რეზონანსი
14.07.2023

44 ევროპარლამენტარიდან არცერთ არ აქვს ხედვა იმის თაობაზე, თუ რაში მდგომარეობს კონკრეტული საჭიროება, რის გამოც მიხეილ სააკაშვილის ევროკავშირის რომელიმე სახელმწიფოში გადაყვანას ითხოვენ, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე განაცხადა.

სარჯველაძის თქმით, ისინი დასკვნებს სატელევიზიო სიუჟეტებით აკეთებენ, კვალიფიციურ, სერიოზულ და დამაჯერებელ საფუძველს არ ეყრდნობიან.

„ისინი ვერცერთ შემთხვევაში ვერ შეძლებენ, თქვან, კონკრეტული სამკურნალო პროცედურა, რომელიც სააკაშვილს სჭირდება ან ითხოვს და რომელზეც საქართველოში სერვისი არ არის უზრუნველყოფილი. ასეთ ფონზე ყველა ხვდება, რომ ეს არის რეალობა და დასკვნებს სატელევიზიო სიუჟეტებით აკეთებენ, რაიმე კვალიფიციურ, სერიოზულ და დამაჯერებელ საფუძველს არ ეყრდნობიან. რასაკვირველია, ასეთ ფონზე მოწოდება მოგვიწევს, რომ ევროპარლამენტარები ცოტა მეტად დაინტერესდნენ, მეტი სიღრმით და ნუ გახდებიან ბრმად შემართულები იმ პიარული სტრატეგიის, რომელიც ჯერ კიდევ ცოტა ხნით ადრე სააკაშვილმა და მისმა გარემოცვამ დაისახეს. როგორც ჩანს, თავად სააკაშვილიც კი, ამ სტრატეგიას აღარ ლობირებს, რომელიც თავად მის ჯანმრთელობაზე დაგეგმა.

ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ დღეს სააკაშვილის ყველა საპატიმრო უფლება პირნათლად და ზედმიწევნით არის დაცული. ასეთი განცხადებებისას და ამ თემასთან შეხებისას აუცილებელია, ყველამ პატივი სცეს სუვერენული სახელმწიფოს, საქართველოს. არ შეიძლება, განცხადებების ისე ხელაღებით კეთება თითქოსდა ხელწამოსაკრავი იყოს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ცოტა მეტი პატივისცემით მოეპყრონ. არ შეიძლება, ვინმეს ქვეყანაში უხაროდეს საკუთარი სახელმწიფოს დაკნინება და დამცირება", - განაცხადა სარჯველაძემ.

44 ევროპარლამენტარისგან შემდგარი ჯგუფი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში, სადაც ის საჭირო სამედიცინო დახმარებას მიიღებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×