რეზონანსი
28.04.2023

პარტია „ლელოს" ერთ-ერთი წევრი, გრიგოლ გეგელია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

მისი განცხადებით, ჰააგის სასამართლოს შემდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთი კიდევ ერთხელ ცნო აგრესორად.

„ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთის ფედერაციას საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ 130 მილიონამდე ევროს გადახდა დააკისრა 2008 წლის ომის დროს ჩადენილი დანაშაულების გამო. ჰააგის შემდეგ, დღეს სტრასბურგმა კიდევ ერთხელ ცნო რუსეთი აგრესორად და მას პასუხისმგებლობა დააკისრა.

ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი გამარჯვება ქართული სახელმწიფოსთვის. პირველ რიგში, მინდა მადლიერება გამოვხატო ქართველი საჯარო მოხელეებისადმი, ვინც დიდი შრომა გაწიეს ამ შედეგის მისაღწევად. აქვე აღსანიშნავია, რომ ეს არ არის დრო პარტიულ-პოლიტიკური ქულების დასაწერად, მით უმეტეს, იმ პოლიტიკური ძალების მხრიდან, რომლის ლიდერებიც ქართულ სახელმწიფოს ადანაშაულებენ ომის დაწყებაში. საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ აგვისტოს ომთან დაკავშირებით ხელისუფლების რიტორიკა სრულ თანხვედრაშია კრემლის ოფიციალურ ნარატივთან და არაერთხელ ყოფილა გამოყენებული საქართველოს წინააღმდეგ.

ამ მნიშვნელოვან დღეს, ჩვენ და მსოფლიო კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ რუსეთი აგრესორია, საქართველო კი მსხვერპლი. გრძელდება ბრძოლა ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციის, განთავისუფლების და კეთილდღეობისთვის!",- აცხადებს გრიგოლ გეგელია.

ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთს საქართველოსთვის, 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის დარღვევებისა და მოქალაქეებისთვის მიყენებული ზარალისთვის კომპენსაციის სახით 129 მილიონ ევროზე მეტის გადახდა დააკისრა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×