რეზონანსი
17.03.2023

კახა კალაძემ დღეს გაიმეორა იგივე ღია პროპაგანდა, რაც უკვე თვეებია არის, რომ ომს გვაძალებს დასავლეთი, თქვენ იომეთ, თქვენ მდიდრები ხართო, რა 12 პუნქტზეა საერთოდ ლაპარაკი?! - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" ლიდერმა, გიგა ბოკერიამ „პალიტრანიუსის" გადაცემა „360 გრადუსში" განაცხადა, რითაც დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ყველა თავს იტყუებს, ვინც ფიქრობს, რომ შეუძლია აიძულოს რეჟიმი, გახდეს დემოკრატიული და ევროკავშირის 12 პუნქტი შეასრულოს.

„მთავრობა პუტინისტური პროპაგანდის ამ ბოდვას იმეორებს, რომ თავისუფალი სამყარო ჩვენი მტერია. როდემდე უნდა გაგრძელდეს ვინმეს მხრიდან თავის მოტყუება? ყველა თავს იტყუებს, ვინც იძახის, რომ ოპოზიციას შეუძლია აიძულოს რეჟიმი, რომელიც შინაარსით ანტიდასავლური და პუტინისტურია, რომ გახდეს დემოკრატიული", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

გიგა ბოკერია გადაცემაში „მოქალაქეების" ლიდერის, ალეკო ელისაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, აუცილებლად უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება შეასრულოს ევროკავშირის 12 პუნქტი. ბოკერიას თქმით: „ცალკე საკითხია ის, მაგ ადამიანები არიან თუ არა ამ რეჟიმის ოპონენტები".

გიგა ბოკერიას განცხადებით, „ევროპულ საქართველოს" განსხვავებული პოზიცია აქვს, რომ თუკი საქართველოს ისეთი მთავრობა არ ეყოლება, რომლის მიზანიც ევროკავშირთან რეალური დაახლოება იქნება, მაშინ კანდიდატის სტატუსიც არაფერში დაგვეხმარება.

„ჩვენი, ევროპული საქართველოს" პოზიცია არის განსხვავებული, იმ ვითარებაში, როცა გვყავს რეჟიმი, რომელიც იმ სამყაროს, რომელში ინტეგრაციის გზებსაც ვარჩევთ, მტრად მიიჩნევს და ამ კამპანიას ეწევა. ცოტა ხნის წინ, რომ არა ქუჩაში გამოსული ხალხი, აპირებდა პირდაპირ კანონის მიღებას, სადაც, მათივე განმარტებით სამიზნე იყო ევროპა და ამერიკა, ამ რეჟიმის პირობებში გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ თუკი იქნებოდა მიღებული წარსულში ან იქნება მომავალში, ეს იქნება გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება, მაგრამ რომც მიიღონ ეს გადაწყვეტილება, თუ არ გყავს მთავრობა, რომელიც თავის ამოცანად ისახავს ნატო-ში წევრობას, ევროკავშირთან რეალურ დაახლოებასა და გარდაქმნას, ეს კანდიდატის სტატუსი რაში დაგეხმარება?", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×