რეზონანსი
14.07.2023

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ უკრაინის რადაში მიხეილ სააკაშვილის შეწყალების თაობაზე დაინიცირებულ პროექტთან დაკავშირებით ისაუბრა.

როგორც ირაკლი ზარქუა აცხადებს, არახამიას ინიციატივა უკავშირდება იმას, რომ სააკაშვილი პატიმრობიდან დაიხსნან.

„არახამიასა და გორჩარენკოსნაირები რაც უნდა ინიციატივით გამოვიდნენ, ჩვენთვის უინტერესოა. ეს ის ადამიანები არიან, ვინც თავიანთ ქალაქში, ქუჩაში ვერ გამოდიან. გინახავთ, არახამია სადმე იბრძოდეს? ან ერთი ან მეორე იარაღით ხელში სადმე გინახავთ? ესენი არიან ხელმოცარული პოლიტიკოსები, შემთხვევით მოხვედრილი რადასა და უკრაინის პოლიტიკაში. ვინ არიან და რას წარმოადგენენ, ამას უკრაინელი ხალხი უკვე კარგად აცნობიერებს. უსამშობლოების გაერთიანებაა, უკრაინის რადაში მოხვედრილი. მათი ინიციატივა უკავშირდება იმას, რომ სააკაშვილი პატიმრობიდან დაიხსნან. არ გამოვრიცხავ, არახამიას ფული ჰქონდეს აღებული, ამაზე წამსვლელია, რადგან უსამშობლო კაცია, რომელსაც არაფრად ადარდებს არც უკრაინის და არც საქართველოს ბედი. ქართველი ვარო და ქართველ ხალხს რუსულად გველაპარაკება", - განაცხადა ზარქუამ.

ზარქუას თქმით, ყველა სახელმწიფო თავისი ინტერესებით მოქმედებს და ნატო-მ ეს კიდევ ერთხელ ცხადყო.

„უკრაინელი ხალხის ტრაგედიას რასაც ვხედავთ, ეს ჩვენ გამოვლილი გვაქვს. რუსეთის აგრესიიდან გამომდინარე ტერიტორიების დაკარგვა, ახალგაზრდებია დაღუპვა, ნატო-ს გაუბედავი ნაბიჯები, ეს ყველაფერი 2008 წელს გამოვიარეთ, როცა გვიფუთავდნენ „ნაცმოძრაობის" წარმომადგენლები, რომ მაპ-ზე უკეთესი მივიღეთო. გული მტკივა, რადგან ზუსტად ვიცოდით, ეს ასე დასრულდებოდა. უკრაინას გამძლეობას, მშვიდობას და ომის მალე დასრულებას ვუსურვებ, რადგან ამას ალტერნატივა არ გააჩნია. ყველა სახელმწიფო თავისი ინტერესებით მოქმედებს და ნატო-მ ეს კიდევ ერთხელ ცხადყო. ყველას თავისი ინტერესი აქვს. საქართველო მზად არის ნატო-ს წევრობისთვის, მაგრამ ნატო არ არის მზად. როცა ნატო გაბედული იქნება, მაშინ იქნება უკრაინისა და საქართველოსთვის მეტი უსაფრთხოება", -აღნიშნა ზარქუამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×