რეზონანსი
13.06.2023

გვიდიანის განცხადებას შეფასებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში. ბანკის ინსტიტუციურ მნიშვნელობაზე საუბრობს უმრავლესობა - მმართველ გუნდში ითქვა, რომ ხელისუფლებაა პასუხისმგებელი იმ შედეგებზე, რასაც მათ შორის საფინანსო ინსტიტუტი დადებს.

"ჩვენი მთავარი ამოცანაა ეროვნულ ბანკში არ შეიქმნას ინსტიტუციური კრიზისი. სწორედ ამას ემსახურება ეს კანონი, რომელიც თავის დროზე მივიღეთ და რომელთან დაკავშირებითაც გვიწევს ახლა ვეტოს გადალახვა.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ როგორც ვეტოს დადება, ასევე საბჭოს წევრების არ წარდგენა შედეგად გამოიღებს ხელოვნური კრიზისის შექმნას.

რა ამოძრავებს პრეზიდენტს ამაში შესვლა არ მინდა, ამაზე არ მინდა კომენტარების გაკეთება, თუმცა ფაქტია, რომ პრეზიდენტის ეს ნაბიჯები არის წამახალისებელი სწორედ ამ ინსტიტუციური კრიზისის, რის პრევენციასაც ჩვენ მიზნად ვისახავთ. ამიტომ, ყველა შემთხვევაში ვეტო უნდა იყოს დაძლეული.

მე არ მინდა ამაში შევიდე, არც კონკრეტული ადამიანის წარსულში, მის დღევანდელ საქმიანობაში, საერთოდ არ მინდა ამ თემაში შესვლა. ჩვენთვის მთავარი ამოცანაა ინსტიტუციური კრიზისი არ გაღრმავდეს, არ შეიქმნას ეროვნულ ბანკში," - აცხადებს "ქართული ოცნების" ლიდერი ირაკლი კობახიძე.

ცნობისთვის, ეკონომიკის ექსპერტი ანდრია გვიდიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდს და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში ადანაშაულებს. ის ეხმიანება საერთაშორისო სავალუტო ფონდის კრიტიკულ განცხადებას, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა და ეხება ეროვნული ბანკის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს. გვდიანი ამბობს, რომ კანონში იცვლება ერთადერთი რამ, ეროვნულ ბანკში დამატებით ჩნდება პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა. სავალუტო ფონდი კი ამბობს, რომ ამ თანამდებობის შემოტანით საფრთხე ექმნება ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას, თუმცა, ამის დასამტკიცებლად ვერავითარი არგუმენტი ვერ მოყავს. ეკონომიკის ექსპერტი აკრიტიკებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელსაც - ექსპერტი გვიდიანი აგენტს ეძახის არჩილ მესტვრიშვილს, რომელიც ბოლო 14 წლის განმავლობაში, 2009 წლის დეკემბრიდან 2023 წლის დეკემბრამდე, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი და ვიცე-პრეზიდენტი იყო.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×