რეზონანსი
06.04.2023

ირაკლი ქადაგიშვილის განცახდებით, აშშ-ის მიერ მოსამართლეების დასანქცირებამ კითხვები გააჩინა, რასაც მეტი სიცხადე სჭირდება. მისივე თქმით, თუნდაც დახურულ ფორმატში პარტნიორი პარტნიორს უნდა დაელაპარაკოს და კონკრეტული ინფორმაცია მიაწოდოს.

„ვფიქრობ, ალბათ ყველაზე უკეთესი იქნება, თუ მეტი სინათლე შემოვა, რადგან ამან მეტი კითხვა გააჩინა, მეტი უნდობლობა შემოიტანა საზოგადოებაში, ვიდრე რაღაც საჯარო სიკეთე ან, მათ შორის, პოლარიზაციის შემცირებას შეუწყო ხელი.

ხედავთ, რომ რადიკალური ოპოზიცია ამას პოლიტიკური დუღილის ტემპერატურის აწევის შანსად იყენებს. ერთ-ერთ არხზე ვუსმენდი აშშ-ის ელჩის ინტერვიუდან ამონარიდს, სადაც ამბობს, რომ 2012 წლის შემდეგ უამრავი კარგი რეფორმა გაკეთდა, შეერთებული შტატებიც იყო თანამონაწილე საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად; უამრავი კარგი მოსამართლეა, რომელიც შრომობს, კეთილსინდისიერია და ასე შემდეგ. მსოფლიო სტატისტიკაც, ყველა ობიექტური შეფასება გვიჩვენებს, რომ სასამართლოში დღეს სასამართლო ხელისუფლება არის თვისობრივად სულ სხვანაირი, სულ სხვა განზომილებაშია გადასული, ვიდრე ეს იყო წინა ხელისუფლების დროს. ეს სტატისტიკა თქვენს არხზეც და ყველგან უკვე ბევრჯერ განმეორდა, ამიტომ ამ ციფრებით თავს აღარ შეგაწყენთ. რეალურად, მართლაც სხვა რეალობაში არის დღეს სასამართლო სისტემა და თვითონ ინსტიტუციურად სულ სხვანაირად არის მოწყობილი. მთავრობას არანაირი შეხება აღარ აქვს სასამართლო სისტემის ფორმირებასთან დაკავშირებულ საკითზებზე და ამ დროს ხდება ოთხი ადამიანის სანქცირება. აქედან ერთი წარსულში, ექვსი წლის წინ იყო მოსამართლე და გვეუბნებიან, რომ ამ კარგი სტატისტიკის ფონზე, ამ თვისობრივად გაუმჯობესებულ ვითარებაში კონკრეტულად ოთხი ადამიანი არის დამნაშავე კორუფციულ გარიგებაში. აქედან გამომდინარე, სწორედ ამ კონკრეტიკაზე მიდგა უკვე საქმე, მოთხოვნა, რაც მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან და, ზოგადად, საზოგადოების, კონკრეტულად ამ ოთხი ადამიანისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მხრიდან არის, რომ იყოს მეტი კონკრეტიკა. ანუ, კონკრეტულად რაში მდგომარეობს ეს კორუფციული „ქეისები", რა ინფორმაციაზე დაყრდნობით არის. ვფიქრობ, ალბათ ამის გასაჯაროება და ამაზე ნათელის მოფენა დღეს ძალიან მნიშვნელოვანია.

არც ერთი და არც მეორე მხარის ბრალეულობაზე ნუ ვისაუბრებთ. ვისაუბროთ გამჭვირვალობაზე, რაც თითქოს ყველასთვის ამოსავალი წერტილია, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, ვაწყდებით, რომ გამჭვირვალობა რატომღაც მარტო ცალ მხარეს უნდა იყოს. მეტი კონკრეტიკა, დასაბუთება, არგუმენტი თუ იქნება, გნებავთ დახურულ რეჟიმში, პარტნიორი პარტნიორს უფრო კონკრეტულ ინფორმაციას მაინც მიაწვდის, რაში მდგომარეობს კორუფცია ამ ოთხ პიროვნებასთან დაკავშირებით, ალბათ ეს იქნება გაცილებით კარგი სიმართლისათვის და ორმხრივი ურთიერთობებისთვისაც", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×