რეზონანსი
28.04.2023

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პირველად დასკვნით, დიდ დიღომში გარდაცვლილ 12 წლის მოზარდზე, ანა იანუშაიტიტეზე სექსუალური ძალადობის ფაქტი არ დადასტურდა. აღნიშნულის შესახებ გარდაცვლილი გოგონას ოჯახისა და „უფლებები საქართველოს" ადვოკატმა, ელისო რუხაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი" განაცხადა.

როგორც ადვოკატი განმარტავს, ყველა დაზიანება, რაც 12 წლის გოგონას სხეულზე აქვს, სიცოცხლის დროინდელია.

„საუბარია, მექანიკურ, ასპირაციულ ასფიქსიაზე, ამ ტერმინში და განმარტებაში, მნიშვნელოვანი ის არის, რომ სასუნთქ გზებში საკვები მასების ძალიან დიდი ოდენობა მოხვდა. ერთ-ერთი ვერსია, რომ საკვები გადასცდა, არ დასტურდება. გადაცდენის დროს, მცირე ულუფა გადადის სასუნთქ გზებში, ტრაქეაში და შემდეგ ფილტვებში. აქ საუბარია, აბსოლუტურად დიდი ოდენობის მასაზე, რომელიც წესით, ბუნებრივ პირობებში პირის ღრუდან გარეთ უნდა გადმოსულიყო. საგამოძიებო ორგანომ სხვადასხვა ვერსია უნდა განიხილოს, მაგრამ მხოლოდ სამედიცინო დასკვნაზე დაყრდნობით, სრული და სრულფასოვანი სურათის შექმნა წარმოუდგენელია. არასწორი იქნება ჩემი, გამოძიების და კომპეტენტური პირების მხრიდან რაიმე სახის დასკვნის გაკეთება...

დასკვნა არის ზოგადი, აღწერილია დაზიანებები და სიკვდილის მიზეზი. გამოირიცხა მოზარდის ორგანიზმში ნარკოტიკული და ალკოჰოლური ზემოქმედების კვალი ხომ არ იყო დამნაშავის მიერ გამოყენებული. ასევე, გამოირიცხა სექსუალური ძალადობის კვალი. შესაბამისად, აქ საუბარია კონკრეტულ დაზიანებაზე, რომელიც სიკვდილის დადგომამდე ახლო, წინა პერიოდშია მიყენებული. ექსპერტიზამ ცალსახად და კატეგორიულად თქვა, რომ ყველა დაზიანება სიცოცხლის დროინდელია, ანუ ჯერ დაზიანებები ჰქონდა და შემდეგ გარდაიცვალა. ამიტომ, ჩვენ არაერთი კითხვა გვაქვს კომპლექსური და კომისიური ექსპერტიზის ფარგლებში... კადრებში ჩანს გარდაცვალებამდე რამდენიმე წუთით ადრე, გოგონა ძალიან კარგ განწყობაზე იყო, არანაირი მოწამვლის ნიშნები არ ეტყობოდა, შესაბამისად, გარდაცვალებამდე მიიღო დაზიანებები და შემდეგ გარდაიცვალა ძალიან უხვი მასით, რომელიც სასუნთქმა გზებმა გადაიტანა ტრაქეაში. დასადგენია, პირღებინება რამ გამოიწვია, ამაზე არაერთი ექსპერტიზაა დანიშნული. პირღებინება შეიძლება არაერთი მოქმედების - თავში ჩარტყმის, დიდი შიშის, სტრესის შედეგად იყოს გამოწვეული.

ოჯახი მაქსიმალურად თანამშრომლობს გამოძიებასთან, რამდენიმე ვერსია აქვთ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, ამოღებულია ათობით სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერი, რომელიც ძალიან დიდი მოცულობისაა, შესაბამისად, მას გონივრული ვადა სჭირდება, რომ შეფასდეს და გაანალიზდეს იქ არსებული ინფორმაცია. ჩვენ ველოდებით არაერთ სხვა დასკვნას, რომელიც სრულ სურათს შეგვიქმნის, რა მოხდა 16 მარტის ღამეს", - განაცხადა რუხაძემ.

ცნობისთვის, დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას საქმეზე, ბავშვის დედას და „უფლებები საქართველოს" ადვოკატებს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი დასკვნის ასლი დღეს, 28 აპრილს გადაეცათ.

აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გოგონას სხეულზე 40-მდე დაზიანება აღენიშნება. ასევე, სიკვდილის მიზეზი მექანიკური ასფიქსიაა.

დიდ დიღომში 12 წლის მოზარდი გარდაცვლილი მიმდინარე წლის 16 მარტს იპოვეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×