რეზონანსი
14.06.2023

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის შეფასებით,  ეროვნული ბანკის საბჭოს დაკომპლექტებასთან კანონპროექტი საერთოდ არაფერ კავშირში არ არის, არავითარი შეხება არ აქვს.

„იქ არ არის ან პრეზიდენტის კომპეტენციის, ან საბჭოს კომპეტენციების ცვლილებაზე საუბარი და არაფერი არ იცვლება. საქართველოს პრეზიდენტს ამ დრომდე რა უფლებებიც ჰქონდა, იგივე უფლებები რჩება ნომინირებასთან დაკავშირებითაც, დანიშვნასთან და აბსოლუტურად ყველაფერთან დაკავშირებით. იგივე რჩება პარლამენტს. ყველაფერი უცვლელად რჩება, ასეთია ფონი“, – განაცხადა სარჯველაძემ.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, ეროვნული ბანკი რაც შეიძლება, სრულფასოვნად იყოს დაკომპლექტებული, რომ ფუნქციური თვალსაზრისით გარკვეული ჩიხები არ შეიქმნას.

„რაკი თავის დროზე კანონმდებელმა ჩათვალა, ე.ი. ასეა და ცხრა არ არის ჰაერიდან მოსული რიცხვი. რა თქმა უნდა, უკეთესია, რომ საბჭო სრულფასოვნად ფუნქციონირებდეს და ამ რიცხვის კლება, რასაკვირველია, უარყოფითად აისახება ეროვნული ბანკის გამართულ ფუნქციონირებაზე. იქ საქმე მართლაც ძალიან ბევრია და ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება, სრულფასოვნად იყოს დაკომპლექტებული ეროვნული ბანკი, რომ რაღაც გარკვეული ჩიხები არ შეიქმნას ფუნქციური თვალსაზრისით. ეს არ არის უბრალოდ პირთა სიმრავლე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მათ შორის, სექტორულადაც დასანაწევრებელია და ყველაფერი სხვა“, – განაცხადა სარჯველაძემ.

როგორც მან აღნიშნა, კანონს აქვს ხოლმე ძირითადი ტექსტი, სადაც შეთავაზებულია, რომ დღესაც არის სამი ვიცე-პრეზიდენტი და რჩება სამი ვიცე-პრეზიდენტი, უბრალოდ, ერთ-ერთი მათგანი იქნება პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ოპონენტები კი ცდილობენ, ეს არ თქვან.

„დისკუსიის სიმძიმის ცენტრი სრულიად სხვა მიმართულებაზე იყო გადატანილი. ამაშია პრობლემა, რომ იქ შეთქმულების თეორიების ამოკითხვას ცდილობდნენ და მთელი დღე ამის იქით ტრიალებდნენ“, – განაცხადა სარჯველაძემ.

მიხეილ სარჯველაძემ ასევე განაცხადა, რომ ლაშა ხუციშვილს კვალიფიკაციას ვერავინ უწუნებს და ის იდეალური კანდიდატია, მაგრამ, როგორც ჩანს, მის კანდიდატურასთან მიმართებით არის დეფიციტი და შესაბამისად, ამ უპირატესობის და საკითხის ჩიხში მოსაქცევად მანიპულაციებს აქვს ადგილი.

„ცდილობენ, ისე წარმოაჩინონ, თითქოს ეს კანონპროექტი ლაშა ხუციშვილის გაყვანის მეთოდია, მაგრამ ეს ტყუილია. ასე იყო წარმოჩენილი და ეს არ იყო სწორი. სხვათა შორის, ეს ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა კოლეგამ პრაქტიკულად კიდეც დაადასტურა, როდესაც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს მოუწოდა, რომ მას ესაუბრა არა ამ არგუმენტებზე, არამედ სხვა არგუმენტებზე. ის საუბრობდა ზედმიწევნით კანონპროექტის ავკარგიანობასთან დაკავშირებით, მოტივირებული შენიშვნების ახსნას ცდილობდა და მას უთხრეს, რომ ეს არავის არ აინტერესებს სინამდვილეში. სრულიად სხვა, ასე ვთქვათ, ქვეტექსტების ირგვლივ დისკუსიის მსურველები იყვნენ და ამაშია პრობლემა“, – განაცხადა სარჯველაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×