რეზონანსი
10.07.2023

საქართველოს ყველა ინსტრუმენტი აქვს ნატო-ში გაწევრიანებისთვის, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის ბუნდესტაგის პრეზიდენტთან, ბერბელ ბასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც პაპუაშვილი განმარტავს, იმაზე საუბარი, თითქოს, საქართველო ინსტიტუციურად მზად არ არის შემდეგი ეტაპისთვის, საბაბია და არა მიზეზი.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმითვე, საერთო ღირებულებებისა და საერთო მშვიდობისთვის სადაც საბრძოლი იყო, საქართველომ ყველგან იბრძოლა, რითაც მან ნატო-ს წევრ ქვეყნებზე მეტიც გააკეთა.

„რაც შეეხება ნატო-ს, ნატო-ში წევრობას, ვფიქრობ, რუსეთის მერამდენე განმეორებითმა აგრესიამ და იმ ვითარებამ, რაც რეგიონშია, ერთი რამ გვაჩვენა, რომ თუკი, სადმე მშვიდობის საზღვარია, ეს ნატო-ს საზღვარია, ამას პირდაპირ, ღიად ვხედავთ, თუ სად გადის ეს მშვიდობის ხაზი. ამიტომ, რა მისწრაფებაც აქვს საქართველოს და ქართველ ხალხს, რომ ისევე როგორც სხვა ქვეყნები, ჩვენც ვიყოთ, ნატო-ს უსაფრთხოების ქოლგით დაფარული, მნიშვნელოვანია, ამას ნატო-ს მხრიდან ადეკვატური გამოხმაურება ჰქონდეს. 2008 წელს ითქვა, რომ ნატო-ს კარები ღიაა, თუმცა, ღია კარის პოლიტიკა მხოლოდ ღია კარის პოლიტიკად რჩება და წინ ამ მხრივ, დიდად გადადგმული ნაბიჯები არ არის. ამიტომ, მნიშვნელოვანია, პროგრესი იყოს... თავად ნატო-ს წევრი ქვეყნებიც დარწმუნდნენ იმაში, რომ მნიშვნელოვანია უფრო მეტი სიცხადე. ბუნდოვანება, რომელიც 2008 წლიდან გვქონდა, მხოლოდ რისკებს აღრმავებს.

რაც შეეხება სახელმწიფოების მზაობას, ვფიქრობ, საქართველოს მიმართ მიუხედავად იმისა, რომ საუბარია ამა თუ იმ რეფორმაზე, ეს უფრო საბაბია, ვიდრე მიზეზი - არანაირი მიზეზი ჩვენი ინსტიტუციური განვითარების მხრივ ნატო-ს არ აქვს, რომ შემდეგ ეტაპზე არ გადავიდეთ. ნებისმიერი, სანდო საერთაშორისო კვლევების მიხედვით, საქართველო ნატო-ს წვერ ბევრ ქვეყანას უსწრებს სხვადასხვა ასპექტით. მაგალითისთვის გეტყვით, გამჭვირვალობის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, ასევე, ეკონომიკური თავისუფლების ინდექსების მიხედვით, საქართველო ნატო-ს 15 წევრ ქვეყანას უსწრებს, კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულების ინდექსის მიხედვით, საქართველო ნატო-ს 4 წევრ ქვეყანას უსწრებს, ამიტომ აქ საუბარი იმაზე, თითქოს საქართველო ინსტიტუციურად მზად არ არის შემდეგი ეტაპისთვის, ეს არის საბაბი და არა მიზეზი. რაც შეეხება სამხედრო მზაობას, ჩვენი სამხედრო კონტინგენტის 80% სხვადასხვა სახით იყო ჩართული ნატო-ს სხვადასხვა ღონისძიებაში, მათ შორის, საერთაშორისო მისიებში. გარდა ამისა, ჩვენი კონტრიბუცია უსაფრთხოების საკითხებში, რიგ შემთხვევაში, ნატო-ს წევრი ზოგიერთი ქვეყნის კონტრიბუციას უსწრებს. სადაც საბრძოლი იყო საერთო ღირებულებების და საერთო მშვიდობისთვის, საქართველომ ყველგან იბრძოლა, ამ მხრივ, ნატო-ს წევრ ქვეყნებზე მეტიც იბრძოლა, ამიტომ მნიშვნელოვანია, ეს დამოკიდებულება, რაც საქართველოს აქვს ნატო-ს მიმართ, შესაბამისად დაფასდეს.

რაც შეეხება მაპ-ს, საქართველოსთან მიმართებით არაერთხელ ითქვა და შესაბამის დოკუმენტებშიც არის ჩაწერილი, რომ საქართველოს ყველა საჭირო ინსტრუმენტი აქვს იმისთვის, რომ ნატო-ს წევრი გახდეს, ეს გარკვეული მინიშნებაა, რომ მაპ-თან დაკავშირებული საკითხი შეიძლება არც დადგეს, ჩვენ ყველა შესაბამისი ინსტრუმენტი გვაქვს, რომ ქვეყანა მოემზადოს და ნატო-ს წევრი გახდეს. ფინეთის მაგალითზე და ახლა შვედეთის მაგალითსაც სავარაუდოდ, მალე ვნახავთ, ეს ინსტრუმენტები მხოლოდ პირობითობაა, მთავარი ქვეყნის მზაობა და პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, თუ ეს ორი საკითხი სახეზეა, მაპ-ს თუ სხვა ინსტრუმენტებს, საჭიროება არ აქვს. უკრაინასთან მიმართებაში ვერ გეტყვით, მაგრამ საქართველოსთან ეს საკითხი დიდი ხანია, განსჯის საკითხია. საქართველოს ყველა ინსტრუმენტი აქვს ნატო-ში გაწევრიანებისთვის", - განაცხადა პაპუაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×