რეზონანსი
28.04.2023

როგორც საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კატრინ კოლონამ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ქართველმა ხალხმა ბევრჯერ აჩვენა მიჯაჭვულობა ევროკავშირთან, თქვენთან ერთად ვართ, რომ დაგეხმაროთ ამ გზის გავლაში, სხვა პარტნიორებთან ერთად, მოწოდებული ვართ, დავაჩქაროთ პროცესები.

„მოვედი, რომ უპირველეს ყოვლისა, საქართველოსთვის მხარდაჭერის მესიჯი გადმოგცეთ. გვსურს, ამ ვიზიტით და ასევე ურთიერთობით, რომელიც ორ ქვეყანას აქვს, გაგიზიაროთ ჩვენი დამოკიდებულება თქვენს სუვერენიტეტთან, ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით.

ჩვენ გვსურს, რუსეთმა დაასრულოს ომი, საერთაშორისო ნორმების დარღვევა, რომელიც უკვე 14 თვეა, მიმდინარეობს და საქართველომ ძალიან კარგად იცის ეს, რადგან ახლაც იხდის იმ პოლიტიკის ფასს, რომელიც 2022 წლის 24 თებერვალს არ დაწყებულა. აქ დაიწყო 2008 წელს. საქართველოს შეუძლია, საფრანგეთის სოლიდარობის იმედი ჰქონდეს. მე ეს ბევრჯერ მითქვამს მინისტრისთვის.

განვიხილეთ ევროკავშირის წევრობისთვის საქართველოს კანდიდატობის საკითხი. ქართველი ხალხისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც ჩამოვედი, ძალიან ბევრი ევროპული დროშა იყო თბილისში. როგორც ვიცი, გაზაფხულზე იყო პროევროპული მანიფესტაციებიც და ქართველების 85 პროცენტი ემხრობა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. ეს არის ციფრი, რომელიც გვაფიქრებს და გვაძლევს მომავლის ხედვას.

ვფიქრობ, საქართველო არის ერთიანი ამ საკითხთან დაკავშირებით და ერთიანად არის აღიარებული ივნისში, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია. ჩვენ გვსურს, ეს მომავალი კონკრეტული გახდეს. ეს არის კომპლექსური პროცესი, რომელიც უკვე დაიწყო, ეს არის ისტორიული საშუალება და ჩვენ ვართ საქართველოსთან ერთად, რომ დაგეხმაროთ ამ გზაზე - როგორ წავიდეთ წინ, როგორ მოვიპოვოთ სტატუსი. ამისთვის საჭიროა 12 პრიორიტეტის შესრულება, რეფორმების გატარება, რომელიც უზრუნველყოფს თავისუფლებას, ინსტიტუციების დაცვას სხვადასხვა გავლენისგან, წარმომადგენლები, რომლებიც უზრუნველყოფენ პლურალიზმს, სიტყვის თავისუფლებას. მხოლოდ ამის შედეგად მოახდენს საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას, რადგან ეს არის ევროპული ღირებულებები.

ქართველმა ხალხმა ბევრჯერ აჩვენა თავისი კავშირი, მიჯაჭვულობა ევროკავშირთან. ჩვენ თქვენთან ერთად ვართ, რომ დაგეხმაროთ ამ გზის გავლაში. მინისტრმა მომაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რაც უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში ხორციელდება, განსაკუთრებით საკანონმდებლო სფეროში. რა თქმა უნდა, სხვებიც იქნება საჭირო. ჩვენ, სხვა პარტნიორებთან ერთად, მოწოდებული ვართ, ხელი შევუწყოთ, დავაჩქაროთ ეს პროცესები. რა თქმა უნდა, გზა არის გასავლელი, მაგრამ ამ გზაზე ჩვენ საქართველოს გვერდით ვართ", - განაცხადა კატრინ კოლონამ.

საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონა საქართველოს დღეს ეწვია. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, კატრინ კოლონა შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, ასევე საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

2018 წლის შემდეგ, ეს არის საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტი საქართველოში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×