რეზონანსი
17.06.2023

11 წლის მარიამ ბარაბაძის დედა, რომელიც დიდ დიღომში, გუშინ გვიან ღამით რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც მარიამის დაკარგვის მიზეზებზე საუბრობს.

როგორც მარინა ვაშალომიძე წერს, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს ბავშვმა ძვირადღირებული მობილური დაკარგა და ამის გამო მას ეჩხუბნენ.

„ჩვენი მარიამი კარგადაა! სახლშია, მშობლებთან და საკუთარ და-ძმასთან ერთად! მადლობა უფალს! მადლობა თქვენ, კეთილო ადამიანებო, ვინც გულთან ასე მიიტანეთ ჩვენი ოჯახის ამბავი!

მესმის, ძალიან დიდია დაინტერესება თუ რა მოხდა, რა გახდა მიზეზი, რომ ბავშვი დაიმალა და მისი მეგობარი ძაღლის სახლში ჩაეძინა. მარიამი იზრდება სიყვარულით სავსე ოჯახში, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია თითქოს ძვირადღირებული მობილური დაკარგა და ამის გამო მას ეჩხუბნენ, (მობილური ნამდვილად დარჩა ეზოში, რომლის ღირებულებაც 40 ლარს არ აღემატება). მსგავსი თემა არასდროს ყოფილა ოჯახში კონფლიქტის საბაბი. ამ დრომდე ჩვენთვისაც უცნობია რა გახდა მისი ამ გადაწყვეტილების მიზეზი.

მარიამს ძალიან უყვარს ცხოველები, გუშინ წინ მოუკვდა ბარტყი, რომელსაც ძალიან უვლიდა და ეს მისთვის საკმაოდ სტრესული ემოცია იყო.

გუშინდელმა დღემ გვაჩვენა, რომ უამრავი მხარდამჭერი ჰყავს ჩვენს ოჯახს, ვმუშაობთ გამოცდილ სპეციალისტებთან და ახლობლებთან ერთად, დარწმუნებულები ვართ მარიამთან ერთად ვიპოვით მიზეზებს და საუკეთესო გამოსავალს.

მადლიერი ვარ და მიყვარხართ ყველა, ვინც ჩვენთან ერთად იდექით, დიდი თუ პატარა, მაშველი თუ პოლიციელი, ჩინოსანი თუ უბრალოდ გულანთებული ადამიანი! კინოლოგების ძაღლი, რომელმაც კვალზეც გაგვიყვანა!

ამ ჯადოსნურ ღამეს უბანში არ დარჩენილა არც ერთი ბუჩქი, ხის ძირი და კუთხე-კუნჭული, რომელსაც ციცინათელები არ ანათებდნენ. მადლობა ამ ერთობისთვის! მადლობა დიდ დიღომს და მთელ თბილისს გვერდში დგომისთვის!", - წერს მარინა ვაშალომიძე facebook-ზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×