რეზონანსი
28.04.2023

გლდანის მერვე პენიტენციური დაწესებულების პატიმარმა კონსტანტინე ცომაიამ საქალაქო სასამართლოში მიყვანის დროს ყელის არეში თვითდაზიანება მიიყენა და ის „ვივამედის" კლინიკაში გადაიყვანეს.

„ვივამედის" კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა, დაზიანება ზედაპირული იყო, პაციენტის კლინიკაში დარჩენის საჭიროება არ იყო და ის გადაყვანილ იქნა პენიტენციურ დაწესებულებაში.

„ეს პატიმარი სასამართლო პროცესზე მიყვანილი იქნა პენიტენციური დაწესებულებიდან და შემდეგ, როდესაც აქ მოხდა ჭრილობის დამუშავება, ისევ საბადრაგო სამსახურის მიერ იქნა დაბრუნებული გლდანის მერვე პენიტენციურ დაწესებულებაში. კლინიკაში მოთავსების აუცილებლობა არ იყო. თვითდაზიანება მიიყენა პაციენტმა ყელის არეში.

აქ იყო ზედაპირული ჭრილობა, სხვა მძიმე დაზიანება არ აღენიშნება. ამ დაზიანებით მას ნამდვილად არ ემუქრება არანაირი საფრთხე. არ იყო მძიმე სახის დაზიანება, იყო ზედაპირული ჭრილობა, რომელიც გაიკერა და დამუშავდა", - განაცხადა ზურა ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსთან".

გავრცელებული ინფორმაციით, პატიმარმა თვითდაზიანება მიიყენა თავისივე ფრჩხილებით.

როგორც პატიმარის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სიტყვიერად ყოველთვის აპროტესტებდა უკანონო ბრალდებებს და მტკიცებულებების გაყალბებას, მაგრამ დღეს პროტესტის საკმაოდ მძიმე ზომას მიმართა.

„როდესაც მე ვიცავდი მის ინტერესებს წინა საქმეში, წინა საქმე ეხებოდა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას. სინამდვილეში კი არანაირი იარაღი არ ჰქონია, მას ჩაუდეს იარაღი და დააკავეს უკანონოდ. სასამართლოში ნათლად დადასტურდა, რომ იარაღი იყო ჩადებული და მას არანაირი იარაღი არ ჰქონია, მოწმეების ჩვენებები იყო აბსოლუტურად აბსურდული და ურთიერთსაწინააღმდეგო და სასამართლო პროცესზე გამოჩნდა, რომ პოლიციელები ცრუობდნენ, მათ შეადგინეს ყალბი ოქმები, არასწორი ინფორმაცია მიუთითეს და დააკავეს უდანაშაულო ადამიანი. სასამართლომ კონსტანტინე ცომაია გაამართლა. ამის შემდეგ მას ჰქონდა მოლოდინი, რომ კიდევ სურდათ მისი დაკავება და დააბრალეს თითქოს მან ჩაიდინა ყაჩაღობა. სინამდვილეში ყაჩაღობასთან დაკავშირებით საქმე ეფუძნება ე.წ. დაზარალებულთა ჩვენებებს, რომელიც ერთმანეთისგან დაკოპირებულია და შესაბამისად, არანაირ ობიექტურ გამოძიებასთან არ გვაქვს კავშირი. კონსტანტინე ცომაიას ჰქონდა პროტესტი აღნიშნულთან დაკავშირებით. სიტყვიერად ის ყოველთვის აპროტესტებდა უკანონო ბრალდებებს და მტკიცებულებების გაყალბებას მის მიმართ, მაგრამ დღეს პროტესტის საკმაოდ მძიმე ზომას მიმართა, რაც ჩემთვისაც ძალიან მოულოდნელი იყო", - განაცხადა ადვოკატმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×