რეზონანსი
14.07.2023

მაქვს საფუძველი ვთქვა, რომ სააკაშვილმა მოულოდნელად, შეუთანხმებლად მიატოვა ის როლი, რომელიც მას ჰქონდა მიწერილი - ეს იყო ავადმყოფი, მომაკვდავი, მოწამლული ადამიანის როლი და პოლიტიკურ ველზე გამოიჭრა, - ასე შეაფასა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ევროპარლამენტარების განცხადება, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ ევროკავშირის წევრ ერთ-ერთ სახელმწიფოში გადაიყვანონ.

გია ვოლსკის შეფასებით, სააკაშვილთან დაკავშირებული „ის პროპაგანდისტული ხაზი, რაშიც არაერთი მილიონი დაიხარჯა, საკმაოდ სერიოზული საფრთხის ქვეშ დადგა".

„რასაკვირველია, დღეს "ნაციონალურ მოძრაობაში" მისი ლიდერობა არ სჭირდებათ, აქ სხვა თემებზეა საუბარი, ხოლო ის პროპაგანდისტული ხაზი, რაშიც არაერთი მილიონი დაიხარჯა, საკმაოდ სერიოზული საფრთხის ქვეშ დადგა. სახელმწიფო დახატეს, როგორც ურჩხული, ვინც მესამე პრეზიდენტს აწამებს და ეს პიარული სვლა არ უნდა იყოს დღის წესრიგიდან მოხსნილი. აქედან გამომდინარეობს ის პათოსი, რომელიც ჩამოყალიბებულია ამ განცხადებაში. შესაძლოა, არის გარკვეული ემოციაც ზოგიერთის მხრიდან, მაგრამ პრაგმატული პოლიტიკა ყოველგვარ ემოციას და პიარულ დამოკიდებულებას სჭარბობს", - განაცხადა ვოლსკიმ.

როგორც მან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის აქტიურობა მიუთითებს იმას, რომ ის აღარ არის ავად.

"სააკაშვილს აღარ სჭირს დემენცია, დაიწყო გამოჯანმრთელება და უფრო მეტიც, მან უარი თქვა თავისთვის განკუთვნილ როლზე, რომ ყოფილიყო პოლიტიკური სტრატეგიის მძევალი, რასაც რევოლუციური პროცესის განვითარება ჰქვია. იგი გამოიჭრა, როგორც "ქვინის" ცნობილ სიმღერაშია, თავისუფლება მოითხოვა, პოლიტიკურ ასპარეზზე გაიჭრა და მას იმ წუთში მიუთითეს, რომ მისი ადგილი არის სარეცელზე, სადაც მან უნდა ითამაშოს მომაკვდავი, მოწამლული პრეზიდენტის როლი, რათა სახელმწიფოს ამით უფრო მეტი ზიანი მოაყენოს. მისი პოლიტიკური ლიდერობა დღეს არავის სჭირდება", -განაცხადა ვოლსკიმ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×