რეზონანსი
09.05.2023

ნებისმიერმა ადამიანმა, რომელიც ფიქრობს, რომ დღეს „ნაციონალურ მოძრაობას" სჭირდება გაძლიერება, ხელი უნდა შეუწყოს პროცესს და არა ხელი შეუშალოს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით ბოტკოველი „ნაციონალური მოძრაობის" ჭიათურისა და ხობის ორგანიზაციების ხელმძღვანელების მიერ პოსტის დატოვებას გამოეხმაურა.

„ვფიქრობ, უპრეცედენტო შემთხვევაა, როდესაც საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში გამოცხადებულია ღია, გამჭვირვალე არჩევნები. რეგისტრაცია მიმდინარეობს როგორც ელექტრონულად, ისე შეუძლიათ, ადგილზე დარეგისტრირდნენ. გაუგებარია განცხადებები, რომლებიც მოვისმინეთ. ნებისმიერი გადაწყვეტილება არ უნდა იყოს მიმართული დაპირისპირების გამოწვევისკენ და მათი მხრიდან მოხდეს რაიმეს გაღვივება. ნებისმიერმა ადამიანმა, რომელიც ფიქრობს, რომ დღეს „ნაციონალურ მოძრაობას" სჭირდება გაძლიერება, ხელი უნდა შეუწყოს პროცესს და არა ხელი შეუშალოს. ჩემთვის მხოლოდ დასანანი იქნება ნებისმიერი ადამიანის არმონაწილეობა, თუმცა ყველა გადაწყვეტილებას თვითონ იღებს", - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

გიორგი ბოტკოველის განცხადებით, ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან პირადად ჰქონდა კომუნიკაცია და სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ პარტიის ახალ მენეჯმენტს მათთან ურთიერთობა არ ჰქონია.

„ეს არის ტყუილი, პირადად მე მქონდა კომუნიკაცია აბსოლუტურად ყველა თავმჯდომარესთან. არჩევნების შემდეგ გვქონდა მათთან საუბარი. არ ჰქონდა მნიშვნელობა, ვინ ვის მისცა ხმა. ჩვენ ერთად უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა. რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობის" მთავარ გეგმად და მიზნად რჩება მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა, თავისუფლება. ვფიქრობ, სწორედ ამას უნდა მოემსახუროს ჩვენი გაძლიერება ყველა მუნიციპალიტეტში. ეს არჩევნები მოგვცემს საშუალებას, უფრო ქმედითი, აქტიური გახდეს „ნაციონალური მოძრაობა" როგორც ცენტრალური პოზიციებით, ასევე ყველა მუნიციპალიტეტში. ხელისშემშლელი იქნება ნებისმიერი ჩასაფრებული პოზიცია, რასაც ვისმენთ ჩვენი მეგობრებისგან. ეს არც პარტიას და არც მათ საქმიანობას არ წაადგება", - განაცხადა ბოტკოველმა.

ამასთან, როგორც ბოტკოველმა აღნიშნა, არავის არავისთვის მიუთითებია, მათ შორის არც ია ჯიშკარიანისთვის, რომ თავმჯდომარეობის პოზიციაზე თავისი კანდიდატურა არ დაეყენებინა.

„პირადად ამ კონკრეტულ მოქმედ თავმჯდომარესთან მქონდა კომუნიკაცია, შეხვედრა, საუბარი იმაზე, რომ არაფერს ნიშნავს, დღეს ვინ გახდა თავმჯდომარე. მთავარია, იყო „ნაციონალური მოძრაობის" წევრი, პოზიციონირებდე „ნაციონალური მოძრაობიდან" და არა განაწყენებულის პოზიციიდან. მისი გადაწყვეტილებაა, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ იღებს. ეს არავის მიუთითებია. დღეს მთავარი სამოქმედო გეგმა არის ბრძოლა მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების, სიცოცხლის გადარჩენისა და „ქართული ოცნების" მმართველობის დასრულებისთვის. ამ პროცესში ყველა უნდა ვიყოთ ერთად", - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×