ ხარისხიანი კვლევა არ ჩატარდეს", - განაცხადა სუხიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, მეზობელ ქვეყანაში მომხდარი მიწისძვრა საქართველოსთვის პანიკის საფუძველი არ უნდა იყოს.

„მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ რა სიმძლავრის მიწისძვრაც არ უნდა მოხდეს მეზობელ ქვეყანაში, მიწისძვრამდე და მის შემდეგაც საქართველოში ხდება მიწისძვრები. ასე, რომ ეს პანიკის საფუძველი არ უნდა იყოს", - განაცხადა სუხიშვილმა.

მისივე თქმით, კონკრეტულ მიწისძვრას რომელ შენობაზე რა გავლენა ექნება, ამის პროგნოზირება რთულია.

„თბილისი იმდენად პატარა ტერიტორიაა, რომ მიწისძვრის საფრთხე ყველგან თანაბარია. აქ მნიშვნელოვანია ის, რომ თბილისი არის ძალიან რთული ადგილი, ცუდი გაგებით მრავალფეროვანი და კონკრეტულ მიწისძვრას რომელ შენობაზე რა გავლენა ექნება, ამისთვის არის საჭირო ლოკალური კვლევები და ლოკალური შეფასებები. ერთმა და იმავე მიწისძვრამ შესაძლოა, ერთ უბანში სხვა რყევა გამოიწვიოს და მეორეში სხვა, გააჩნია, გრუნტი რა მდგომარეობაშია. სამწუხაროდ, თბილისში არის პრაქტიკა, როცა სადღაც უბანში ერთი კვლევა არის ჩატარებული და მერე ყველა მშენებლობა იმ ერთ კვლევაზე მიებმება ხოლმე, ეს საკმაოდ ცუდი პრაქტიკაა", - განაცხადა სუხიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×