რეზონანსი
22.03.2023

ხელს შევუწყობთ საქმიან სამუშაო გარემოს, ოპონენტებს მინდა ვთხოვო, თავი შეიკავონ პიროვნული შეურაცხყოფებისგან, რომელსაც ხშირად მოჰყვება ხოლმე მწვავე რეაქციები , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ „თავდაცვის კოდექსის" განხილვისას სასესიო დარბაზში მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პარლამენტი უნდა იყოს არა ფიზიკური დაპირისპირების, არამედ დებატების ადგილი.

"არ მივესალმები არანაირ დაპირისპირებას, მით უმეტეს, ფიზიკურ დაპირისპირებას პარლამენტში. პარლამენტი არის და უნდა იყოს დებატების ადგილი. სამწუხაროა, რომ ოპოზიცია დებატების დროს, მინისტრის საათის დროს და იმ სესიებზე, სადაც საჭიროა კამათი და პოლიტიკური კონლირენცია, არ არიან დარბაზში და მათ ნაცვლად ცარიელი სკამები მონაწილეობენ პროცესში. შესაბამისად, საჭიროა, ეს ენერგია დაიხარჯოს პოლიტიკურ პროცესში და პოლიტიკურ დებატში პარლამენტს შიგნით, რა თქმა უნდა, არ მივესალმებით არანაირ ფიზიკურ დაპირისპირებას, ახლა ქვეყანას და საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება სიმშვიდე და სტაბილურობა, მით უმეტეს იმ პირობებში, როცა რეგიონში არის უსაფრთხოების ძალიან სერიოზული გამოწვევები. ამიტომ ჩვენ რა თქმა უნდა, მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ საქმიან სამუშაო გარემოს და ჩვენს ოპონენტებს მინდა ვთხოვო, თავი შეიკავონ ისეთი პიროვნულო შეურაცხყოფებისგან, რომელსაც ხშირად მოჰყვება ხოლმე მწვავე რეაქციები", -განაცხადა თალაკვაძემ.

კითხვაზე, თანაგუნდელებს თუ მოუწოდებს რაიმეს, თალაკვაძე პასუხობს, რომ მათ დამოკიდებულებაზე უკვე ისაუბრა და სწორედ ამით დაიწყო კომენტარის მიცემა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „თავდაცვის კოდექსის" პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობს, ოპოზიციონერ დეპუტატებსა და „ხალხის ძალის" წევრებს შორის სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი.

ვითარება იმდენად გამწვავდა, რომ დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ პარლამენტის მაგიდაზე დამონტაჟებული მიკროფონი ნაკაიძეს ზურგში ჩაარტყა. სიტყვიერი დაპირისპირება რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა.

არსებული ინფორმაციით, „ხალხის ძალის" დეპუტატები მის მოპირდაპირე მხარეს მსხდომ ოპოზიციონერ კოლეგებს "აგენტებს" ეძახდნენ და ვითარების გამწვავებაც ამან გამოიწვია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×